პარასკევი, ივნისი 20, 2025
spot_img
Homeსაზოგადოება"ფერებით გადმოცემული სული: ნინო ქებაძის შემოქმედებითი სამყარო"

“ფერებით გადმოცემული სული: ნინო ქებაძის შემოქმედებითი სამყარო”

მხოლოდ ერთი წელია ნინო ქებაძე, რაც ხატვას შეუდგა, თუმცა უკვე საკუთარი ხელწერა და ხედვა ჩამოუყალიბდა. 33 წლის ქალბატონი, რომელიც პროფესიით კულტურის სფეროს ემსახურება, ხატვას “სულის მოსვენების” საშუალებად მიიჩნევს. ჩვენთან საუბარში ნინო ყვება, როგორ აღმოაჩინა საკუთარ თავში მხატვრული ნიჭი, რა შთააგონებს მას და როგორ უთავსებს საყვარელ ჰობს ოჯახურ და პროფესიულ ცხოვრებას. მისი ისტორია ცხადყოფს, რომ შემოქმედებითი გზის დაწყება არასდროსაა გვიან, მთავარია სურვილი და სითამამე.

  • მოგესალმებით ნინო, მოგვიყევით თქვე შესახებვინ არის ნინო ქებაძე?
  • ნინო ქებაძე 33 წლის,  დაოჯახებული, მყავს ერთი შვილი, ვცხოვრობ დაბა კაზრეთში. წარმოშობით ჭიათურიდან.
  • როგორც ვიცით, კულტურის სახლში ხართ დასაქმებული, გვიამბეთ თქვენს საქმიანობაზე ?
  • ჩემი საქმიანობის შესახებ დიდი ისტორიის გაზიარება შემიძლია, თუმცა ამ ეტაპზე შემოვიფარგლები კულტურის ცენტრის თანამშრომლობით, კონკრეტულად დაბა კაზრეთის კულტურის სახლს ვეხმარები საორგანიზაციო საქმიანობაში, როგორიცაა კონცერტები და ღონისძიებები. უზომოდ მიყვარს ჩემი სამსახური და გულწრფელად მინდა, სანამ ამ სფეროში ვარ, განვვითარდე მასთან ერთად…
  • როდის დაიწყეთ ხატვა და რა იყო თქვენი პირველი ნაბიჯები, ამ მიმართულებით?
  • მინდა გიამბოთ მცირე ისტორია, ჩემი თვითგანვითარების შესახებ, ხატვის კუთხით, რომელიც ეხმიანება იმ სიყვარულს, რაც თავშივე ვახსენე.. ხატვა დავიწყე 2023 წლის შემოდგომით, როცა სამსახურში ხელოვნების ხელმძღვანელი გვანცა ყალაიჩიშვილი შემოგვიერთდა. გეტყვით, რომ მისი მოსწავლეების ნამუშევრებმა ერთიანად აღძრა ჩემში სურვილი მეცადა ხატვა. პირველი ნაბიჯი იყო ზედაპირული გასაუბრება, ზოგადად, ხატვის საწყის ნაბიჯებზე.  მოგეხსენებათ, ჩვენ ვხატავთ ტილოზე გუაში/აკრილით. და აი, ასე მივყევი საკუთარ სურვილებს და თვითგანვითარებით ვცდილობ, ის სიყვარული და ემოცია გადავიტანო ტილოზე, რასაც ვგრძნობ.
  • ხატვა თქვენთვის ჰობია თუ პროფესიული საქმიანობა?
  • ჰობს უფრო ვუწოდებ  ამ საქმიანობას, თუმცა დაინტერესებული ვარ პროფესიონალურად მივყვე და ზეთის ტექნიკითაც ვცადო ნამუშევრების შესრულება.
  • რა თემებს და სტილს ანიჭებთ უპირატესობას თქვენს ნამუშევრებში?
  • ჩემთვის მრავალფეროვანია ხატვა და არ მოიცავს კონკრეტულ თემას,  თუმცა სტილიდან გამოვარჩევდი ,,სიმბოლიკასა” და ,,ექსპრესიონიზმს”..
  • როგორ თავსებთ ხატვას და თქვენს ძირითად საქმიანობას, პირად ცხოვრებას?
