ხელოვნება ხშირად იწყება უბრალო გატაცებით, რომელიც დროთა განმავლობაში ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილად იქცევა. ციცო ჭინჭარაშვილისთვის თოჯინების შექმნა,მხოლოდ ხელსაქმე არარის , ემოცია, ფანტაზია და შინაგანი სამყაროს გამოხატვაა. მისი თოჯინები განსაკუთრებული სითბოთი და ხასიათით გამოირჩევა, თითქოს თითოეულს საკუთარი ისტორია აქვს. გარდა ამისა, იგი ძველ და დავიწყებულ ნივთებს ახალ სიცოცხლეს სძენს, თუმცა მისი შემოქმედების მთავარი ღერძი მაინც თოჯინებია- პატარა, მაგრამ სიცოცხლით სავსე ქმნილებები. გთავაზობთ ინტერვიუს, რომელშიც ავტორი გვიყვება საკუთარ გზაზე, შთაგონებასა და იმ მაგიაზე, რომელიც მის ნამუშევრებს ახლავს.
-მოგესალმებით, ქალბატონო ციცო. როგორ დაიწყო თქვენი გზა თოჯინების სამყაროში, რა იყო პირველი იმპულსი?
-ჩემი გზა თოჯინების სამყაროში სკოლიდანვე დაიწყო, სკოლაში გვასწავლიდნენ კერვას, ქსოვას, ეს საქმიანობა ძალიან შემიყვარდა.
–გახსოვთ თქვენი პირველი თოჯინა? როგორი იყო ის და რა ემოცია უკავშირდება მის შექმნას?
– ჩემი პორველი თოჯინა იყო ბეწვიანი, ფუმფულა ფისო, რომელიც შევკერე. მახსოვს, ძალიან მიხაროდა, რომ გამომივიდა.
-თოჯინის შექმნის პროცესში,რა ეტაპია თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი? იდეის დაბადება, ფორმის მიცემა თუ„ხასიათის“ შეძენა?
-მნიშვნელოვანი ის არის, რომ ყოველთვის ვფიქრობ, მალე დავამზადო, რომ საბოლოო სახე ვნახო თუ როგორი გამოვა. იდეა რომ ჩნდება, ერთი სული მაქვს როდის შევკერავ ლამაზ დედოფალას.
–თოჯინის შექმნისას წინასწარ გაწერილი იდეით მუშაობთ, თუ პროცესი თავად გკარნახობთ შედეგს?
-წინასწარაც მაქვს იდეები და თვითონ პროცესიც მკარნახობს.
-რა მასალებს იყენებთ ყველაზე ხშირად და როგორ არჩევთ მათ კონკრეტული თოჯინისთვის?
– მუშაობის პროცესში ყველანაირ მასალას ვიყენებ. ნაჭრებს, სინდიფონის სილიკონს, კარდონებს, ცხელ წებოს და ა.შ.
-რამდენად რთულია თოჯინის„დასრულება“ , გიჭირთ თუ არა მასთან განშორება?
-რთული არ არის დასრულება, ჩემთვის უფრო სასიამოვნოა შრომის შედეგს რომ ვხედავ. განშორება არ მიჭირს, თუ ვინმეს მოსწონს ჩემი ნამუშევრები, ვჩუქნი.
-თქვენი აზრით, რამდენად შეიძლება თოჯინა ჩაითვალოს ხელოვნების ნიმუშად და არა მხოლოდ სათამაშოდ?
-რა თქმა უნდა, ხელოვნების ნიმუშია ხელნაკეთი თოჯინა, ის ხომ იდეებით იქმნება. ჩემი აზრით, ხელნაკეთი თოჯინა სუვენირივით უნდა დადო და უმზირო.
-არსებობს თუ არა თოჯინა, რომელიც განსაკუთრებულად გამორჩეულია თქვენთვის და რატომ?
-განსაკუთრებული თოჯინა არ მაქვს, მაგრამ ყველა თოჯინის მზადების პროცესი განსაკუთრებულია ჩემთვის.
არა ერთ ძველ და თითქოს უსარგებლო ნივთს სძენთ ახალ სიცოცხლეს, როგორ ხედავთ ამ პროცესს: უფრო პრაქტიკული მიდგომაა თუ შემოქმედებითი ფილოსოფია?
-ვფიქრობ, ორივე. როგორც პრაქტიკული, ისე შემოქმედებითი პროცესია.
-ყოფილა შემთხვევა, როცა ძველ ნივთს„მოუთხოვია“ კონკრეტულ თოჯინად,ან სხვა ნივთად ქცევა? თითქოს თავად გიკარნახათ, რა უნდა შექმნილიყო?
-კი, თითქოს ნივთი მელაპარაკება, რომ რაღაც ცვლილება უნდა შევიტანო მასში.
-21 მარტი მეთოჯინის დღეა, რას ნიშნავს თქვენთვის ეს პროფესია და თუ აღნიშნავთ ამ დღეს?
-აღნიშვნით არა, მაგრამ ეს პროფესია ჩემთვის განსაკუთრებულია.
-რას ურჩევდით მათ, ვინც ხელოვანია, აქვს შემოქმედებითი ნიჭი, თუმცა პირველი ნაბიჯების გადადგმა უჭირს?
-დაწყება ყოველთვის რთულია, თავიდან მეც მიჭირდა ამ ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ უნდა გაბედო და თამამად აკეთო შენი საქმე.









