ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ, 1988 წლის მიღებული გადაწყვეტილებით, 1 დეკემბერი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. ამ დღეს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ადამიანები სხვადასხვა აქტივობით ერთიანდებიან, რათა აივ ინფიცირებულებს სოლიდარობა გამოუცხადონ. შიდსთან ბრძოლის დღე, ჩვენს ქვეყანაშიც ყოველწლიურად იმართება და აღნიშნული ინფექციის მიმართ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ემსახურება – სწორედ ამ თემის ირგვლივ ბოლნისის პირველადი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრი „ტრიომედი“-ს ექიმ-ინფექციონისტი მთვარისა ყუბანეიშვილი გვესაუბრება.
შიდსი ნელა პროგრესირებადი ინფექციური დაავადებაა, მას იწვევს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ). ვირუსი ადამიანის ორგანიზმში შეჭრის შემდეგ, აზიანებს ორგანიზმის იმუნურ (დამცველ) სისტემას და მწყობრიდან გამოჰყავს იგი, რის შემდეგაც ინფიცირებულ პირს ადვილად უჩნდება სხვადასხვა ინფექციური და სიმსივნური დაავადება.
მართალია აივ ინფექციას პათოგენური კლინიკური ნიშნები არ გააჩნია, მაინც შეიძლება გამოიყოს სიმპტომებისა და დაავადებების ჯგუფი, რომელთა დროს პირველ რიგში ეჭვი უნდა იქნას მიტანილი აივ ინფექცია/შიდსზე, ესენია:
-არამოტივირებული ცხელება;
-წონაში კლება სხეულის მასის 20%-ით და მეტად ძლიერი საერთო სისუსტე;
-ოფლიანობა;
-ლიმფური კვანძების გადიდება;
-ფაღარათი;
-სხვადასხვა სახის გამონაყარი კანსა და ლორწოვანზე, თეთრი ფერის ნადები ენაზე;
-გახანგრძლივებული ფილტვების ანთება, რომელიც ცუდად ექვემდებარება ჩვეულებრივ ანტიბაქტერიულ თერაპიას;
-ნერვული სისტემის სხვადასხვა სახის დაზიანება: დემენცია, მენინგიტი, ენცეფალიტი, მიელოპათია, პერიფერიული ნეიროპათია და სხვა.
აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ეპიდემიოლოგიური მონაცემები (მაღალი რისკის ჯგუფები, აივ ინფიცირებულთან კონტაქტი და სხვა).
როგორ დავიცვათ თავი დაინფიცირებისგან:
აივინფექციისგან დამცავი ვაქცინა ჯერჯერობით არ აღმოუჩენიათ, ამიტომ, გადავურჩებით თუ არა ვირუსს, მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული.
-არასოდეს გამოიყენოთ სხვისი ნემსი, სამართებელი თუ ჯაგრისი;
-თუ სისხლთან შეხება მოგიწევთ, გამოიყენეთ რეზინის ხელთათმანი;
-სამედიცინო მანიპულაციის ან კოსმეტოლოგთან ვიზიტისას დარწმუნდით, რომ ყველა ინსტრუმენტი სათანადო წესით არის გასტერილებული;
-და რაც მთავარია, სქესობრივი კავშირის, მით უფრო შემთხვევითი კონტაქტის დროს, უთუოდ გამოიყენეთ ბარიერული დაცვის საშუალება (პრეზერვატივი).
შიდსის პრევენციის საუკეთესო გზა – სწრაფი, უფასო და ანონიმური ტესტირების პროგრამაა, რომელსაც ახორციელებს „შიდსის ჯანდაცვის ფონდი“ 2020 წლიდან.