ღვინის არომატით სავსე ქალაქში, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი, უკვე მესამედ გაიმართა. ტრადიციად ქცეული ღონისძიება, წელსაც ბოლნისის გერმანულ უბანში ჩატარდა სლოგანით ,,ბოლნისი ოქროსფერი ღვინის ქალაქი“ .
ფესტივალი, მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა აქტივობით იყო გაჯერებული და ასეულ სტუმარს უმასპინძლა. მათ შორის იყვნენ ღვინის იმპორტიორები, ექსპერტები, ბლოგერები სხვადასხვა ქვეყნიდან და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები, რაც ღონისძიებას საერთაშორისო მნიშვნელობას სძენდა.
ფესტივალზე წარმოდგენილი იყო საქართველოს რეგიონებიდან 60-ზე მეტი, როგორც მსხვილი კომპანია, ისე მცირე საოჯახო მარანი. ყველა მათგანი იმ ღვინოს აწარმოებს, რომელსაც ოფიციალურად მინიჭებული აქვს ადგილწარმოშობის დასახელება. სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაეგემოვნებინათ ღვინოები, პირადად შეხვედროდნენ მეღვინეებს და მათგან თითოეული ბოთლის ისტორია მოესმინათ.
ერთ-ერთი ყველაზე მოლოდინით სავსე მომენტი იყო ღვინის კონკურსის გამარჯვებულების გამოცხადება. კონკურსი ფესტივალამდე რამდენიმე დღით ადრე, ქართულ-გერმანულ ღვინის სახლში ჩატარდა, სადაც 56 მეღვინე 138 ნიმუშით წარსდგა. გამარჯვებულების ვინაობა 31 მაისს გახდა ცნობილი. ჟიურიმ რამდენიმე ღვინოს დიდი ოქროს, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მიაკუთვნა.
ფესტივალზე, გარდა წარმოდგენილი ღვინოებისა, სტუმრებს დახვდათ ცოცხალი მუსიკა, მრავალფეროვანი კვების ობიექტები, საბავშვო სივრცეები და მთელი დღის განმავლობაში აქტიური და შემეცნებითი პროგრამები.
ღონისძიების ორგანიზატორი იყო კომპანია ,,არემჯი”, მხარდამჭერები: მეღვინეთა გაერთიანება ,,ღვინო ბოლნისი”, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო, საქპატენტი და ბოლნისის აგრო ცენტრი.
2022 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც არემჯი გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრი გახდა, კომპანიის ყველა კორპორაციული პასუხისმგებლობის პროექტი თანხვედრაშია მდგრადი განვითარების მიზნებთან. ბოლნისელი მეღვინეების მხარდამჭერი პროგრამა, კონკრეტულად, მერვე მიზანს, ღირსეულ შრომას და ეკონომიკურ ზრდას ეხმიანება..
ბოლნისის ღვინის ფესტივალი მხოლოდ ადგილობრივი პროდუქტის პოპულარიზაციას არ ემსახურება, ის ხელს უწყობს რეგიონში ეკონომიკურ გააქტიურებას, ტურიზმის განვითარებასა და მცირე მეწარმეების გაძლიერებას. დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი უბრალო ღონისძიება არ არის, ეს ერთდღიანი ზეიმია, სადაც მეღვინეობა, ტრადიცია და ადამიანური სითბო, ერთ სივრცეში იყრის თავს.
