პარასკევი, ივნისი 20, 2025
spot_img
Homeრელიგიადედა ეკლესია - სასუფეველში შემავალი ერთადერთი კარიბჭე

დედა ეკლესია – სასუფეველში შემავალი ერთადერთი კარიბჭე

   

,,ისინი ათეისტებს არ უწოდებენ საკუთარ თავს, მათ რომ ჰკითხო, კომუნიზმი და ბოლშევიზმი სძულთ, მაგრამ საქმით და არსით, ისინიც ებრძოდნენ ეკლესიას, უარყოფდნენ ჭეშმარიტებას და  სდევნიდნენ,  უბრალოდ, ფორმები დაიხვეწა, მაშინ მეტი იყო ტერორი, დაპირისპირება და ნგრევა,  ეხლა,  სხვადასხვა დეზინფორმაციის გაშუქებით, სასულიერო პირების მიზანმიმართული დისკრედიტაციით, გრძელდება.  რა თქმა უნდა,  ეკლესიაშიც ადამიანები არიან,  იქაც არის გარკვეული ცდუნებები, ცოდვა და ნაკლი, მაგრამ ეს არის მებრძოლი ეკლესია. ჩვენ ვცდილობთ განვითარებას და დახვეწას, მაგრამ ამ ჩასაფრებულთა მიზანია, სიძულვილი ეკლესიის მიმართ ,რომ ადამიანებმა ზურგი აქციონ მას“

 ბოლნელი მთავარეპისკოპოსი, მეუფე ეფრემი გვილოცავს  შობა ახალ წელს და სხვადასხვა გამოწვევებზე გვესაუბრება 

-უპირველეს ყოვლისა დაგლოცავთ, მივესალმები თქვენს მკითხველს, დავლოცავ ჩვენს ეპარქიას, მშვიდობა და ჯანმრთელობა მოგვცეს ღმერთმა, ქართველი კაცი ყოველთვის იმედით შეჰყურებდა მომავალს და ამ სულიერი სიმხნევით, კიდევ ერთი მარხვა დაგვიდგა, წლის ბოლოს არის შობის მარხვა და ჩვენი ეკლესია გვამზადებს ამ უდიდესი დღესასწაულისთვის. მარხვა ეს არის განწმენდა ვნებებისგან, ამისათვის ჩვენ ვეწევით  თავშეკავებას ხორცეული პროდუქტებისაგან,  მეორე მხარეა შინაგანი, როდესაც ადამიანი განიცდის მის მიერ ჩადენილ ცოდვებს, ამისთვის არსებობს მოძღვარი  და აღსარება, სადაც ადამიანი მოინანიებს, დაფიქრდება, ეცდება დაიწყოს ახალი ცხოვრება, ყოველი დღე ახალია და ადამიანი უნდა ცდილობდეს, ყოველთვის ახალი ცხოვრების დაწყებას.  არ არსებობს უცოდველი ადამიანი, მთავარია სინამდვილეს გავუსწოროთ თვალი, ვინ ვართ ჩვენ ღვთის წინაშე, საკუთარი თავის წინაშე, სწორედ მარხვის არსი ისაა, რომ ადამიანმა საკუთარ სულში ჩაიხედოს, მოინანიოს და   გამოსწორდეს, ამაში ჩვენ გვეხმარება ღვთის მცნებები, დარიგებები, რაც მოცემულია წმინდა წერილებში,  სახარებაში, მამათა დარიგებებში, ასე განწმენდილი გულით უნდა შევხვდეთ შობის დღესასწაულს, რომ ჩვენს გულში დაიბადოს უფალი.  მთავარია, უფალთან ერთად  მიდიოდეს ადამიანი  ამ წუთისოფლის გოლგოთის გზაზე, როგორც     უფალმა გაიარა, მიიტანოს საკუთარი ჯვარი,   რომ მარადიულ ცხოვრებაში აღდგეს და დიდებით განისვენოს უფალთან ერთად

-მეუფევ,  რა არის მარხვა სინანულის გარეშე?

