
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში ახალგაზრდული ჯგუფებისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი ქვემო ქართლში თემურ სუყაშვილი და მოწვეული ექსპერტი, კახა გოგოლაშვილი უძღვებოდა. ღონისძიებაზე ყურადღება გამახვილდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისთვის გაცემული გრანტის ფარგლებში, მიმდინარე პროექტზე – „დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში“, საქართველოს ევროპული და ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობაზე, ამ მიმართულებით არსებულ მიღწევებზე, გამოწვევებსა და საფრთხეებზე.
ეს არის პირველი მასშტაბური პროექტი, რომელიც საინფორმაციო ცენტრმა ანტი-დასავლური პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ საქართველოს მოსახლეობის სწორად ინფორმირებულობის და ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ ეფექტიანი კომუნიკაციის მიზნით მიიღო. პროექტის ფარგლებში შეხვედრები, მრგვალი მაგიდის დისკუსიები და სემინარები გაიმართება რეგიონის სხვადასხვა სოფლის მოსახლეობასთან და მუნიციპალიტეტების მერიებში.
18 თვიანი პროექტის ფარგლებში საინფორმაციო ცენტრის რეგიონალური ბიუროები გაძლიერდა და გაფართოვდა. ცენტრს დაემატა 5 ახალი რეგიონალური ბიურო და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ქვეყნის მასშტაბით 12 რეგიონალური წარმომადგენლობა აგრძელებს მუშაობას.