კვირა, თებერვალი 1, 2026
spot_img
Homeსაზოგადოებასწორად გათვლილი პრიორიტეტები, მოგვცემს ეფექტიან მმართველობას - ზამურ ჭითანავას გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა

სწორად გათვლილი პრიორიტეტები, მოგვცემს ეფექტიან მმართველობას – ზამურ ჭითანავას გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი ზამურ ჭითანავა საქმიანობას უკვე ოფიციალურად შეუდგა. დაიწყო მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტების შეფასებისა და ახალი პროექტების განსაზღვრის ეტაპი. ადგილობრივი თვითმმართველობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, სოციალური პროგრამების გაუმჯობესება, კულტურული და სპორტული სივრცეების გაძლიერება, გარემოს დაცვა და თემების მდგრადი განვითარება.  ინტერვიუში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან, დეტალურად მიმოვიხილეთ უკვე დაწყებული პროექტები, სოციალური დახმარების პოლიტიკა, ტურიზმისა და კულტურის განვითარების და, არა ერთი მიმართულება, რომლებსაც მუნიციპალიტეტი უახლოეს წლებში განახორციელებს.

-დაახლოებით ერთი თვეა, რაც შეუდექით დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, როგორ შეაფასებთ დღევანდელ მდგომარეობას, რა არის ძირითადი გამოწვევები, რომელთა გადაჭრაზეც  მუშაობას გეგმავთ?

-მოგესალმებით! მმართველი პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან,  მუნიციპალიტეტში სხვადასხვა მიმართულებით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, თუმცა გამოწვევად კვლავ რჩება საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა, ჯანდაცვის, ასევე, სოციალური პროგრამების  სერვისების გაუმჯობესება.

-თქვენი ხედვით, როგორ უნდა განვითარდეს ბოლნისი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში,  რა იქნება ძირითადი პრიორიტეტები?

-ჩემს გუნდთან ერთად  შევიმუშავე გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს ბოლნისის მუნიციპალიტეტში  ეკონომიკის  გაძლიერებასა და სოციალურ თანასწორობას.  ჩვენს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, თანაბრად ისარგებლონ  მრავალფეროვანი სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებით, მიიღონ ხარისხიანი განათლება და იცხოვრონ  უსაფრთხო გარემოში.

რაც შეეხება პრიორიტეტულ მიმართულებებს, ძირითად საკითხებად კვლავ რჩება ინფრასტრუქტურის განვითარება, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, განათლება, კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა, დასუფთავება და გარემოს დაცვა. აღნიშნული მიმართულებებით მუშაობის შემდეგ, მივიღებთ თანამედროვე,  განვითარებულ და საერთაშორისო სტანდარტის ინფრასტრუქტურის მქონე მუნიციპალიტეტს ეფექტიანი მმართველობით.

მომდევნო წლების განმავლობაში აქტიურად გაგრძელდება საგზაო, საგანმანათლებლო, სპორტული და ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროექტები. მოეწყობა ახალი რეკრეაციული სივრცეები და  სპორტული მოედნები.  მოგეხსენებათ, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სამთავრობო პროგრამის ფარგლებში, ბოლნისში ახალი ხელოვნურსაფარიანი სტადიონი აშენდება.  ჩვენს მუნიციპალიტეტში სპორტული  ინფრასტრუქტურის განვითარება კი    სპორტულ მიღწევებს შეუწყობს ხელს.

აგრეთვე, მაქსიმალურად გამოვიყენებთ ახალ შესაძლებლობებს, რათა ტურისტულად უფრო მიმზიდველი და რეგიონში მოწინავე გახდეს ჩვენი მუნიციპალიტეტი. უკანასკნელ წლებში ღვინის ინდუსტრიის ზრდამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ტურიზმის განვითარებას. ბოლნისმა საქართველოს ღვინის რუკაზე ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა, რაც მეტად საამაყოა თითოეული ჩვენგანისთვის. ადგილობრივ დონეზე გაიზარდა საოჯახო ტიპის მცირე მარნების რაოდენობაც, თუმცა კვლავ გამოწვევად რჩება მომსახურების ხარისხისა და ტურისტული პროდუქტების გაუმჯობესება. დღეს არაერთი სახელმწიფო პროგრამა არსებობს, რომელიც მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად, თუმცა, ვფიქრობთ, ადგილობრივი მეწარმეების ჩართულობით, შევიმუშაოთ ისეთი პროექტები, რომლებიც მათ პრიორიტეტულ საჭიროებებზე იქნება მორგებული, რაც საქმიანობის ეფექტიანად წარმართვას განაპირობებს. გარდა მეღვინეობისა, ბოლნისის  მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის არაერთი დარგია განვითარებული. ჩვენი მიზანია, მოსახლეობას, რომელიც სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული და ქვეყნისათვის მნიშვნელოვან სასურსათო პროდუქტს აწარმოებს, ადგილობრივ დონეზე მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი, რაც გულისხმობს ამ მიმართულებით სარწყავი არხის მშენებლობისა და რეაბილიტაციის ინფრასტრუქტურული  პროექტების განხორციელებას.

