ბოლნისის საფეხბურთო კლუბ „სიონში“ მთავარი მწვრთნელი შეიცვალა, გუნდს სათავეში უჩა სოსიაშვილი ჩაუდგა, რომელსაც ბოლნისურ კლუბში მუშაობის გამოცდილება უკვე აქვს, ამჯერად „სიონს“ სრულიად ახალ ეტაპზე უბრუნდება, ახალი სეზონის წინ გუნდი, პრაქტიკულად, თავიდან ფორმირდება, რაც დიდ პასუხისმგებლობასა და მოლოდინს ქმნის. კლუბის ხელმძღვანელობა და ადგილობრივი ხელისუფლება ამბიციურ გეგმებზე საუბრობენ, ხოლო მთავარი მწვრთნელი, ბრძოლისუნარიანი გუნდის ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად. უჩა სოსიაშვილმა ჩვენთან სწორედ ამ თემებზე ისაუბრა.
-ბატონო უჩა, ბოლნისის „სიონში“ დაბრუნება თქვენთვის რამდენად ემოციური და პროფესიული გამოწვევაა, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ კლუბში მუშაობის გამოცდილება უკვე გაქვთ?
— რა თქმა უნდა, ძალიან ემოციურია იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს მასშტაბით, ბოლნისის „სიონი“ საკმაოდ ძლიერი გუნდია. თავისი ტრადიციები გააჩნია, უამრავი კარგი ფეხბურთელი თამაშობდა და ბევრი კარგი მწვრთნელი მუშაობდა. ასეთ კლუბში მუშაობა ჩემთვის დიდი ბედნიერება და დიდი პასუხისმგებლობაა.
რა იყო მთავარი მოტივაცია, რის გამოც „სიონში“ დაბრუნებაზე თანხმობა თქვით?
— მთავარი მოტივაცია იყო ის დამოკიდებულება, რაც დავინახე ადგილობრივი ხელმძღვანელობის მხრიდან. როგორც მერიის, ასევე მისი წარმომადგენლებისგან იგრძნობა დიდი ინტერესი კლუბის განვითარების მიმართ. ამასთან ერთად, კლუბში მუშაობენ ადამიანები, ვისთანაც მეგობრული და პროფესიული ურთიერთობა მაკავშირებს.
-როგორ განსხვავდება თქვენი დღევანდელი ხედვა და გამოცდილება 2023 წლის პერიოდთან შედარებით?
— 2023 წელს მოქმედ ჩემპიონატში ჩავერთე უკვე დაკომპლექტებულ გუნდთან. ახლა სრულიად სხვა ეტაპია, გუნდის მშენებლობა, ფაქტობრივად, ნულიდან იწყება. ამასთან ერთად, ამ პერიოდში უფრო მეტი გამოცდილება მივიღე, რაც საქმეს უფრო ამარტივებს.
-რა კონკრეტული ამოცანები და მიზნები დაგისახათ კლუბის ხელმძღვანელობამ მიმდინარე სეზონისთვის?
— პირველ რიგში უნდა ჩამოვაყალიბოთ ბრძოლისუნარიანი გუნდი, რომელიც ყველა თამაშში მაქსიმუმს გააკეთებს და მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს.
-თქვენი პროფესიული მიზანი რა არის „სიონში“ მუშაობის პერიოდში?
— ჩემი მიზანია, გუნდთან ერთად, წარმატებების მიღწევა, მეტი გამარჯვება და ბოლნისში ფეხბურთის განვითარება. გვინდა ისეთი ფეხბურთელები გამოვავლინოთ, რომლებიც მომავალში, როგორც ასაკობრივ, ისე ეროვნულ ნაკრებშიც შეძლებენ თავის წარმოჩენას.
-იმის გათვალისწინებით, რომ გუნდი არაერთმა ფეხბურთელმა დატოვა, როგორ მიმდინარეობს ახალი შემადგენლობის ფორმირება?
— ფეხბურთელების შერჩევა ოთხ ძირითად პრინციპს დაეფუძნება: ტექნიკურ, ტაქტიკურ, ფიზიკურ და პიროვნულ თვისებებს. ადგილობრივ ფეხბურთელებს მეტი შანსი ექნებათ, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ.
-რა პრინციპით შეარჩევთ, რამდენად მიეცემათ შანსი, ადგილობრივ და აკადემიის ფეხბურთელებს, ძირითად გუნდში დამკვიდრებისთვის?
— ჩვენი სურვილია, გუნდში რაც შეიძლება მეტი ადგილობრივი და აკადემიის ფეხბურთელი ვიხილოთ. თუმცა მთავარი ხარისხი და პროფესიონალური დამოკიდებულებაა.
-არის თუ არა განხილვის საგანი გუნდის ლეგიონერებით დაკომპლექტება და, რა კრიტერიუმებით მოხდება მათი შერჩევა?
— მოსამზადებელი ეტაპი უკვე დაწყებულია. სრულფასოვანი შეკრება არ გვექნება და მხოლოდ ხუთკვირიანი ციკლით მოგვიწევს მუშაობა. დაგეგმილია ხუთი ამხანაგური მატჩი, რომლის ფონზეც გუნდს ეტაპობრივად ჩამოვაყალიბებთ.
-როგორი თამაში გსურთ ვიხილოთ „სიონისგან“ შედეგზე ორიენტირებული, თუ სანახაობრივი?
— გვინდა ორგანიზებული გუნდი, რომელიც როგორც დაცვაში, ისე შეტევაში სწორად ითამაშებს. პრიორიტეტია შედეგი, თუმცა სანახაობრიობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს.
-რას ეტყოდით ბოლნისის „სიონის“ გულშემატკივრებს, რომლებიც გუნდის განახლებულ ეტაპს ელოდებიან?
— გულშემატკივარს ვუსურვებდი ბევრ წარმატებას, მეტ ბოლნისელ ფეხბურთელს გუნდში და ჩვენი დასახული მიზნების შესრულებას. დარწმუნებული ვარ, სწორი სტრუქტურული განვითარების შემთხვევაში „სიონს“ წინ კარგი პერსპექტივა აქვს.
უჩა სოსიაშვილის დაბრუნებით ბოლნისის „სიონი“ ახალი ეტაპის დასაწყისშია. გუნდი განახლებული შემადგენლობითა და ამბიციური გეგმებით ხვდება ახალ სეზონს. ბოლნისელი გულშემატკივარი იმედოვნებს, რომ „სიონი“ ღირსეულ თამაშს აჩვენებს და საკუთარ ტრადიციებს კიდევ ერთხელ გაამყარებს.







