„ხაზებს მიღმა — გიგა ტატუაშვილის სიჩუმის ენა“
გიგა ტატუაშვილი არის ახალგაზრდა ხელოვანი კაზრეთიდან. გიგას შავ-თეთრი ნახატები მეტყველებს იმაზე, რისი სიტყვებით გადმოცემაც რთულია. მისთვის ხატვა არ არის მხოლოდ ფორმების, ან ფერების თამაში — ეს არის განცდის, ემოციისა და სიჩუმეში დაგროვილი ფიქრების გადმოტანა ქაღალდზე. ტუშით შესრულებული დეტალური ნამუშევრებით გიგა ქმნის მყუდრო, თუმცა მძლავრ სივრცეს, სადაც ხაზები საკუთარ ენაზე ლაპარაკობენ. გიგა გვესაუბრება იმ გზაზე, რომელმაც ბავშვობის ინტერესიდან, დღევანდელ შემოქმედებამდე მოიყვანა, საკუთარ სტილზე, შთაგონებაზე და ოჯახში ხელოვნების განსაკუთრებულ ადგილზე.
–გიგა, მოგესალმებით, სანამ ნახატებზე გადავალთ, გვითხარი ცოტა შენ შესახებ — ვინ არის გიგა ტატუაშვილი, როგორ მოხვდი ხელოვნებაში?
-გამარჯობა, მე ვარ გიგა ტატუაშვილი, 24 წლის. დავიბადე და გავიზარდე კაზრეთში. დავამთავრე კაზრეთის 1-ლი საჯარო სკოლა. ვარ დაოჯახებული -მყავს მეუღლე და ერთი ულამაზესი გოგონა, ორივე მათგანი ძალიან მიყვარს. რაც შეეხება ხელოვნებას, ბავშვობიდანვე ვხატავდი. სკოლის დროს დავდიოდი წრეებზე, მაგრამ მალევე გამოვდიოდი. მოგეხსენებათ, ბავშვებს სხვადასხვა მისწრაფებები აქვთ და ყოველთვის სურთ “ახალი ხილის“ გასინჯვა. ხელოვნებას თავი მალევე დავანებე და მე-11 მე-12 კლასში, უკვე პოეზია მიზიდავდა, ვკითხულობდი ლექსებს, სკოლის არა ერთ პოეზიის საღამოზე მიმიღია მონაწილეობა. ასევე კაზრეთის კულტურის სახლის ღონისძიებებზე, მაგრამ ამისდა მიუხედავად, ხატვა და ხელოვნება ჩემში იყო, სკოლის დამთავრების შემდეგ, დავუბრუნდი ისევ ხელოვნებას და მოგეხსენებათ, ხელოვანების გამონათქვამი – „როდესაც მუზა გეწვევა, მაშინ უნდა დახატოო“- ასე ვიყავი, ასე ვარ ამჟამადაც.

– როდის დაიწყე ხატვა და როდის მიხვდი, რომ ეს უბრალო გატაცება არ იყო?
-პირველად დავიწყე სკოლის პერიოდში. სკოლა რომ დავამთავრე, მივხვდი, რომ ეს უფრო მეტია ჩემთვის, ვიდრე უბრალოდ ნახატი, ან ხატვა.
–ტუშით ხატვა სპეციფიკური სტილია. როგორ აღმოაჩინე ეს ტექნიკა და რატომ მაინცდამაინც ტუში?
-ტუშით ხატვას რაც შეეხება, მიზიდავდა სხვადასხვა ნამუშევარი, როგორიცაა ტატუ და მინდოდა მეც მსგავს სტილში დამეხატა. სიმართლე გითხრათ, თავიდან კარგად არ გამომდიოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში, ხელიც გაიწაფა და ჩემი შემოქმედებაც უფრო დაიხვეწა.
–რას ეძებ შენს ნახატებში —ვიზუალურ გამომსახველობას, სიუჟეტს, სიმბოლიკას თუ ემოციურ ტონალობას?
-ჩემს ნახატებში დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ სიზუსტეს და სილამაზეს, ამასთანავე ხასიათს – თუ რა ხასიათისაა ნახატი. ვცდილობ, რომ ისეთი ნახატი დავხატო, რომელიც იმ წამს ჩემს ხასიათს შეეფერება. ამიტომ, მოკლედ რომ ვთქვათ, ემოციურ ტონალობას .
–როგორ იბადება შენს ტილოზე ჩანაფიქრი? ჯერ იდეა გაქვს თუ ხაზს მიჰყავხარ იდეისკენ?
-წარმოდგენის უნარს. წარმოვიდგენ და ამის შემდეგ ხაზებს ვანდობ ხელს და გამოდის ის, რასაც თქვენ ამ ეტაპისთვის ხედავთ.
