მეორე წელია ბოლნისში საფეხბურთო სკოლა „სიონი“ ფუნქციონირებს. მისი გახსნის საჭიროება და მიზანი, კლუბის გამოცდილი და საკუთარ აკადემიაში აღზრდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტება. საფეხბურთო სკოლაში ამჟამად 410 მოზარდია ჩართული, რომლებიც 9 სხვადასხვა გუნდში არიან გადანაწილებული, მათთან 28 ლიცენზირებული მწვრთნელი მუშაობს, რომლებიც სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფს უძღვებიან. ვარჯიშები ადგილობრივ სტადიონებზე ტარდება. ახალგაზრდებს, ფიზიკურ დატვირთვასთან ერთად, რეგულარული სამედიცინო შემოწმებაც უტარდებათ, რაც უსაფრთხო ვარჯიშის პირობებს უზრუნველყოფს.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, აკადემიას გოგონათა გუნდიც შეემატა. ისინი წარმატებით ვარჯიშობენ და ცდილობენ, ვაჟებს არ ჩამორჩნენ, რათა ბოლნისი ღირსეულად წარადგინონ სპორტის სფეროში.
საფეხბურთო სკოლა „სიონი“ 2024 წელს, ბოლნისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. მოზარდები სრულფასოვანი ეკიპირებით და ინვენტარით არიან აღჭურვილი, რაც მათ, კომფორტულ გარემოში ვარჯიშის შესაძლებლობას აძლევს.
როგორ აფასებს საფეხბურთო სკოლის არსებობის 2 წელს, რა მიღწევები აქვთ მოზარდებს და როგორია მათი სამომავლო გეგმები, ამაზე ვრცლად „გაზეთ ბოლნისთან“ შპს საფეხბურთო სკოლა „სიონის“ დირექტორმა არჩილ შაკიაშვილმა ისაუბრა.
-მოგესალმებით ბატონო არჩილ, როგორ შეაფასებდით სკოლის არსებობის 2 წელს?
-სკოლის არსებობის ორი წელი ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა, ჩვენმა ფეხბურთელებმა არა ერთ ტურნირში მიიღეს მონაწილეობა და ბოლნისი ღირსეულად წარმოაჩინეს. ჩვენი მთავარი მიზანია, აღზრდილი მოთამაშეები, მომავალში, საფეხბურთო კლუბ „სიონს“ და მთლიანად ქართულ ფეხბურთს წარუძღვნენ.
-ბატონო არჩილ, პირველად ბოლნისის საფეხბურთო ისტორიაში, თქვენ დაგემატათ გოგონათა გუნდი.
-დიახ, დაგვემატა გოგონათა ასაკობრივი გუნდი, სადაც 22 გოგონა ირიცხება. მოზარდები წარმატებით ვარჯიშობენ, დიდი შემართებით და მონდომებით ასრულებენ მწვრთნელების მითითებებს. მათი პროგრესი ნათელი მაგალითია, რომ ფეხბურთი თანაბრად საყვარელი სპორტია როგორც ბიჭებში, ასევე გოგონებში.
-რამდენი ჯგუფი აღირიცხება და რა მიღწევები აქვთ ამ ეტაპზე?
-სკოლაში არის 9 გუნდი, რომლებიც სხვადასხვა ტურნირებში იღებენ მონაწილეობას. U-19 მონაწილეობას იღებს ვერცხლის ლიგაზე. U-17, U-15 ბრინჯაოს ლიგაზე, ხოლო დანარჩენი ასაკობრივი გუნდი აფხაზეთის ლიგაზე, ასევე სექტემბრიდან თვის ასაკობრივ ლიგაში გოგონებიც ჩაერთვებიან.
-რა როლი აქვს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიას თქვენს საქმიანობაში?
-მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო მერიას ფინანსური მხარდაჭერისთვის, სწორედ მათი გვერდში დგომით ფეხბურთელები უზრუნველვყავით სრულფასოვანი სპორტული ინვენტარითა და ეკიპირებით.
-როგორ შეაფასებდით გასულ სასწავლო წელს და რა სიახლეებით ხვდებით ახალ სეზონს?
-გასულ სასწავლო წელს დადებითად შევაფასებდი. საფეხბურთო სკოლა „სიონი“ U-19 წარმატებით ასპარეზობს და ვერცხლის ლიგაზე მე-3 ადგილზე გავიდა. ამ მნიშვნელოვანი წარმატების აღსანიშნავად, გუნდის წევრებს გადაეცათ მედლები და ერთი წლით სტიპენდია დაენიშნათ, რათა კიდევ უფრო შეუწყოს ხელი ახალგაზრდების სპორტულ განვითარებას და მოტივაციის გაზრდას. ასევე, წარმატებებს მიაღწიეს სკოლის სხვა ასაკობრივმა გუნდებმაც: U-11 გუნდი გავიდა აფხაზეთის ლიგაზე პირველ ადგილას. ხოლო U-12 გუნდმა იმავე ტურნირში ღირსეული ბძოლით მესამე ადგილი დაიკავა. სკოლა „სიონის“ ორი გუნდი კი წარმატებით ასპარეზობს თბილისის ლიგაზე. ასევე, ბოლნისის საფეხბურთო სკოლა „სიონს“, ფედერაციისგან მიღებული აქვს მეორე კატეგორია. ახალ სეზონს ვხვდებით მეორე წრისთვის იგივე შემართებით და მოტივაციით, სკოლამ დამატებით უზრუნველყო გოგონთა გუნდის ეკიპირება, ასევე შევიძინეთ ბურთები და სხვადასხვა სავარჯიშო ინვენტარი. გარდა ამისა, რამდენიმე გუნდსაც შევუძინეთ ბურთები და საჭირო ინვენტარი.
-ბავშვებს სად უტარდებათ გეგმიური სამედიცინო შემოწმება?
-მოზარდების სამედიცინო შემოწმება, რომელსაც სკოლა სრულად უზრუნველყოფს, მიმდინარეობს სითი სპორტის ცენტრში, რაც მათ ჯანმრთელობას და უსაფრთხო ვარჯიშს განაპირობებს.
-რა არის სკოლის მთავარი მიზანი?
-პირველ რიგში, ჩვენი ვალია, ფეხბურთელების პროფესიული ზრდა და განვითარება, იმისთვის, რომ საფეხბურთო კლუბ „სიონს“ რაც შეიძლება მაქსიმალურად ბევრი ბოლნისელი ფეხბურთელი მიეწოდოს, რაც ხელს შეუწყობს, როგორც ახალგაზრდებში პროფესიონალურ განვითარებას, ასევე ადგილობრივი სპორტული კლუბის წარმატების გაზრდას.
P.S. „გაზეთი ბოლნისი“ საფეხბურთო სკოლა „სიონს“ წარმატებულ და ნაყოფიერ ახალ სეზონს უსურვებს. იმედია, აქ აღზრდილები ღირსეულად წარადგენენ სკოლის სახელს სხვადასხვა საფეხბურთო კლუბებში, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვრებს გარეთ.
მარინა გავაშელი