სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, სოფელ რაჭისუბანში მდებარე მემორიალთან, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ბუბა გობეჯიშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე ეფრემმა და სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების ბოლნისის მუნიციპალური განყოფილების უფროსმა სერჟანტმა პატივი მიაგეს დაღუპული გმირების ხსოვნას და მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა. აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა. სხვადასხვა მონაცემებით, შეიარაღებულ დაპირისპირებას ემსხვერპლა 10 ათასიდან 30 ათასამდე ადამიანი, ხოლო 300 ათასზე მეტი იძულებით იქცა დევნილად.
32 წლის შემდეგაც, ეს დღე გვავალდებულებს, რომ გმირების მიერ გაღებული მსხვერპლი არ დავივიწყოთ და მომავალ თაობებს შევუნარჩუნოთ ერთიანობის, სიმამაცისა და სამშობლოს სიყვარულის უდიდესი მაგალითი.