ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, 30 ოქტომბერს, ახალი თავმჯდომარე ხმათა უმრავლესობით აირჩია. პოსტი პროფესიით ფინანსისტმა, 38 წლის გიორგი სვანიძემ დაიკავა, რომელსაც საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
გიორგი სვანიძე 2021 წლიდან 2025 წლამდე იყო ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე. როგორც თავად აცხადებს, ამ ხნის განმავლობაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება დაეხმარება საკრებულოს მუშაობა იყოს უფრო გახსნილი, თანამედროვე და მოქალაქეების კეთილდღეობაზე ორიენტირებული.
როგორია ახლადარჩეული საკრებულოს თავმჯდომარის მთავარი პრიორიტეტული საკითხები? რას მიიჩნევს წარმატების მთავარ ფაქტორად და როგორი სურს დაამახსოვრდეს საზოგადოებას საკრებულოს თავმჯდომარეობის შემდეგ? ამ და სხვა საკითხებზე
„გაზეთ ბოლნისთან“ საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი სვანიძემ ისაუბრა.
– პირველ რიგში მოგესალმებით და გილოცავთ! როგორ შეაფასებდით აღნიშნულ თანამდებობაზე არჩევის ფაქტს და რას ნიშნავს თქვენთვის ეს ნდობა?
-დიდი მადლობა! ეს ნდობა ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა როგორც კოლეგების, ისე ბოლნისის მოსახლეობის წინაშე. ვაცნობიერებ, რომ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ პატივი კი არა, ამავდროულად ვალდებულებაცაა, ვიყო მაქსიმალურად გულწრფელი, გამჭვირვალე და შედეგზე ორიენტირებული.
–როგორია თქვენი მთავარი პრიორიტეტები?
-ჩემი მთავარი მიზანია, საკრებულოს მუშაობა იყოს უფრო გახსნილი, თანამედროვე და მოქალაქეებზე მორგებული. მინდა თითოეულმა გადაწყვეტილებამ რეალური შედეგი მოიტანოს. თანამშრომლობა, გუნდურობა და თანმიმდევრული მუშაობა იქნება ჩემი მთავარი პრინციპები.
–რას მიიჩნევთ წარმატების მთავარ ფაქტორად – ახალ გამოწვევებს, გამოცდილებას, თუ გუნდურობას?
-ყველა ეს კომპონენტი მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩემთვის გადამწყვეტი მაინც გუნდურობაა. როცა გუნდი ერთიანია და ურთიერთნდობა არსებობს, ნებისმიერი გამოწვევის გადალახვა შესაძლებელია.
– წინა მოწვევის საკრებულოში ხელმძღვანელობდით საფინანსო–საბიუჯეტო კომისიას. რა გამოცდილება დაგიგროვდათ, რომელიც დაგეხმარებათ ახალ პოზიციაზე?
– საფინანსო-საბიუჯეტო კომისიაში მუშაობამ მომცა ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, გამჭვირვალე გადაწყვეტილებების მიღების უნარი და სტრატეგიული ხედვა. კომისიის საქმიანობამ დამანახა, რამდენად მნიშვნელოვანია ბიუჯეტის თითოეული მუხლი, თითოეული გადაწყვეტილება და საბოლოოდ როგორ აისახება ეს მოქალაქეებზე. ამ პერიოდში ვისწავლე გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გაწონასწორება, პრიორიტეტების განსაზღვრა და რესურსების ეფექტურად განაწილება. სწორედ ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით ვცდილობ დღეს, საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე, მივიღო ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც რეალურ სარგებელს მოიტანს მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის და თითოეული მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაში პოზიტიურ ცვლილებად აისახება.
– მუნიციპალიტეტის განვითარების თვალსაზრისით, რა პრიორიტეტული საკითხები გაქვთ დაგეგმილი?
– ძალიან მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის განვითარება, ახალგაზრდების ჩართულობა, განათლების ხელშეწყობა და ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერება. ასევე, ჩვენი მიზანია, მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებაში, თანაბრად იგრძნობოდეს წინსვლა და სერვისების ხარისხის გაუმჯობესება.