აღსანიშნავია, რომ მომდევნო წლების განმავლობაში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საზოგადოებრივ პროცესებში ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობასა და  მონაწილეობას, რაც  ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში სამოქალაქო პასუხისმგებლობის დონის ამაღლებასა და  მათი საჭიროებების უკეთ წარმოჩენას.

-რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, რას გეგმავთ გზების, ტროტუარებისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით?

-უკანასკნელი წლების განმავლობაში, როგორც ქალაქში, ასევე დაბებსა და სოფლებში, საავტომობილო გზების მნიშვნელოვან ნაწილს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა, მიუხედავად ამისა, გზების გარკვეული ნაწილი კვლავ საჭიროებს ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ქალაქ ბოლნისში, არქიტექტურული იერსახის აღდგენის მიზნით, აქტიურად გაგრძელდება ქუჩების ქვაფენილით მოწყობის სამუშაოები. გარდა ამისა, ინფრასტრუქტურული პროექტები ითვალისწინებს საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაციასა და დაზიანებული სახურავების შეცვლას.  ადგილობრივი თვითმმართველობისთვის მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის, მათ შორის სოფლად მცხოვრები მოქალაქეების უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება, სწორედ ამიტომ, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სოფლებამდე მისასვლელი საავტომობილო გზების მშენებლობის პროექტების რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია. მომდევნო წლებშიც, აქტიურად  გაგრძელდება, როგორც სოფლებამდე მისასვლელი გზების კეთილმოწყობა, ასევე, შიდა საავტომობილო გზების მოწესრიგება.

მოგეხსენებათ, გასულ წელს სტიქიის შედეგად დაზიანდა საავტომობილო და საფეხმავლო ხიდები. დაზიანებული ხიდების მშენებლობისა და რეაბილიტაციისთვის საქართველოს მთვარობამ სტიქიის ფონდიდან 6 000 000 ლარზე მეტი გამოყო. ახალი საავტომობილო ხიდების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს სოფელ ქვემო ბოლნისში, სამწევრისსა და რაჭისუბანში, საფეხმავლო ხიდები შენდება ქალაქ ბოლნისსა და სოფელ რაჭისუბანში, ხოლო რეაბილიტაცია უტარდება ქალაქ ბოლნისში 2 საავტომობილო ხიდს, ასევე, სოფელ ვანათსა და რატევანში მდებარე ხიდებს. აღსანიშნავია, რომ სამუშაოების ნაწილი გარდამავალია, შესაბამისად, წელს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის საქართველოს მთავრობამ 4 088 100 ლარი გამოყო, დარჩენილი 1 930 527 ლარი კი მომავალი წლის ბიუჯეტში აისახება.

-როგორ შეაფასებთ მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო სივრცეების მდგომარეობას და რა იგეგმება განათლების ხელშეწყობისთვის?

-ცენტრალურ ხელისფულებასთან მჭიდრო და ეფექტური კომუნიკაციის შედეგად,  განათლებისა და სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობის მიზნით, ჩვენს მუნიციპალიტეტში სკოლებისა და ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტები აქტიურად მიმდინარეობს და მომავალშიც გაგრძელდება.

მოგეხსენებათ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარჩინებული სტუდენტებისა და წარმატებული სპორტსმენებისთვის მოქმედებს ფულადი წახალისების პროგრამა, რომელიც კიდევ უფრო დაიხვეწება.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და Pascal STEAM Comunity-ის პროექტის ფარგლებში, წარმატებით განხორციელდა რობოტიკისა და პროგრამირების კურსი. მოსწავლეების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, აღნიშნული პროექტი მომავალ წელსაც განხორციელდება.