– აზრი და ფასი ეკარგება ხორციელ მარხვას, თუკი ადამიანში არაა სინანული.  სამწუხაროდ,  ეს მთავარი გვავიწყდება, ვიცავთ გარეგნულ მხარეს და შინაარსი რჩება ყურადღების მიღმა.   ეფრემ ასური მოგვიწოდებს: მომანიჭე განცდა  თვისთა ცოდვათა, სანამ სხვის ნამოქმედარს შევაფასებდეთ, შევაფასოთ საკუთარი თავი, უამრავი ნაკლი, რომლის გამოსწორებაც გაცილებით სასარგებლო იქნება არა მარტო ჩვენთვის, არამედ  გარემო სამყაროსთვის, ასე რომ, გამოსწორება დავიწყოთ საკუთარი თავით, ამას გვასწავლის დედა ეკლესია და ესაა აზრი ჩვენი ცხოვრებისა.

 -არიან,  მეუფევ, ადამიანები, მარხულობენ და ეკლესიაში არ დადიან

-ეკლესიაა დედა, დედის წიაღში უნდა მოხდეს ბავშვის აღზრდა, იმდენად რთულია სულიერი ცხოვრების  ნიუანსები და ცდუნებები, ადვილად შესაძლებელია ამ თვითრჯულობით და თვით დაწესებით ადამიანი შეცდეს, შეიძლება გარეგნულად ეს ნორმალურად გამოიყურება, მაგრამ მერწმუნეთ, ბოროტ ძალას  იმდენი დახვეწილი ხაფანგი და ცდუნება აქვს,  რომ  შესაძლოა ადვილად აღმოჩნდე მავნე ზეგავლენის ქვეშ. კარგია, თუ ადამიანს სურვილი დაებადა ეკლესიურად, ღვთის მცნებებით დაიწყოს ცხოვრება, მაგრამ გაუგებარია, რატომ იკავებს თავს, ჰყავდეს გამოცდილი მოძღვარი, რომელიც მისცემს რჩევა-დარიგებებს? აქ შესაძლოა გაჩნდეს კთხვა, რამე პრობლემა ხომ არა აქვს ამ ადამიანს ეკლესიასთან, ან მოძღვართან, რატომ ცდილობს გაემიჯნოს ეკლესიას და თავისი სამყარო მოიწყოს? ამიტომ, ჩვენ უნდა ვიყოთ დედა ეკლესიის შვილები, ადამიანს თავისი მიმდინარეობა არ უნდა ჰქონდეს,  ეს გზის აცდენაა, ამიტომ ასეთებს მოვუწოდებ, კარგია რომ მარხულობს, მაგრამ აუცილებლად მივიდეს ეკლესიაში, მოძღვართან, მოინანიოს და მიტევება მიიღოს. ჯერ მოციქულებს მისცა ღმერთმა ამის ხელმწიფება, მოციქულთა ხელდასმით  მღვდელმთავრებს და შემდგომ სამღვდელოებას. აღსარება უნდა ითქვას მოძღვართან და მერე მიიღოს წმინდა ზიარება, ამას ადამიანი ინდივიდუალურად ვერ შეძლებს, ამიტომ ყველა ეკლესიაში უნდა გაერთიანდეს, ის არის ერთადერთი კარიბჭე სასუფეველში შემავალი.

– მეუფევ, რა გამოწვევების წინაშე დააყენა ეკლესია პანდემიამ?

