
უამრავი სპექტაკლის, კონცერტის, ფესტივალის შემოქმედი, სულისჩამდგმელი, ორგანიზატორი, მონაწილე საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ, გამორჩეული ხელოვანი, ბოლნისის მუნიციპალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ზურაბ ხვედელიძე, 65 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ზურა ხვედელიძის როგორც ხელოვანის, რეჟისორის, თეატრალის – მოღვაწეობა ხალხური შემოქმედების სახლში დაიწყო და 40 წელზე მეტი ემსახურა სახალხო თეატრების – უძველესი ქართული კულტურის – მოვლის, შენარჩუნებისა და აღორძინების დიდებულ საქმეს.
მას სულ ცოტახნის წინ, 65 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. შემოქმედებითმა კავშირმა-საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ კი საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ბატონი ზურა “ამაგდარი” -ს წოდებით დააჯილდოვა.