–თქვენი ასაკიდან გამომდინარე, როგორ აპირებთ ასაკით უფროს კოლეგებთან თანამშრომლობის ბალანსის დაცვას?
-ძალიან დიდ პატივს ვცემ უფროსი თაობის გამოცდილებას. ვფიქრობ, თაობებს შორის თანამშრომლობა ყველაზე ძლიერი ფორმაა, როცა ერთმანეთს ვუზიარებთ ცოდნას, გამოცდილებას და ენერგიას. სწორედ ამ ბალანსში ვხედავ წარმატების ფორმულას.
–რა იქნება თქვენი მთავარი მესიჯი საზოგადოებისთვის?
– სამართლიანობა, გამჭვირვალობა და განვითარება . ეს სამი სიტყვა ყველაზე ზუსტად გამოხატავს ჩემს გზავნილს. მინდა მოქალაქეებმა დაინახონ, რომ საკრებულო მათ ინტერესებს იცავს.
– როგორ წარმოგიდგენიათ თანამშრომლობა მუნიციპალიტეტის მერიასთან? როგორ უნდა იყოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ურთიერთობა ადგილობრივ დონეზე?
-ჩვენი მიზანი ერთია – ბოლნისის განვითარება. ამიტომ მერიასა და საკრებულოს შორის ურთიერთობა უნდა ეფუძნებოდეს თანამშრომლობას და არა კონკურენციას. როცა ორივე მხარე საერთო მიზანს ემსახურება, შედეგიც ბევრად უკეთესია.
–როგორ ათავსებთ საჯარო საქმიანობას პირად ცხოვრებასთან?
-საჯარო საქმიანობამდეც საკმაოდ დატვირთული გრაფიკი მქონდა, ამიტომ ასეთ რეჟიმს უკვე მიჩვეული ვარ. რა თქმა უნდა, მარტივი არ არის, თუმცა ვცდილობ, თავისუფალი დრო მაქსიმალურად პროდუქტიულად გამოვიყენო. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამ დროს სრულად მოვწყდე სამუშაო პროცესს და ენერგია იმ საქმეში დავხარჯო, რაც სიამოვნებას მანიჭებს. ზოგჯერ ეს შეიძლება იყოს მეგობრებთან შეხვედრა, წიგნის კითხვა, ან უბრალოდ, განტვირთულ გარემოში ყოფნა. სწორედ ეს ბალანსი მაძლევს ძალას, რომ სამუშაო პროცესში კიდევ უფრო მოტივირებული ვიყო.
–რომ არა პოლიტიკა, რომელ სფეროში ხედავთ საკუთარ თავს?
-ალბათ კერძო სექტორში. მანამდეც მრავალწლიანი გამოცდილება მაქვს სხვადასხვა კომპანიაში მუშაობის. ყოველთვის მიზიდავდა ადამიანებთან კომუნიკაცია, იდეების გაზიარება და მათი განხორციელება. მჯერა, რომ ნებისმიერი სფერო, სადაც შედეგზე ორიენტირებული გუნდური მუშაობაა საჭირო, საინტერესო გამოწვევაა ჩემთვის. ასე რომ, პოლიტიკის გარეშეც, ისევ იქ ვიქნებოდი, სადაც ადამიანებთან ურთიერთობა და განვითარება მთავარ ღირებულებად რჩება.
–როგორი გსურთ, რომ დაგიმახსოვროს საზოგადოებამ საკრებულოს თავმჯდომარეობის შემდეგ?
– სამართლიანი – ეს სიტყვა ყველაზე ზუსტად გამოხატავს იმას, რასაც ჩემს საქმიანობაში ვცდილობ. ჩემთვის სამართლიანობა ნიშნავს გადაწყვეტილებების მიღებას ობიექტურად, პრინციპულად და ყველა ადამიანის ინტერესის გათვალისწინებით. მინდა, საზოგადოებამ დამიმახსოვროს, როგორც ადამიანი, რომელიც ყოველთვის კეთილსინდისიერად და სამართლიანად ემსახურებოდა საკუთარ საქმეს და მუნიციპალიტეტის თითოეულ მოქალაქეს.