-ეს გლობალური საკითხია და ყველას შეეხო, მთელი დედამიწა მოიცვა ამ უხილავმა განსაცდელმა.   არსებობს აზრთა სხვადასხვაობა ამის თაობაზე, არის ვერსიები, რომ შესაძლოა ეს ხელოვნური იყოს, ყოველ შემთხვევაში, ღვთის ნებისა და დაშვების გარეშე, არაფერი  ხდება, როცა ადამიანურმა ცოდვებმა,  ცხოვრების არასწორად გააზრებამ, როდესაც ადამიანი არასწორად იყენებს  საღვთო მოცემულ მეცნიერულ მიღწევებსა და შესაძლებლობებს, შინაგანი ცოდვა ბევრ სირთულეს  წარმოშობს და იკრიბება ეს ყველაფერი,  ეს მოცემულობაა და ფაქტია, ვირუსი არსებობს, არ ინდობს არავის, მთავარი იმედი მორწმუნისთვის უფალია, ის რაც არ შეუძლია ადამიანს, შეუძლია ღმერთს, ამიტომ ეკლესია ლოცულობს, საშველია უფლის  ვედრებაში   და ლოცვაში. ამ განსაცდელში, როდესაც, ჯერჯერობით არც  წამალია, არც მეცნიერული მიღწევები და ყველა ერთ ქვაბში ვიხარშებით,  სად ვხედავთ საშველს მორწმუნე მართლმადიდებელნი, თუ არა დედა ეკლესიის წიაღში. არ უგულებელჰყოფს   ეკლესია  წამლის გამოყენებას, თუ კი ეს გონივრული იქნება და ღვთიურს არ ეწინააღმდეგება, აქაც ადამიანებს სხვადასხვა აზრი აქვთ, თვითონ წყვეტენ რა წამალი გამოიყენონ, ან გამოიყენონ თუ არა.  ეკლესიამ   ცალსახად გამოაცხადა,   რახან ეს საღვთისმეტყველო საკითხი არაა და  სამედიცინო სფეროა,  ადამიანმა თავად უნდა გადაწყვიტოს, რომელ ექიმს დაუჯეროს და რომელ აფთიაქში შეიძინოს წამალი.  ეკლესიის  ოფიციალური პოზიცია ამ თემასთან მიმართებაში, რომ არც აცრა, არც აუცრელობა, დაღუპვის ტოლფასი არაა. არ ვარჩევთ  ვინ ეზიაროს, ვინ არ ეზიაროს აცრილებისა და აუცრელების მიხედვით, ამის ცალსახა მოწოდება, ან არ მოწოდება, ეკლესიის მხრიდან მართებული არ არის.  რაც შეეხება შეზღუდვებს, ადამიანებს აქაც უნდა მიეცეთ თავისუფალი  ცხოვრების და მოქმედების საშუალება, რადგან არ იქნება მართალი დიფერენცირებულად განვასხვავოთ.   ამან ყოფით ცხოვრებაში გარკვეული დაპირისპირებები გამოიწვია, განკითხვა არ უნდა ხდებოდეს. გადაწყვიტოს ადამიანმა, ამას სამედიცინო მხრიდან შეხედავს, თუ სოციალური მხრიდან, მათი არჩევანია, ეკლესიამ მოუწოდა სახელმწიფოს, რომ  განსხვავებებისგან თავი შეიკავოს

 -ზოგიერთნი ამ აცრაში ანტიქრისტეს ნიშანს ხედავენ, ხომ არ მიგაჩნიათ მეუფევ, რომ ეკლესიამ ცოტა გამოკვეთილი პოზიცია დააფიქსიროს?

-იმ საშინელებას, იმ დამღუპველს, რასაც ადამიანები ფიქრობენ ანტიქრისტეს ბეჭედს, ეს ის არ არის.  ეს სინოდის განჩინებაში იყო, ასეთი რამე რომ ყოფილიყო,  ეკლესია იტყოდა,  მომავალში რა იქნება, არავინ იცის, ტექნიკურად და რეალურად, როდის რა იქნება, არავინ იცის, ბუნებრივია მორწმუნეებში არის გარკვეული  სიფრთხილე, ესეც გასაგებია, მაგრამ ფანატიზმში და პანიკურ შიშში არ უნდა ჩავარდეს ადამიანი, არც ერთი უკიდურესობა ვარგა,  არც მეორე, ამ ორში  გონივრული და საღი  არჩევანი უნდა გააკეთოს ადამიანმა, ამიტომ იყო   ეკლესიის პოზიციაში ცალსახად  ნათქვამი, რომ გაფრთხილდით, გამოიკვლიეთ,  ჩვენმა ეკლესიამ გონივრული, ფრთხილი სამეუფეო გზა, ოქროს შუალედი  აარჩია, მარჯვნივაც საფრთხეა, მარცხნივაც  და, სად გადავარდები, რა მნიშვნელობა აქვს, ამიტომ, სიფრთხილე გონივრულია,  მაგრამ ამასაც გარკვეული ზღვარი და ფარგლები გააჩნია, ყველაფერში შავი და უბედურება არ გეჩვენებოდეს. იმედია, ჩვენი უწმინდესის დიდი გამოცდილებით, სიბრძნით და მამამთავრული წინამძღოლობით, გონივრულ და სწორ არჩევანს გააკეთებს ეკლესიის სისავსე და ეს მიეწოდება მრევლს. მაგრამ კარგ მთქმელს, კარგი გამგონე უნდა და ადამიანს, როგორც აწყობს, ისეთ ინტერპრეტაციას აკეთებს,   ჩვენი მოწოდება იქნება, კარგად ჩავწვდეთ შინაარს და თავი შევიკავოთ ზედმეტი ემოციებისგან. ეკლესია წამლის, ექიმის, აცრების წინააღმდეგი არაა.  არიან ადამიანები, რომლებიც აიცრნენ, ეს მათი არჩევანია, არიან ისეთები, ვინც ამას არ ეთანხმება,  ამის გამო განვკვეთოთ და დავღუპოთ? ეს უფრო დაყოფს და დააპირისპირებს ადამიანებს. ამ შემთხვევაში  მრევლი უნდა დაუკვირდეს ეკლესიის პოზიციას და გამოიტანოს დასკვნა. რამდენი ადამიანიცაა, იმდენი აზრია, მაგრამ ხომ არსებობს ეკლესიის აზრი, კრებსითი გადაწყვეტილება, ღვთიური სიბრძნე და ვიხელმძღვანელოთ ამით. მომავალშიც გვექნება ახალი გამოწვევები, ამაზეც იმსჯელებს ეკლესია, იმედია დრო ყველაფერს დაალაგებს, ჩვენ ვილოცოთ და ვიყოთ რწმენით.

 –მეუფევ,  ბოლშევიზმი, რომელიც  70 წლის განმავლობაში ანგრევდა რწმენას სულიერად და ფიზიკურად, არის თუ არა თანამედროვე ლიბერალიზმი?

 -არ ახალია ბოროტი ძალის  ბრძოლა ღვთივდადგენილი ეკლესიის და  ჭეშმარიტების წინააღმდეგ. ეშმაკმა პირდაპირი ბრძოლა შეჰკადრა   ქრისტეს, უფალმა ჯვარცმა მიიღო, რითაც ეშმაკი დამარცხდა და დაკარგა ხელმწიფება ჯოჯოხეთზე და სიკვდილზე, ეს გაბოროტებული  ძალა, მთელი ოცი საუკუნეა ცდილობს ადამიანის სული მოინადიროს და მასთან ერთად ჯოჯოხეთში გაიყოლოს, ამ ქვეყნად მთავარი საგუშაგო, ციხე ბურჯი, სვეტი  და სიმტკიცე,  არის ეკლესია,  სწორედ მას ებრძვის ეს ძალა, რეჟისორი ამ გლობალური შეტევას, ბოროტი ძალა ჰყავს, რომ როგორმე ეკლესიას წაართვას შვილები, ადამიანის სულზე ძვირფასი ამ ქვეყნად არაფერია, არც სიმდიდრე და დოვლათი, არც ოქრო-ვერცხლი და მთელი დედამიწა, რადგან ის არის უკვდავი არსება, ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილი.  ამ ჟამთა მიწურულს, როდესაც უკვე ბოლოსკენ მივდივართ,  ბუნებრივია ბოროტმა გაამძაფრა ეს ბრძოლა, ისტორიაში უამრავი გლობალური აფეთქებები იყო ათეიზმის პერიოდში, რომელსაც შემდგომ ბოლშევიზმი ეწოდა,  ჩეხავდნენ და აწამებდნენ ქრისტიანებს, გასული საუკუნის მთელი 70 წლიანი  პროცესია ბოლშევიზმის, ფაქტიურად, ეს 90-იანი წლები ერთგვარი აღმავლობის ხანა იყო და უწმინდესის  ნაყოფიერი მოღვაწეობით, აღორძინდა ეკლესია და ქართველი ერი შემობრუნდა ეკლესიისკენ, დამოუკიდებლობაც მოვიპოვეთ, მაგრამ ახალი ძალით, ბოლო ათწლეულია იფეთქა და დაარქვეს ნეობოლშევიზმი, ფაქტიურად ეს არის ათეიზმის ფერისცვალება,  ისინი ათეისტებს არ უწოდებენ საკუთარ თავს  და მათ რომ ჰკითხო, კომუნიზმი და ბოლშევიზმი სძულთ, მაგრამ საქმით და არსით ისინიც ებრძოდნენ ეკლესიას, უარყოფდნენ ჭეშმარიტებას და ესენიც, ისინიც სდევნიდნენ და ესენიც, უბრალოდ ფორმები დაიხვეწა, მაშინ მეტი იყო ტერორი,  დაპირისპირება და ნგრევა,  ეხლა  ტელევიზიით სხვადასხვა დეზინფორმაციის გაშუქებით, სასულიერო პირების მიზანმიმართული დისკრედიტაციით, რა თქმა უნდა ეკლესიაშიც ადამიანები არიან,  იქაც არის გარკვეული ცდუნებები, ცოდვა და ნაკლი, მაგრამ ეს არის მებრძოლი ეკლესია, ჩვენ ვცდილობთ განვითარებას და დახვეწას, მაგრამ ამ ჩასაფრებულთა მიზანია სიძულვილი ეკლესიის მიმართ, რომ ადამიანებმა ზურგი აქციონ მას, ისინი ყველაზე მოწყვლად ფენაზე, ახალგაზრდებზე მუშაობენ. მოზარდს, რომელიც ახლა გამოდის ასპარეზზე, გარკვეულ აზრებს უნერგავენ, ამას ქადაგება უნდა დავუპირისპიროთ, მეტი აქტიურობა, ადამიანებთან მისვლა და ცოცხალი მაგალითის მიცემაა საჭირო. პირველ რიგში, ეს სასულიერო პირებს გვევალება, მერე მშობლებს, ოჯახს და სკოლას. კეთილის და ბოროტის გარჩევა ახალგაზრდებს აქედან უნდა ვასწავლოთ. სამწუხაროდ, იმ ტენდენციასაც ავრცელებენ ახალგაზრდებში, რომ არავინ და არაფერია ავტორიტეტი, აქაა  ცდუნების გათვლა, როგორ შეიძლება მშობელს არ ჰქონდეს უფლება მიუთითოს, თუნდაც დატუქსოს,  ყველაფრისგან თავისუფალი იყოს რწმენისგან, ტრადიციისგან, ეკლესიისგან, ღირსებისგანაც, სირცხვილისგანაც, და რას მივიღებთ? ეს იქნება ქაოსი და უმართავი პროცესი,  ნათქვამია, ვიწრო კარიბჭეს სამოთხეში შეჰყავს ადამიანები, დიდ დინებას ჯოჯოხეთშიო, აქ უკვე თითოეულ ოჯახზე და  მოზარდზეა დამოკიდებული. ეკლესიამ, ოჯახმა და საზოგადოებამ ერთად  უნდა იფიქროს ამაზე, თუ ერთიანობაში არ განვიხილეთ ეს საკითხი,  ცალკეულად გადაჭრა შეუძლებელი იქნება.

