ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლმა კიდევ ერთ, საიუბილეო ღონისძიებას უმასპინძლა. მეხუთე საჯარო სკოლის დაარსებიდან 30 წელი პედაგოგებმა მოსწავლეებთან, მშობლებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად აღნიშნეს.
მეხუთე საჯარო სკოლამ ფუნქციონირება, გიმნაზიის სახელწოდებით, 1995 წელს დაიწყო. მისი დამფუძნებელი ბოლნისელი პედაგოგი, საპატიო მოქალაქე ლეილა ალადაშვილია, რომელიც, დაარსებიდან აღნიშნულ სკოლაშია და საყვარელი სკოლის განვითარებისთვის დღემდე დაუღალავად შრომობს. ღონისძიებაზე მან განვლილი წლები შეაჯამა და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო სკოლის განვითარების ისტორიის დაწერაში.
ღონისძიებას, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ზამურ ჭითანავა, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, ბოლნელი მთავარეპისკოპოსი მეუფე ეფრემი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სასკოლო საზოგადოება ესწრებოდა.
კულტურის სახლის ფოიეში წარმოდგენილი იყო მოსწავლეების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნამუშევრები და STEM
პროექტის მონაწილეთა გამოგონებები, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია.
30 წელი ეს მხოლოდ თარიღი არაა, ეს არის დაუღალავი შრომით, სიყვარულითა და ერთობით გატარებული წლები, რომლებიც მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს, ერთი მიზნის გარშემო აერთიანებს – აღზარდონ განათლებული და წარმატებული თაობა. მეხუთე სკოლის ისტორიაში, ეს დღე მნიშვნელოვან მოვლენად დარჩება, როგორც საერთო შრომის, ერთიანობის და წარმატების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლო.



