საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან, ილია ჯალაღანიასთან და ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატთან, დავით შერაზადიშვილთან, ერთად სოფელ ჭაპალას ახლადრეაბილიტირებული სკოლა გახსნა და მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
პროექტის ფარგლებში, სკოლა სრულად განახლდა და ადაპტირდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. მოეწყო ლიფტი, ადაპტირებული სანიტარული კვანძები და პანდუსი, ასევე, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა, სასადილო, რესურსოთახი და ექიმის კაბინეტი. ამასთან, სკოლა სრულად აღიჭურვა ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსით.
სოფელ ჭაპალას საჯარო სკოლა 400 მოსწავლეზეა გათვლილი და პროექტის ჯამური ღირებულება 4 300 000 ლარამდე შეადგენს.
სკოლის გახსნის ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ლონგინოზ გასანოვი, ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, იამზე სვანიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