ასევე, 2026 წელს იგეგმება ახალგაზრდული საბჭოს შექმნა. სწორედ ახალგაზრდების უშუალო ჩართულობით, მათი ინტერესებისა და ინიციატივების გათვალისწინებით შევძლებთ ეფექტიანი პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას.

-რაც შეეხება ახალგაზრდებს, რა გეგმები გაქვთ მათთვის კულტურული და სპორტული სივრცეების გაუმჯობესებისთვის?

-ჩვენს ერთ-ერთ პრიორიტეტს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ხელშეწყობა წარმოადგენს, შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მასშტაბით თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი სპორტული მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტები და რეკრეაციული სივრცეების მოწყობა აქტიურად გაგრძელდება.

-გარემოს დაცვის მიმართულებით, როგორ აპირებთ მუშაობას?

-გამწვანების სამსახური მუნიციპალიტეტის მასშტაბით მუდმივად ზრუნავს მწვანე საფარის მოვლა–პატრონობასა და მწვანე ნარგავებით ტერიტორიების შევსებაზე, ეს პროცესი, რა თქმა უნდა, აქტიურად გაგრძელდება. გარდა ამისა, როგორც ქალაქში, ასევე დაბებსა და სოფლებში, მოეწყობა ახალი რეკრეაციული სივრცეები. აღსანიშნავია, რომ ქალაქ ბოლნისში, მდინარე მაშავერასთან მდებარე ტბასთან, იგეგმება მასშტაბური რეკრეაციული ზონის მოწყობა, რომელიც ითვალისწინებს ტბის რეაბილიტაციას, მწვანე სივრცის, გასართობი და სპორტული ზონების მოწყობას, ასევე, კვების ობიექტების განთავსებას. ვფიქრობ, ეს ტერიტორია თითოეული ბოლნისელისათვის და არა მხოლოდ ბოლნისელებისთვის ერთ-ერთ მიმზიდველ ადგილად იქცევა.

-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით ბოლნისი ერთ-ერთი მდიდარი მუნიციპალიტეტია, როგორ უპატრონებთ კულტურულ მემკვიდრეობას?

-აღსანიშნავია, რომ ბოლნისი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიმრავლით მთელს საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული მუნიციპალიტეტია, რასაც მოწმობს   კულტურის ცენტრის მიერ  ბოლნისის ისტორიული ძეგლების, ქართულ-ინგლისური გზამკვლევი. იგი მუნიციპალიტეტის საზღვრებში მდებარე 165 ძეგლს აერთიანებს. ბუნებრივია, წიგნში თავმოყრილი ძეგლების სია ვერ იქნება სრული, რადგან რიგი ობიექტური მიზეზების გამო, გარკვეულ ძეგლებთან მისვლა ვერ მოხერხდა. შესაბამისად, ამ მიმართულებით მუშაობას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ჩართულობით აქტიურად გავაგრძელებთ, რათა თითოეული ძეგლის აღრიცხვა, ფოტოფიქსაცია და გეოგრაფიული კოორდინატების დაზუსტება შევძლოთ. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ძეგლს მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ასევე, იგეგმება  ამ ძეგლების  შესახებ, საინფორმაციო დაფების მოწყობა, რითაც, მნიშვნელოვნად შევუწყობთ ხელს მუნიციპალიტეტში ტურისტული პოტენციალის გაზრდას.

-რა გზებით აპირებთ, ან აპირებთ თუ არა მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას გადაწყვეტილების მიღების პროცესში?

-ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის ეფექტიანად წარმართვაში, ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს მოქალაქეებთან მუდმივი და აქტიური კომუნიკაცია. მოგეხსენებათ, ყოველი კვირის ოთხშაბათი მოქალაქეთა მიღების დღეა, შესაბამისად, მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, წინასწარ ჩაეწერონ მიღებაზე და უშუალოდ გამაცნონ მათ წინაშე არსებული, როგორც საჭიროებები, ისე ინიციატივები. გარდა ამისა, წლის განმავლობაში, ჩემს გუნდთან ერთად, პერიოდულად შევხვდები ქალაქის, დაბებისა და სოფლების მოსახლეობას, პირადად გავეცნობი მათ საჭიროებებს, რათა სწორად განვსაზღვროთ პრიორიტეტები.

მჯერა, რომ ცენტრალური ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას, რომლებიც ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებისა და კეთილდღეობისკენ იქნება მიმართული.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები