შიდსის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 1 დეკემბერს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს გენერალური ანსამბლეის მიერ 1988 წელს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება. საქართველო ყოველწლიურად უერთდება შიდსის მსოფლიო დღის აღნიშვნას.
ამ დღის მიზანს აივ-ინფექცია/შიდსთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ყურადღების გამახვილება და აივ/შიდსის მიმართ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს. ყოველწლიურად შიდსის მსოფლიო დღე გარკვეულ თემას ეძღვნება. 2022 წლის მსოფლიო დღის კამპანიის გზავნილია: „გავხდეთ თანასწორნი!“
მიმდინარე წელს შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეს, გაეროს შიდსის პროგრამა (UNAIDS) მოგვიწოდებს აღმოიფხვრას უთანასწორობა, რომელიც აფერხებს მსოფლიოს წინსვლას შიდსის დასრულებაში 2030 წლისთვის.
მსოფლიოში 2030 წლისთვის აივ ინფექცია/შიდსის ეპიდემიის დამარცხება შეუძლებელი იქნება პროგრამების წარმატებული განხორციელების უპირველესი ბარიერების – უთანასწორობის, სტიგმისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის გარეშე. სტიგმა და უთანასწორობა ამცირებს სერვისების სარგებლიანობას, ხელს უწყობს დაავადების გვიან სტადიაზე გამოვლენას და არაეფექტიანს ხდის პაციენტის მკურნალობას.
რა არის აივ ინფექცია
აივ ინფექცია არის ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით (აივ) გამოწვეული ინფექცია, რომლის ბოლო კლინიკურ სტადიასაც წარმოადგენს შიდსი – შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი.
არსებობს აივ ინფექციის გადაცემის 3 ძირითადი გზა:
- ინფიცირებულ სისხლთან ექსპოზიცია – სისხლის გადასხმა, აივ-ით ინფიცირებული ინექციების და სხვა ინვაზიური მანიპულაციებისას არასტერილური დაბინძურებული სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენებით. ყველაზე ხშირად გადაცემა ნარკოტიკების ინექციური მოხმარებისას ხდება აივ ინფიცირებული სისხლით დაბინძურებული შპრიცებისა და ნემსების გამოყენებით.
- დაუცველი სქესობრივი კონტაქტი აივ ინფიცირებულ პირთან.
- ინფიცირებული დედიდან ბავშვზე ორსულობის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების შედეგად.
ვირუსი არ გადაეცემა აივ–ინფიცირებულთან:
- ხელის ჩამორთმევით, მოხვევით, კოცნით
- დახველებით, ცემინებით
- საერთო საკვების ან ჭურჭლის გამოყენებით
- საერთო ტუალეტით ან აბაზანით სარგებლობით
- საცურაო აუზით სარგებლობით
- კოღოსა და მწერების ნაკბენით
- აივ-ინფიცირებულთან ურთიერთობა სამუშაო, საზოგადოებრივ და საყოფაცხოვრებო გარემოში
აივ/შიდსი კვლავ რჩება მსოფლიოში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად, განსაკუთრებით დაბალ და საშუალო შემოსავლების ქვეყნებში.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში 78 მილიონი ადამიანია ინფიცირებული და 39 მილიონი გარდაცვლილი. 2013 წლის ბოლოსთვის მსოფლიოში 35 მილიონი აივ ინფიცირებული იყო.
2022 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით საქართველოში ანტირეტროვირუსულ თერაპიას იტარებს 5968 პაციენტი.
გაეროს შიდსის პროგრამის შეფასებით სამიზნეებთან მიმართებაში 2021 წლის ბოლოს საქართველოს მიღწევები შემდეგია:
გამოვლენილია აივ ინფექცია/შიდსით დაავადებულთა 88%
მკურნალობის პროგრამაში ჩართულია აივ ინფიცირებულთა 81%
ვირუსული დატვირთვა განულებულია 94%-ში, ქალ პაციენტებში 95%-ში.
აივ ინფექცია/შიდსის დიაგნოსტიკა და მკურნალობა დღეს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის ხელმისაწვდომია და მთლიანად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
არსებობს აივ ინფექციის გადაცემის პრევენციის რამდენიმე გზა:
- უსაფრთხო სექსის პრაქტიკა პრეზერვატივების გამოყენებით
- სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების, მათ შორის აივ ინფექციის, ტესტირება და მკურნალობა
- ინექციური ნარკოტიკების მოხმარებისგან თავის შეკავება, მოხმარების შემთხვევაში ახალი და ერთჯერადი ნემსის და შპრიცის გამოყენება
- სისხლისა და სისხლის პროდუქტების აივ ინფექციაზე ტესტირების უზრუნველყოფა
- დედიდან შვილზე ინფექციის გადაცემის პრევენცია
აივ ინფიცირებული დედიდან ბავშვზე შიდსის ვირუსის გადაცემის რისკი 2% – მდე მცირდება, თუ ორსულს ჩაუტარდება: ანტირეტროვირუსული თერაპია, საკეისრო კვეთა, სათანადო კონსულტაცია ბავშვის ხელოვნურ კვებასთან დაკავშირებით.
2022 წლის 1 დეკემბერს, ჯანმო მოუწოდებს გლობალურ ლიდერებსა და ქვეყნების მოქალაქეებს, გაერთიანდნენ შიდსის მართვაში უთანასწორობის დასამთავრებლად.
დევიზი „გავხდეთ თანასწორნი!“ არის მოწოდება მოქმედებისკენ, მოთხოვნა ძალისხმევის გაძლიერებისთვის უთანასწორობის აღმოსაფხვრელად და შიდსის დასამარცხებლად. ამ მიზნის მისაღწევად კი საჭიროა შემდეგი ღონისძიებების გატარება:
- აივ ინფექციის მკურნალობის, ტესტირებისა და პრევენციის სერვისების ხელმისაწვდომობის და ხარისხის გაზრდა
საზოგადოებებმა უნდა გამოიყენონ და განავრცონ გზავნილი – „გავხდეთ თანასწორნი!”, რათა ხაზი გაუსვან კონკრეტულ უთანასწორობებს და სტიმული მისცენ მათ მოსაგვარებლად საჭირო ქმედებებს.
კანონების, პოლიტიკისა და პრაქტიკის განახლება აივ-ინფიცირებული ადამიანების, მაღალი რისკის ჯგუფებისა და მოწყვლადი მოსახლეობის სტიგმის, გარიყულობისა და დისკრიმინაციის დასაძლევად
სამკურნალო და სადიაგნოსტიკო ტექნოლოგიებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის გაზრდა, რათა გლობალურ დონეზე შესაძლებელი გახდეს მეცნიერებისა და მართვის თანამედროვე მიდგომებზე თანაბარი წვდომა.
მასალა მომზადებულია ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის მიერ