  • ერთი პასუხი შემიძლია გავცე – ვისვენებ, ვხატავ და სული ისვენებს.. ლოცვასაც კი შევადარებდი.. სივრცეში და დროში იკარგები. იცით, მუზა მოდის და გიპყრობს, ყველაფერი ან უნდა გადადო და მარტო ამ საქმით დაკავდე, ან ჩქარა მოაწესრიგო და ერთი სული გქონდეს დაუბრუნდე ტილოს.
  • რამდენად გამოხატავ საკუთარ თავ ხელოვნების მეშვეობით?
  •  ვფიქრობ, თუ დააკვირდებით ჩემს ნახატებს, აუცილებლად იგრძნობთ ენერგიას, ვცდილობ გადავიტანო ყველაფერი, სულსა და გულს ვდებ, რომელსაც აუცილებლად შეამჩნევს დაკვირვებული თვალი.
  • რა გაძლევთ შთაგონებას, არის თუ არა რამე კონკრეტული ადგილები, ადამიანები, ან მოვლენები, ითაც თქვენი შემოქმედებაა შთაგონებული?
  • დასაწყისში როგორც აღვნიშნე,  აქვე დავამატებდი დიდ, უპირობო სიყვარულს ხელოვნების მიმართ, რომელსაც ბავშვობიდან გულწრფელად  ვგრძნობ და გამოვხატავ.
  • რა არის თქვენთვის ყველაზე სასიამოვნო ასპექტი ხატვის პროცესში და რატომ?
  • ხატვის პროცესი თვითონ უდიდესი პასუხისმგებლობაა, ხატავ და აკვირდები, რამე ისე არ გამოვიდეს, თითქოს ცოცხალი არსებაა და ეწყინება, თუ მას სრულყოფილებამდე არ მიიყვან.. სულ ვაკვირდები… იასამანი დავხატე, რომელსაც 10 თვის განმავლობაში ყოველდღე ფოთოლს ვუსწორებდი, ხან ავაყვავებდი ჩრდილებით, ხან მტევნებს ვუცვლიდი ნათებას, სანამ ის არ მივიღე, რასაც ხატვის პროცესში ვგრძნობდი..
  • როგორ გესახებათ  თქვენი სამომავლო გეგმები ხატვასთან მიმართებით, გეგმავთ თუ არა გამოფენის მოწყობას, ან სხვა პროექტების განხორციელება?
  • გამოფენებში სულ ვღებულობ მონაწილეობას, იმ თემების მიხედვით, რა ნახატებიც მაქვს.  ამ ეტაპზე ტილოზე – აკრილი/ზეთით მინდა გავაგრძელო ხატვა. მსურს სასურველი ნამუშევრების ის რაოდენობა მქონდეს, რომელიც პერსონალურ გამოფენამდე მიმიყვანს.
  • რა რჩევას მისცემდით ადამიანებს, რომლებსაც  სურ ხატვა დაიწყო, მაგრამ ეშინია  კრიტიკის?
  • კრიტიკა ძალიან კარგია განვითარებისთვის, ხატვა კი ფუფუნებაა იყო ლაღი და თავისუფალი. ყველას ვურჩევდი, იმისთვის, რომ სტანდარტები იყოს მაღალი, იყოლიონ ბევრი კრიტიკოსი. რაც შეეხება შიშს, ის ყველა ჩვენგანშია, რომელთან გამკლავებაც მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია . ,,ლუზეროფობიის” სინდრომი ხელის შემშლელია. ასე რომ, ყოველთვის უნდა სცადო ადამიანმა..
  • რას უსურვებდით საკუთარ თავს, როგორც მხატვარს,  სამომავლოდ და, რა გზავნილს გაუზიარებდით ჩვენს მკითხველს?
  • მსურს ყველა ადამიანმა მოინდომოს საკუთარი სურვილების რეალიზება, ვფიქრობ, თუ რამეს აღმოაჩენ და სურვილი გაგიჩნდება მოქმედების – უნდა სცადო, შეაფასებინო სამყაროს რისი ნიჭიც გაქვს, იქნებ ჩვენც  ვან გოგები ვართ და არ ვიცით.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები