ვაზი, მუხა და დრო – ბოლნისელი მეღვინის ამბავი

ბოლნისში მეღვინეობა მხოლოდ საქმიანობა არ არის –  თაობიდან თაობას გადაცემული ცოდნა და ოჯახური ჩვეულებაა. სწორედ ასეთ ტრადიციაზეა დაფუძნებული მირიან ურუმაშვილის ღვინის ისტორია, რომლის ფესვებიც 1954 წლამდე მიდის, როდესაც მისმა პაპამ, ილია ურუმაშვილმა,  პირველი ვაზი გააშენა. მოგვიანებით, ეს საქმე დედამ, დოდო ურუმაშვილმა, გააგრძელა, ხოლო დღეს მირიან ურუმაშვილი, თანამედროვე ცოდნითა და საკუთარი ხედვით აგრძელებს ოჯახურ გზას.

მირიან ურუმაშვილის პროფესიული გზა, თავდაპირველად, მეღვინეობასთან პირდაპირ კავშირში არ ყოფილა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მან მუშაობა სს „მადნეულში“ დაიწყო, ოჯახის მეურნეობაზე ზრუნვა კი პარალელურად გადაიბარა. დედისგან მეურნეობა სრულად მე გადავიბარე და ნელნელა მივხვდი, რომ ეს საქმე მხოლოდ ტრადიცია კი არა, ჩემი გზაც იყო, — აღნიშნავს იგი.

გადამწყვეტ ეტაპად 2022 წელი იქცა. სწორედ მაშინ, გაერთიანება „ღვინო ბოლნისის“ ხელმძღვანელმა, გურამ ავქოფაშვილმა, ბოლნისური ღვინოები სარდინიის ღვინის ფესტივალზე წარადგინა. ღვინოებს ქართველი და იტალიელი სომელიეები აფასებდნენ და ჩემმა ღვინომ საკმაოდ მაღალი შეფასება მიიღო, რის შემდეგაც სარდინიის კონკურსში მონაწილეობის უფლება მომეცა“, იხსენებს მირიან ურუმაშვილი. მისივე თქმით, ამას მოჰყვა მთაწმინდის ღვინის ფესტივალი, პირველი რეალიზაცია და პირველი პრაქტიკული შედეგი.

მიღებული შემოსავალი ცოდნის გაღრმავებას მოახმარა. პირველი გაყიდვებიდან მიღებული თანხით სწავლა დავიწყე ქართული ღვინის გილდიაში და ოთხთვიანი კურსი გავიარე ღვინის წარმოების ტრადიციულ და თანამედროვე მეთოდებში. 2024 წელს სწავლა გააგრძელა ხეცურიანის სომელიეთა სკოლაში საერთაშორისო პროგრამით, 2025 წელს კი Wine & Spirits Education Trust-ის (WSET) მეორე დონის კურსით. პარალელურად, სხვა ბოლნისელ მეღვინეებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო HELVETAS Swiss Intercooperation-ისა და WINS Global Consult-ის მიერ განხორციელებულ გადამზადების პროექტშიც.

მირიან ურუმაშვილის მეღვინეობის ერთ-ერთი გამორჩეული მახასიათებელი ტექნოლოგიური არჩევანია – ქვევრის ნაცვლად მუხის ჩანები და კასრები. როგორც თავად განმარტავს, ეს არჩევანი ბოლნისის ისტორიულ გამოცდილებას ეყრდნობა: მე-19 საუკუნის დასაწყისში, როდესაც გერმანელი კოლონისტები ჩამოსახლდნენ ბოლნისში, ქვევრში ღვინის დაყენება მათთვის რთული აღმოჩნდა და დაიწყეს მუხის ჩანებისა და კასრების გამოყენება. მუხას ადგილობრივად მოიპოვებდნენ და სწორედ, აქედან დაიწყო ქართულგერმანული ღვინის ტექნოლოგია“.

ღვინის დაყენების პროცესი მის მარანში მკაცრად განსაზღვრულია: ყურძენი იწურება მუხის ჩანში, გადის ფერმენტაციას დაახლოებით 21 დღის განმავლობაში და შემდეგ მუხის კასრებში გადაგვაქვს. საბოლოოდ ვიღებთ ქარვისფერ ღვინოს, რომელიც ჯიშური და მუხის არომატების ნაზავია და ღვინოს განსაკუთრებულ კომპლექსურობას სძენს“.

დღეს მირიან ურუმაშვილი აწარმოებს რქაწითელისა და საფერავის მშრალ ღვინოებს. პირველ წელს 1500 ბოთლი რქაწითელი დავაყენე, შემდეგ დაემატა საფერავი და ამ ეტაპზე,  დაახლოებით, 2000 ბოთლს ვაწარმოებ.  სამომავლო გეგმებში აქვს თავკვერისა და შავკაპიტოს ჯიშებიდან ღვინის წარმოება, ასევე ექსპერიმენტი დერგში – „ქართული თიხის ღვინის ჭურჭელი, ქვევრის ფორმის, თუმცა მიწაში ჩაუმარხავი“.

მეღვინისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს გაერთიანება „ღვინო ბოლნისს“. მისი თქმით, ბოლნისის ღვინის ფესტივალი უკვე ტრადიციად იქცა და ყველა მეღვინეს, ვინც ბოლნისურ ადგილწარმოშობის ღვინოს აწარმოებს, აძლევს საშუალებას უშუალო ურთიერთობა დაამყაროს სხვადასხვა ქვეყნის ბაიერებთან, ღვინის მაღაზიებისა და ბარების წარმომადგენლებთან. ამავე სივრცეში მოქმედებს ქართულ-გერმანული ღვინის სახლიც, სადაც ხდება ბოლნისური ღვინოების რეალიზაცია, სტუმრების მიღება და საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარება.

ახალგაზრდა მეღვინეებს მირიან ურუმაშვილი კონკრეტულ რჩევას აძლევს: მეტი ცოდნა უნდა მიიღონ, როგორც მევენახეობის, ისე მეღვინეობის მიმართულებით ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გლობალური დათბობის პირობებში, როცა ახალი გამოწვევები ყოველდღიურ რეალობად იქცა“.

მისი შეფასებით, ბოლნისს ღვინისა და კულტურული ტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. გადაჭრილი გორა, სადაც ღვინის მჟავის ისტორიული ნაკვალევია ნაპოვნი, ბოლნისის სიონი თავისი დამწერლობით, სამშვილდე მისი სიდიადით ეს ყველაფერი შეიძლება ერთიან გასტრონომიულკულტურულ მარშრუტად იქცეს და რეგიონში მეტი სტუმარი მოიზიდოს“, – აღნიშნავს მეღვინე.

მირიან ურუმაშვილის ისტორია ნათლად აჩვენებს, როგორ შეიძლება ოჯახური ტრადიცია, ისტორიული გამოცდილება და თანამედროვე ცოდნა ერთიან გზად გადაიქცეს – გზად, რომელიც ბოლნისური ღვინოს ახალ, საერთაშორისო კონტექსტში დამკვიდრებას უწყობს ხელს.

                                                                                                                  მარიამ ონიანი

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული