
ეროვნული ლიგა 2-ის 2021 წლის სეზონი, სტარტს პირველ მარტს აიღებს. ჩემპიონატი ოთხ წრედ ჩატარდება. გუნდები 36 ტურს ითამაშებენ.
ბოლნისის ,,სიონი”, პირველი ტურის მატჩს, ორ მარტს “რუსთავის” წინააღმდეგ გამართავს.
საფეხბურთო კლუბ ,,სიონს’’ ახალი დირექტორი ჰყავს. ბოლნისის კლუბის ხელმძღვანელად 11 თებერვლს ლევან სილაგაძე დაინიშნა. ლევან სილაგაძისთვის ბოლნისური კლუბი უცხო არაა, იგი წლების წინ, “სიონის” ღირსებას იცავდა. ბოლო წლებში კი საფეხბურთო კლუბ “რუსთავის” დირექტორის თანამდებობა ეკავა. იგი ,,სიონში“ ახალი გეგმებითა და მიზნებით დაბრუნდა. სილაგაძის მთავარი მიზანი კლუბის უმაღლეს ლიგაში დაბრუნებაა.როგორი იქნება ახალი ,,სიონი’’, როგორ შეხვდება კარსმომდგარ სეზონს ეროვნულ ლიგა 2-ში და შეძლებს თუ არა “სიონი” ელიტაში კვლავ აღზევებას, ამ ყველაფერზე კლუბის ახალი დირექტორი გვესაუბრება.
-პირველ რიგში გილოცავთ ჩვენს ქალაქში ჩამობრძანებას, საინტერესოა რა დაგხვდათ და რა სიახლეებით იწყებთ?
-მოგესალმებით ყველას, პირველ რიგში ბოლნისელებს, უძველესი ქალაქის შვილებს, სადაც ფეხბურთი ყველას უყვარს. სწორედ ასეთივე განწყობა დამხვდა, რომ “სიონმა” უნდა იბრძოლოს მაღალი მიზნებისთვის. ქალაქის მერი დავით შერაზადიშვილიც და RMG-ის (“არ-ემ-ჯი”) ხელმძღვანელებიც იგივეს ფიქრობენ. ყველას უნდა, რომ “სიონი” იყოს წარმატებული გუნდი, ამისთვის კი მაქსიმუმი უნდა გავიღოთ. სიახლე ბევრია, გვაქვს აბსოლუტურად ახალი გუნდი და გვყავს ძალიან ძლიერი ფეხბურთელები. გუნდის მიზანი უმაღლეს ლიგაში გადასვლა და ყველა მატჩის მოგება იქნება.
- სასიამოვნო მოსასმენია, რომ ასეთი კარგი მიზნები გაქვთ. თქვით რომ გუნდს არაერთი კარგი ფეხბურთელი შეემატა, ამით დასრულდა გუნდის შერჩევა თუ შესაძლოა ლეგიონერების მოწვევაც გახდეს საჭირო?
-ნამდვილად, კარგი გუნდი შეიკრა, ისეთი ფეხბურთელები არიან თავმოყრილი, რომ აუცილებლად მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ. გუნდის სელექციის საკითხებს სამწვრთნელო შტაბი წყვეტს. ვფიქრობ არის რამდენიმე პოზიცია, სადაც არ აწყენდა გაძლიერება გუნდს.
ზოგადად, აქცენტი ქართულ კადრებზე კეთდება, მაგრამ თუ გამოჩნდება ხარისხიანი ლეგიონერი და მისთვის მისაღები იქნება ჩვენი შეთავაზება, უარს არ ვიტყოდით.
-წლებია ბოლნისში საწვრთნელი ბაზის პრობლემა დგას, ამ პრობლემის მოგვარებას როგორ გეგმავთ? - ბოლნისში ჩამოსვლისთანავე, პირველად რატევანში წავედი.
ვთამაშობდი წლების წინ ბოლნისში და აქ არაფერია ჩემთვის უცხო. ჯერ-ჯერობით, ისევ თბილისში ივარჯიშებენ, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ მალე მოვაგვარებთ ამ საკითხსაც. - ბოლნისში ბევრი ახალგაზრდა თამაშობს ფეხბურთს, ოცნებობს კარგ ფეხბურთელობაზე, როგორ ფიქრობთ, სჭირდება თუ არა ,,სიონს’’ საკლუბო აკადემია?
- სჭირდება არა, ასე ვთქვათ, აუცილებელია. ძლიერი საკლუბო აკადემია კლუბის წარმატების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელია. რუსთავში მუშაობისას საფეხბურთო სკოლის საკითხი რიგი მიზეზების გამო, სამწუხაროდ, ჩაიშალა. “სიონს” სჭირდება ძლიერი საფეხბურთო სკოლა, რომელიც კლუბთან ერთად განვითარდება და გაზრდის მოთამაშეებს. ეს კლუბის მომავალია და ვეცდები ვიზრუნო ამ საკითხზე.
-წარმატებებს გისურვებთ ბატონო ლევან. ორ მარტს პირველი თამაში გაქვთ და იმედია გაახარებთ ბოლნისელ გულშემატკივრებს.
-დიდი მადლობა, ამაში დარწმუნებული ვარ. ,,სიონს”თავისი მიზნები აქვს. ფავორიტად დავასახელებდი “გაგრას”, რომელმაც მოიპოვა კონფერენსლიგის საგზური, გააძლიერა გუნდი, შეინარჩუნა ძირითადი ბირთვი შემადგენლობის და მიაღწია წარმატებას. ჩვენც ამავე გზით ვივლით.
-გისურვებთ წარმატებებს!
დარეჯან ოქრუაშვილი