–შენი ნახატები ხშირად შავ–თეთრია. როგორ ფიქრობ, რა ძალა აქვს ფერების შეზღუდვას — გიმარტივებს თუ მეტ კონცენტრაციას მოითხოვს?
-ჩემი აზრით, უფრო მეტს მოითხოვს, რადგან შავ-თეთრში უფრო რთულია დახატვა და ნახატის შექმნა, რადგან ერთი არასწორი ხაზი, აფუჭებს მთელ ნაშრომს.


–გაქვს თუ არა საყვარელი თემა ან მოტივი, რაც პერიოდულად გიბრუნდება?
-კი , რა თქმა უნდა, მაქვს. ძალიან მომწონს ცხოველების ხატვა, ნადირობის სცენები და ასე შემდეგ. ყველაზე მეტად ცხოველების დახატვა მსიამოვნებს, არ ვიცი რატომ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველანაირად გადმოვცემ ჩემს აზრსა და სიყვარულს მათდამი.
–რას ნიშნავს შენთვის სიჩუმე, წვრილი ხაზები და დეტალიზაცია — მხოლოდ ფორმაა თუ განწყობა, რომელსაც გადმოსცემ?
-ჩემთვის სიჩუმე უფრო სიღრმეში შესვლას და მეტის გაგებას ნიშნავს. ვცდილობ, ის განწყობა და ის ენერგია გადმოვცე, რასაც ვგრძნობ.
–როგორ ურთიერთობ შენს ნამუშევრებთან წლების შემდეგ, იცვლება თუ არა მათ მიმართ დამოკიდებულება?
-რა თქმა უნდა, იცვლება, რადგან დროთა განმავლობაში ძალიან მომწონს, ხანდახან იმასაც ვფიქრობ, ეს მე დავხატე თუ არა-მეთქი, მაგრამ როდესაც ვუფიქრდები, შემიძლია მეტი გავაკეთო და ვცდილობ კიდეც.
– თქვენი მეუღლეც ხატავს, თუმცა სრულიად განსხვავებული ტექნიკით, ყოფილა შემთხვევა, როცა ერთმანეთის ნამუშევარმა გაგაკვირვათ, ან რამე ახლებურად დაგანახათ?
-რა თქმა უნდა, იყო ერთი ასეთი ნამუშევარი, ჩემი მეუღლის ინოგრავიურაზე ნამუშევარი, რომელმაც ძალიან გამაკვირვა, რადგან მანამდე მსგავს ხელოვნებასთან შეხება არ მქონია.
–რამდენად საუბრობთ ხატვაზე ყოველდღიურობაში? უზიარებთ ერთმანეთს დეტალებსა და მოსაზრებებს, თუ დამთვალიერებლად რჩებით ერთმანეთისათვის?
-ყოველდღიურობაში იშვიათად ვსაუბრობთ და რაც შეეხება დეტალებსა და მოსაზრებებს, რა თქმა უნდა, ვუზიარებთ ერთმანეთს და რჩევებსაც ვაძლევთ.
-ყოფილა ისეთი იდეა, რაც ერთ-ერთი თქვენგანისგან წამოსულა და მეორემ განავითარა — თუნდაც, ვიზუალურად არ გამოხატულიყო, მაგრამ ფიქრის დონეზე?
-რა თქმა უნდა, გვქონია ასეთი შემთხვევა, ხატვის დროს მეუღლემ მომაწოდა უკეთესი იდეა და მართალიც იყო, ძალიან ლამაზი გამოვიდა და ძალიან მოუხდა იმ კონკრეტულ ნამუშევარს.
–სამომავლოდ გიფიქრიათ ერთ სივრცეში გამოფენა — „ორი ხედვა, ერთი ოჯახის“ სტილში?
-სიმართლე გითხრათ, ამასთან დაკავშირებით არ გვიფიქრია, მაგრამ ძალიან კარგი იდეა მოგვაწოდეთ და შეიძლება ამ იდეის განხორციელება.
-და ბოლოს, თქვენს ნამუშევრებს რომ აღწერდეთ ერთ ფრაზად, ან სიმბოლოდ, რაც არა მარტო სტილს, არამედ თქვენ შორის არსებულ კავშირს ასახავს — რა იქნებოდა ეს?
-მოკლედ აღვწერდი ამ ყველაფერს და დავარქმევდი “სიჩუმეს “, რადგან ძალიან ბევრი აზრი და ბევრი ფიქრია სიჩუმის დროს, ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს ეს ნამუშევრები და ვცდილობ, უკეთესები შევქმნა, რომ საზოგადოებამ არა მარტო ეს ნახატები, არამედ ბევრად კარგი და განსხვავებული ნამუშევრები იხილოს.
მარიამ ონიანი