– ამ ძნელბედობის ჟამს, ახალი წლის მოსვლა მაინც გვიღვივებს  სიხარულის და იმედის ნაპერწკალს , მოგვილოცეთ მეუფევ

-გვახალისებს და ამ რთულ დროში ნუგეშს გვგვრის ახალი წლის და შობის შემობრძანება, ეს მომავლის და უკეთესის იმედთანაა დაკავშირებული.  მე მინდა დაგლოცოთ თითოეული ბოლნისელი, მრევლი,  ბოლნისში მცხოვრები, განურჩევლად ეროვნებისა და რელიგიისა, ყველას სიკეთე და სიხარული, ღვთის წყალობა, გამრავლება და ჯანმრთელობა ვუსურვო, იმედია ეს წელი გაჭირვების და პანდემიის ბოლო წელი იქნება,  ვაკეთოთ  და  ვთესოთ სიკეთე, სიყვარული გავუნაწილოთ ერთმანეთს და ღმერთი ასმაგად დაგვიბრუნებს უკან, სხვაგვარად ბედნიერება არ არსებობს, ის არ იძებნება უცხო ქვეყნებში, მატერიალურ დოვლათში და დიდებულ სასახლეებში, ის იძებნება სიყვარულში, სიკეთეში, მიტევებაში, ინებოს უფალმა მთელი საქართველო იყოს ერთიანი და არ იყოფოდეს მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად, გაერთიანებულიყოს და არ დანგრეულიყოს ოჯახები,  ვიყოთ იმედით, რწმენით და  სიყვარულით. გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.

 ბელა ონიანი

მსგავსი სტატიები
- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები