ლია უგრეხელიძის დილა 6 საათზე, თონის გახურება-ჩაცხრობით, ცომის მოზელა-ამოსვლით, ამოგუნდავებული მასის ბალიშზე დაკვრითა და თონეში ჩაკვრით იწყება.
ახალგაზრდა მცირე მეწარმე, ყოველდღიურად 400-დან 500-მდე ნატურალურ ნედლეულზე დამზადებულ შოთის უგემრიელეს პურს აწარმოებს და დაქირავებულ მუშახელთან ერთად, თავადაც აქტიურადაა ჩართული ბიზნესის წარმოებაში.
ლიას მთავარი მამოძრავებელი ძალა საქმის სიყვარული, ენერგია და მონდომებაა. საცხობის გახსნის დღიდან თავადაც დაიწყო თონეში პურის ჩაკვრა, მართალია თავიდან გაუჭირდა, მაგრამ არ შეეშვა და დღეს იგი საუკეთესო მეპურე ქალია ბოლნისში.
კარგ მცხობელთან ერთად, ლია ქველმოქმედია, საკუთარი შემოსავლის წყარო აძლევს იმის საშუალებას გაიღოს უანგაროდ და თუნდაც მცირედით დაეხმაროს ადამიანებს. მკაცრი საკარანტინო რეჟიმის დროს, მან არა ერთ საქველმოქმედო აქციაში მიიღო მონაწილეობა, მრავალშვილიან ოჯახებს, ცხელ-ცხელ შოთის პურებს სახლში მიტანით თავად ურიგებდა. სიკეთის ფერხულში ყოფნა მისთვის დიდი ბედნიერებაა, ნანობს, რომ ჯერ-ჯერობით ბიზნესს ვერ აფართოებს, ვერ ასაქმებს მეტ ადამიანს და ვერ ეხმარება სოციალურად დაუცველებს ისე, როგორც თავად უნდა.
ლია აფხაზეთიდანაა. 6 წლისამ დედასთან და 2 დედმამიშვილთან ერთად დატოვა სოხუმი, უმამოდ, დევნილობაში გაზრდილმა კარგად იცის გაჭირვების, უქონლობის და დახმარების ფასი, სწორედ ეს ყველაფერი გახდა მოტივატორი დაეწყო კერძო საქმიანობა, გასჩენოდა საკუთარი შემოსავლის წყარო და ეკეთებინა სიკეთე, რომელიც მას დიდ ბედნიერებას ანიჭებს.
-ლია, როდის დაიწყე პურის ცხობა?
-4 წლის უკან გაჩნდა იდეა გამეხსნა საცხობი, სადაც ვაწარმოებდი შოთის პურს, ავიყვანე კარგი ხაბაზი, რომელმაც მასწავლა ცხობა და ასე, ნელ-ნელა მოვედი დღემდე.
-ქალისთვის მეპურეობა ალბათ შრომატევადი და დამღლელი საქმეა.
-რა თქმა უნდა რთულია, ყოველდღიურად 4 ტომარა ფქვილის მოცომვა, თონის მომზადება, 500-მდე შოთის პურის გამოცხობა და მისი რეალიზება, მქონდა მძიმე პერიოდიც, ერთწლიანი პაუზა, რომელიც გამოწვეული იყო ავტო-საგზაო შემთხვევის დროს მიღებული სერიოზული ტრამვით.
-ლია, ბოლნისში ბევრი თონეა, თუმცა ქალი მეპურე, არსად.
-დღემდე უკვირთ, რომ დამინახავენ თონეში პურს როგორ ვაკრავ, მეუბნებიან „გოგო და მეპურეო“? – იყო შემთხვევები, როცა პური ჩამვარდნია, მაგრამ დიდად არ მინერვიულია, ვიცოდი რომ გამომივიდოდა.
-რა განიჭებს ყველაზე დიდ ბედნიერებას?
-რა თქმა უნდა ჩემი შვილის ლაღი და ხალისიანი სახე, როცა ვაკეთებ სიკეთეს, ვეხმარები ადამიანებს და ჩემი მცირედი წვლილი შემაქვს მათ კეთილდღეობაში.
-რა არის ის, რაც ყველაზე მეტად გსურს?
-როგორც ყველა დევნილის, ჩემი სურვილიც აფხაზეთში დაბრუნება და დაკარგული ტერიტორიების შემოერთებაა. მთავარია გვიყვარდეს ერთმანეთი, ვაკეთოთ სიკეთე და ვიყოთ მიმტევებლები.
ავტორი:მარინა გავაშელი
