საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინიციატივით და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის საკითხთა განყოფილებისა და ბოლნისის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით, ბოლნისში უფასო „სკრინინგის დღე“ გაიმართა.
ღონისძიების მიზანი იყო მოსახლეობისთვის იმ სერვისების შეთავაზება, რომლებიც დაავადებების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენასა და დროულ მკურნალობას უზრუნველყოფს. ნიქოზის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის მობილურმა კლინიკამ ბოლნისელებს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ჩაუტარა კიბოს ადრეული გამოვლენის, არაგადამდები დაავადებების, არტერიული წნევის, სისხლში გლუკოზის, გულ-სისხლძარღვთა რისკის შეფასების, ასევე B და C ჰეპატიტისა და აივ ინფექციის კვლევები.
ღონისძიება განსაკუთრებულად საინტერესო იყო იმითაც, რომ მას ესწრებოდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე, რომელმაც პირადად დაათვალიერა პროცესი და მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდა.