ბოლნისის მუნიციპალიტეტი, რელიეფის და კლიმატური პირობების გათვალისწინებით, შხამიანი გველების არსებობისთვის ხელსაყრელია, ამიტომ ის ხშირად გვხვდება არა მხოლოდ ბუნებრივ არეალში, არამედ საცხოვრებელ ზონებშიც. ამის გამო ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში უკვე რამდენიმე წელია შექმნილია სპეციალური სამსახური, რომელიც 24 საათიან რეჟიმში პასუხობს ზარებს (551 80 20 88) და ადგილზე ახდენს რეაგირებას.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციები მოსახლეობას
დედამიწაზე გველის სულ 2700 სახეობაა ცნობილი. ამათგან საქართველოში 20-22 სახეობა გვხვდება. ჩვენში გავრცელებულ გველებს შორის ყველაზე შხამიანი გიურზაა. მას მოსდევს კავკასიური გველგესლა და კატისთვალა გველგესლა.
გიურზა გველგესლების ყველაზე დიდი წარმომადგენელია.
შეფერილობა სხვადასხვაა – ღია ნაცრისფრიდან მუქ ნაცრისფრამდე, წენგოსფერი ან მოყავისფრო. ზურგზე მოზრდილი ლაქები აქვს, გვერდებზე – შედარებით მომცრო. შეფერილობის წყალობით გიურზა კარგად ეხამება გარემოს
_ გიურზა აქტიურია მარტის ბოლოდან ოქტომბრის ბოლომდე.
_ სანადიროდ უმთავრესად ღამით გამოდის, მაგრამ გაზაფხულზე დღისითაც შეიძლება შეგვხვდეს.
_ გიურზას ნაკბენი მომაკვდინებელია.
_ ახალგამოჩეკილი გველის შხამი ისევე საშიშია, როგორც ზრდასრულისა.
როგორ მოვიქცეთ თუ სადმე გველი გადაგვეყარა?
გველი აგრესიულობას უშუალოდ საფრთხის დროს ავლენს. ადამიანს თავს პირველი არ ესხმის და მხოლოდ მაშინ კბენს, თუ გააბრაზებენ, მაგალითად, თუ შემთხვევით ფეხს წამოსდებენ ან დაადგამენ. ასე რომ, თუ სადმე გველს გადაეყარეთ:
- ნუ მიეცემით პანიკას – თქვენმა მღელვარებამ შესაძლოა ისიც ააფორიაქოს და გიკბინოთ;
- ერიდეთ აქტიურ ქმედებებს;
- არ მიუახლოვდეთ და არ სცადოთ მისი მოკვლა ან დაჭერა.
როგორ ამოვიცნოთ შხამიანი გველი?
შხამიანი გველის ნაკბენ ადგილას ორი მსხვილი ნაჩხვლეტი რჩება, ხოლო უშხამოს ნაკბენ ადგილას – მრავალი წვრილი წერტილი. შხამიანი გველის კბენიდან რამდენიმე წუთის შემდეგ იწყება ნაკბენის ტკივილი და წვა, ის მიდამო წითლდება, სივდება, კანქვეშ ჩნდება სისხლჩაქცევები. 20-40 წუთის შემდეგ ვითარდება შოკური მოვლენები, პირღებინება, კრუნჩხვა,ცნობიერების დაბინდვა.
ზოგადი სიმპტომები ასეთია:
- ძლიერი ტკივილი ნაკბენის მიდამოში;
- შეშუპება, რომელიც ზოგჯერ ფართოდ ვრცელდება;
- მხედველობისა და გონების დაბინდვა;
- სისხლჩაქცევები;
- ძილად მივარდნა ან აგზნება;
- კრუნჩხვა, ასფიქსია;
- ოფლიანობა და გაძლიერებული ნერწყვდენა.
როგორ დავიცვათ თავი?
1• ნაკბენთა უმეტესობა გამოწვეულია დაზარალებულთა მიერ გველის პროვოცირებით.
2• თუ ისეთ ადგილზე ხართ, სადაც ბევრი გველია, ეცადეთ ჩაიცვათ გრძელი შარვალი და მაღალყელიანი ფეხსაცმელი.
3• თუ ჯოხი გაქვთ აკაკუნეთ, გამაფრთხილებელი ხმის გაგონებისას გველი თვითონ მოგერიდებათ.
4. ღამით ისარგებლეთ ფანრით. გაითვალისწინეთ, რომ გველები თბილ ღამეებში აქტიურობენ.
5. ებრძოლეთ მღრღნელებს. (გველები იკვებებიან მღრღელებით)
6. მოთიბული ბალახი მიწაზე არ დატოვოთ. ნურც მიწაზე დაწვებით, რადგან გველს ადამიანის სითბო იზიდავს.
7. თუ გამოღვიძებულმა საკუთარ საწოლში გველი დაინახეთ, ნუ გააკეთებთ მკვეთრ მოძრაობებს, დაელოდეთ, როდის წავა.
პირველი დახმარება გველის ნაკბენის დროს:
1. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს; კლინიკას, სადაც კვალიფიციურ დახმარებას გაგიწევენ – გაგიკეთებენ სპეციალურ ანტიდოტს ანტიგიურზინს ან პოლივალენტურ გველის შხამის საწინააღმდეგო შრატს.
2. შეინარჩუნეთ სიმშვიდე.
3. ეცადეთ, კიდური არ ამოძრაოთ – ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მობილიზაცია შხამის გავრცელებას აფერხებს.
4.მოიხსენით ბეჭედი ან სხვა სამკაული, რაც დაზიანებულ არეზე გექნებათ, ამით თავიდან ავირიდებთ შეშუპებას;
5. თუ დაზიანებული ადგილი შეშუპდა და კანმა ფერი შეიცვალა, სავარაუდოა, რომ გველი შხამიანი იყო;
6.დააკვირდით დაზარალებულის სასიცოცხლო ნიშნებს – ტემპერატურა, პულსი, სუნთქვის სიხშირე, სისხლის წნევა. თუ შოკის ნიშნებია: (მაგალითად, ფერის დაკარგვა), დაკბენილი ადამიანი დააწვინეთ ბრტყელ ზედაპირზე, ფეხები ააწევინეთ და გადააფარეთ საბანი;
7. არ მოიბანოთ დაკბენილი ადგილი;
8.თუ დაკბენის შემდგომ მოკლავთ გველს, ხელი არ მოკიდოთ მანამ, სანამ არ დარწმუნდებით სრულ უსაფრთხოებაში. თუ დამკბენი გველის მოკვლა ვერ მოახერხეთ, ნუ დაკარგავთ დროს და ზედმეტად ნუ გარისკავთ.
9. ფრთხილად იყავით მკვდარი გველის თავთან, რადგან ერთი საათის განმავლობაში მას კიდევ შეუძლია კბენა რეფლექსურად;
10. დაზიანებული არე გულის დონეზე ოდნავ დაბლა იქონიეთ, რათა შემცირდეს სისხლდენა.
არ შეიძლება:
- ნაკბენიდან სისხლის გამოწოვა;
- ნაკბენი არის გაკვეთა;
- მოწვა;
- დამჟანგველი ნივთიერებით დამუშავება;
- ლახტის დადება.