საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, 4 შერჩეულ რეგიონში: მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში ახალ მასშტაბურ საინვესტიციო პროექტს ახორციელებს, რომელიც მიზნად ისახავს შერჩეულ რეგიონებში ირიგაციისა და დრენაჟის სისტემების გაუმჯობესებას, სასოფლო-სამეურნეო წარმოების პროდუქტიულობის ზრდასა და ირიგაციის, მიწის მართვის ეროვნული ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას.
ამ მიზნით პროექტის ფარგლებში დაგეგმილია:
მაგისტრალური, მეორე და მესამე რიგის არხების, სადრენაჟე სისტემებისა და სხვა დამხმარე ინფრასტრუქტურის განახლება;
რეაბილიტირებული არხების მართვისა და კონტროლის თანამედროვე სისტემით აღჭურვა;
პროექტით გათვალისწინებულ არეალებში მცხოვრები ფერმერებისა და აგრობიზნესების მხარდაჭერა თანადაფინანსების გრანტებისა და ტრენინგების მეშვეობით;
საირიგაციო სერვისების გაუმჯობესება ინსტიტუციური რეფორმების განხორციელების, წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების ფორმირების, განახლებული ტარიფის დანერგვისა და კლიმატგონივრული აქტივობების დაგეგმვის გზით.
აღნიშნული ინიციატივის განხორციელება შეუწყობს ხელს სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის ზრდას, რაც პირდაპირ აისახება ფერმერთა კეთილდღეობასა და ქვეყნის საერთო ეკონომიკურ წინსვლაზე. საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტი (GRAIL)-ს საერთო ჯამური ღირებულება 150 მლნ დოლარზე მეტს შეადგენს და თანაბრად დაფინანსდება რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკისა (IBRD) და საქართველოს მთავრობის მიერ.





