
თოჯინების საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „მზიანი საქართველო“ ქალაქ ქობულეთში მეორედ ჩატარდა და ქვეყნის მასშტაბით 13-მა მუნიციპალურმა თეატრმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის იყო ბოლნისის მუნიციპალიტეტის თოჯინების თეატრი, რომელმაც მაყურებლისთვის სპექტაკლი „დედობილი მელაკუდა“ წარმოადგინა. სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფმა მოზარდებმა კი ჩრდილების თეატრი დადგეს ასევე მონაწილეობა მიიღეს ხელნაკეთი ნივთების გამოფენაში.

„ძალიან კმაყოფილები ვართ ფესტივალში მონაწილეობით, პირველ რიგში მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს მოწვევისთვის, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიას კი დახმარებისთვის. ფესტივალზე წაყვანილი გვყავდა სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი 14 მონაწილე, რომელთა სრული დაფინანსება მერიამ უზრუნველყო. 6 დღე მოსწავლეები ისვენებდნენ ზღვაზე, ყოველდღიურად უტარდებოდათ ტრენინგები, სწავლობდნენ როგორც ხელსაქმეს, ასევე სხვადასხვა საგნებს და ცეკვას, რაშიც გვეხმარებოდა სპორტულ-ლათინური ცეკვების ქორეოგრაფი გოჩა ხელიძე. სპექტაკლის თამაშში კი ჩართულები იყვნენ და აქტიურად გვეხმარებოდნენ, თოჯინების თეატრის ნორჩი მსახიობები.

ფესტივალს ძალიან კარგი გამოხმაურება მოჰყვა, გრან-პრი აიღო ოზურგეთის თეატრმა, ხოლო მონაწილე ბავშვები და თეატრები დიპლომებით დაჯილდოვდნენ. თეატრალური ფესტივალის ორგანიზატორებმა ეროვნულ-კულტურული ტრადიციების დამკვიდრებისა და ზნეობრივ-ესთეტიკური ინტერესების განვითარებისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერს დავით შერაზადიშვილს და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელს სოსო კოპალეიშვილს დიპლომები გამოუგზავნეს, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბავშვების გახარებისთვის და ასეთი ლამაზი დღეების ჩუქებისთვის“. აღნიშნა bolnisi.ge-თან თოჯინების თეატრის ხელმძღვანელმა თამარ ბობოხიძემ.