ანა ღამბარაშვილი ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანია, ვინც ბავშვობაში დაწყებული გატაცება სერიოზულ მიმართულებად აქცია. ხატვა მისთვის ყოველთვის იყო საკუთარი თავის გამოხატვის გზა — იქნება ეს ფუნჯით, ცვილით, კომპიუტერული დიზაინით თუ გრავიურის საჭრელი დანით. ანა არ ცდილობს ერთ სტილს მოერგოს, პირიქით — სჯერა, რომ ხელოვნება თავისუფლებაა, ტექნიკა კი მხოლოდ საშუალება.
დღეს ანა გვესაუბრება იმაზე, თუ როგორ მივიდა უნივერსიტეტის კურსებიდან მრავალფეროვან სტილამდე, რატომ იზიდავს ძველი ტექნიკები და როგორ გარდაიქმნება ხატვა, მისთვის შერწყმულ მოგონებებად და ფიქრებად.
-ანა, მოგესალმებით. მოდი, გაეცანით ჩვენს მკითხველს, როგორ დაიწყე ხატვა და როგორ აღმოაჩინე საკუთარი მიმართულება?
-მოგესალმებით. მე ვარ ანა ღამბარაშვილი. ვხატავ ბავშვობიდან, სკოლის დეკორაციებს, გაზეთებსა და მოსაწვევებს ვხელმძღვანელობდი. როდესაც სტუდენტი გავხდი, გავიარე კურსი – დეკორატიული ხატვა, რის შემდეგაც გადავწყვიტე ჰობი პროფესიად მექცია და ავირჩიე ფაკულტეტი კომპიუტერული დიზაინი და დაზგური გრაფიკა.
–შენ კონკრეტულად ერთ სტილზე არ ხარ შეჩერებული — მუშაობ ენკაუსტიკით, ზეთით, აკვარელით, გრაფიკულად. რა გიბიძგებს მრავალფეროვნებისკენ?
-უნივერსიტეტში შევისწავლე სხვადასხვა ტექნიკა. ჩემთვის ძალიან საინტერესოა ზეთში მუშაობა, ნამუშევრები მეტად რეალისტურია, თუმცა ასევე მომწონს დაზგური გრაფიკა, კერძოდ, ლინოგრავიურა. ეს ტექნიკა მოითხოვს არა მხოლოდ ხატვის ცოდნას, არამედ ხედვას და გემოვნებიან შეხამებას. რადგან ლინოგრავიურაზე მუშაობის პროცესში, წინასწარ ვერ განჭვრეტ რა გამოვა ბოლოს. მუშაობ ლინენიუმზე, ჭრი საჭრელი დანებით, ფორმებს სილუეტებს ჭრი, შემდეგ ნამუშევრები ქაღალდზე გადადის. თავად პროცესი, შედეგის მოლოდინი და საბეჭდი დაზგის ეფექტი ფურცელზე იმდენად დიდია, რომ ინტერესს ნებისმიერ მნახველს უღვივებს.

-ენკაუსტიკა — ნაკლებად ცნობილი ტექნიკაა საქართველოში, როგორ დაინტერესდი და რა პროცესია შენთვის ?
-ენკაუსტიკის ნამუშევრები ვნახე უნივერსიტეტში, შემდეგ მოვიძიე ინფორმაცია და მეც გავიარე ეს კურსი. ენკაუსტიკა, ანუ ცვილით და პიგმენტებით ხატვა, ძალიან სასიამოვნო, უძველესი ტექნიკაა, ენკაუსტიკა მეტად რთული და ამავე დროს ყველაზე გამძლე ტექნიკაა. ჩემთვის დიდ ინტერესს იწვევდა ის ფაქტი, რომ სწორედ ენკაუსტით სრულდებოდა ძველად ხატების უმეტესობა, თუმცა დღესდღეისობით რამდენიმე კერა შემორჩა, სადაც შესაძლებელია ამ ტექნიკის შესწავლა.
-გრაფიკული დიზაინი დღეს ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. შენთვის ეს პროფესიული მიმართულებაა, თუ პირად შემოქმედებასაც უკავშირდება?
-დავამთავრე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული დიზაინი და დაზგური გრაფიკა. დაზგური გრაფიკა ჩემთვის ინტერესის სფეროს წარმოადგენს, რადგან ყოველთვის დაინტერესებული ვიყავი ნამუშევრის ფიზიკურად შექმნით. ჩემი ფანტაზიისა და წარმოსახვის რეალობად ქცევა და საზოგადოებისთვის ჩვენებაა ზემოთ ხსენებული ტექნიკების შესწავლის მიზეზი.
–რა განწყობით მუშაობ — გაქვს მკაფიო გეგმები წინასწარ, თუ იმპულსზე, მომენტის შეგრძნებაზე აგებ ყველაფერს?
-ზოგადად მიყვარს წინასწარ დაგეგმვა ცხოვრებაში, ასევე სამომავლო მიზნების დასახვა, თუმცა არა ხელოვნებასა და ხატვის პროცესში. რა თქმა უნდა, ხატვის დროს აუცილებლად ვაკეთებ ჩანახატებს და გეგმებს, თუ რა შეიძლება დავხატო, მაგრამ შედეგი იგივე არასოდესაა(ან უკეთესია ან უარესი)

–ყოფილა ნამუშევარი, რომელსაც თავადაც გაუოცებიხარ?
-ჩემი სადიპლომო ნამუშევრები სერია „ბავშვობის მოგონებები“, შესრულებულია ლინოგრავიურაზე. როგორც ზემოთ აღვნიშნე, შეუძლებელია წინასწარ განსაზღვრო შედეგი, როგორი დაიბეჭდება, თუმცა ამ სერიამ ნამდვილად აღმაფრთოვანა.
–რამდენად ცვლის ციფრული ტექნოლოგიები შენს ხედვას, ან სტილს?
-ციფრული ტექნოლოგიები დიდად არ ცვლის ჩემს სტილს, რადგან მე უფრო ძველ სტილს და ტექნიკებს ვემხრობი. დაზგაზე ხელით მუშაობა, ფუნჯით ხატვა, ცვილის ქურაზე ლღობა და საღებავებთან მიქსი, სწორედ ეს ხდის მუშაობის პროცესს ჩემთვის საინტერესოს.
–შენი ნახატები/დიზაინები საკმაოდ თანამედროვე და ვიზუალურად მკვეთრია. ამ ყველაფერში სად ხარ შენ პირადად, ავტორი?
-ხატვის დროს მნიშვნელოვანია ვიყო მშვიდ გარემოში. ჩემთვის ხატვა არა მარტო ხელოვნება, არამედ ტექნიკა და ცოდნაა, ფერების, ხაზებისა თუ კონტურების თანწყობა, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ვიყო მშვიდად, მეც და გარემოც.
-რას ფიქრობ იმაზე, როგორ აღიქვამენ შენს ხელოვნებას სხვები? მნიშვნელოვანია შენს ჩანაფიქრს ხვდებოდნენ თუ თავისუფლად აძლევ ხალხს ინტერპრეტაციის სივრცეს?
-ჩემს ნამუშევრებში მსურს ხალხმა მათი ხედვა განავითაროს. სწორედ ეს მიმაჩნია ხელოვნების და ხედვის განსაკუთრებულობად. გადმოსცემ შენი ბავშვობის მოგონებას, თუმცა დამთვალიერებელი მას აწმყოს უკავშირებს. ეს პროცესი და მნახველის თვალით დანახული ნამუშევარი, ძალიან საინტერესოა მხატვრისთვის.
-თქვენც და თქვენი მეუღლეც ხატავთ, თუმცა სრულიად განსხვავებული ტექნიკით, ყოფილა შემთხვევა, როცა ერთმანეთის ნამუშევარმა გაგაკვირვათ ან რამე ახლებურად დაგანახათ?
-ყოველთვის ვცდილობ მეუღლეს დავეხმარო ან ცოდნა გავუზიარო, მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებულ სტილში და ტექნიკებში ვხატავთ, როგორც დამთვალიერებელი და „უცხო თვალი“, მნიშვნელოვანია სხვა მხატვრის აზრი მუშაობის პროცესში. ძალიან კმაყოფილი და ნასიამოვნები ვარ ჩემი მეუღლის ნამუშევრების განვითარების ყურებით, ყოველი ნახატი მომდევნოზე უკეთესია.
–რამდენად საუბრობთ ხატვაზე ყოველდღიურობაში? უზიარებთ ერთმანეთს დეტალებსა და მოსაზრებებს თუ დამთვალიერებლად რჩებით ერთმანეთისთვის?
–ყოველდღიურობაში არ ვსაუბრობთ ნამუშევრებზე. თუმცა კრიტიკულად ვაფასებთ ერთმანეთის ნამუშევრებს.
-ყოფილა ისეთი იდეა, რაც ერთ-ერთი თქვენგანისგან წამოსულა და მეორემ განავითარა — თუნდაც ვიზუალურად არ გამოხატულიყო, მაგრამ ფიქრის დონეზე?
-კი, ერთმანეთს ჩანახატებსა და აზრებს ხშირად ვუზიარებთ. რაც, რა თქმა უნდა , ნამუშევრის შექმნაში გვეხმარება.
–სამომავლოდ გიფიქრიათ ერთ სივრცეში გამოფენა — „ორი ხედვა, ერთი ოჯახის“ სტილში?
-არ გვიფიქრია და გვიმსჯელია ამაზე, თუმცა ძალიან კარგი იდეაა და აუცილებლად ვიფიქრებთ.
-და ბოლოს, თქვენს ნამუშევრებს რომ აღწერდეთ ერთ ფრაზად ან სიმბოლოდ, რაც არა მარტო სტილს, არამედ თქვენ შორის არსებულ კავშირს ასახავს — რა იქნებოდა ეს?
-„შერწყმა მოგონებებსა და ფიქრებს შორის“.



მარიამ ონიანი