კვირა, თებერვალი 1, 2026
spot_img
Homeსაზოგადოებაბოლნისელი შეფ-მზარეულის ნინა გაბულდანის წარმატება  „მერანოზე“

ბოლნისელი შეფ-მზარეულის ნინა გაბულდანის წარმატება  „მერანოზე“

     34-წლიანი ისტორიის მქონე მერანოს ღვინის ფესტივალი, რომელიც იტალიის ქალაქ მერანოში იმართება,  ბოლო ათწლეულის განმავლობაში,  საქართველოს მარნებსაც მასპინძლობს და ჩვენს ქვეყანას საშუალებას აძლევს, მაღალი კლასის საერთაშორისო ბაზარზე, საკუთარი ღვინო და კულინარია წარმოაჩინოს. წლევანდელი ღონისძიება განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის, რადგან ბოლნისურმა ღვინოებმა ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვეს. ამავე ფესტივალზე, ღვინოსთან ერთად, გამოკვეთილი იყო ქართული კულინარიის წარდგენა, რომელშიც ქართველმა შეფებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს. მათ შორის   ერთ ერთი ბოლნისელი,  იტალიაში ქართული რესტორნის შეფ-მზარეულია,  რომელმაც 500-კაციანი გალა-ვახშამი, ქართული გემოს ავთენტურობაზე, სხვა პროფესიონალებთან ერთად ააგო.  ჩვენი რუბრიკის სტუმარია ბოლნისის მკვიდრი, წარმატებული შეფ-მზარეული ნინა გაბულდანი.

 -რას გვეტყვით აღნიშნული ფესტივალის შესახებ?

-ფესტივალი უკვე 34 წელია იმართება და 10 წელია, რაც მას საქართველოს მარნებიც სტუმრობენ. ამ წარმატებულ ისტორიულ გზაზე წელს განსაკუთრებული სიახლე იყო — ბოლნისის ღვინოების მიერ „მერანოში“ მოპოვებული ოქრო და ვერცხლი. გულწრფელად ვულოცავ ჩვენს რეგიონს ამ გამორჩეულ გამარჯვებას და უდიდეს წინსვლას ვუსურვებ.

როგორ მოხდა თქვენი შერჩევა?

-შერჩევა უშუალოდ ქართული ღვინის ელჩის, თამარ ჭიჭიბოშვილის ორგანიზებით განხორციელდა. მას შარშან მიენიჭა ქართული ღვინის ელჩის სტატუსი მერანოს ფესტივალის ფარგლებში. თამარი იტალიის სომელიეთა ასოციაციაში აკრედიტირებული სპეციალისტია და უკვე 8 წელია ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე მუშაობს. სწორედ მისი დიდი შრომით მოხდა ქართული კულინარიის წარდგენა ფესტივალზე, რის გამოც განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი მას.

რომელი კერძები მოამზადეთ გალა-ვახშამზე და რატომ აირჩიეთ ისინი?

-ჩვენი მთავარი კონცეფცია იყო ავთენტურობა და ფერებით სავსე ქართული განწყობა. შევქმენით კომპოზიცია, სადაც ერთ თეფშზე თავმოყრილი იყო სამი სახეობის ფხალი, ნიგვზიანი ბადრიჯნის როლი, მჭადის ჩიფსი, თითქოს ხუთი დამოუკიდებელი კერძი ერთიან დელიკატურ დატვირთვად იქცა. რთული და შრომატევადი კონცეფცია იყო, მაგრამ ყველაზე სწორად ასახავდა ქართულ ხასიათს.

რა პრინციპით შეარჩიეთ კერძები — გემოვნური, ვიზუალური, თუ კულტურული  ნარატივით?

-ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ქართული სანელებლების დომინანტი. კერძი არა მხოლოდ ავთენტურად,  ვიზუალურადაც ძალიან ელეგანტურ იერს იძენდა — ხალასი ფერებით და ბუნებრივი ტექსტურებით.

როგორი იყო 500 კაცზე გათვლილი გალა-ვახშამის ლოჯისტიკა?

-ლოჯისტიკა ძალიან დატვირთული იყო, მაგრამ ყველაფერს პროფესიონალ გუნდთან ერთად შევეჭიდეთ. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო შეფ მიშა ავსაჯანიშვილს — ჩვენი სამუშაო პროცესი იმდენად ჰარმონიული იყო, თითქოს წლებია ერთად ვმუშაობთ. მისი პროფესიონალიზმი ამ პროექტის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი იყო.

რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა?

-ასეთ მასშტაბზე,  ყველაზე რთული იყო დროის მართვა, ინგრედიენტების თანხვედრა და ავთენტური გემოს შენარჩუნება თუმცა, ერთი წუთითაც არ დამიკარგავს ემოცია — ჩვენი იდეები ისე შეერწყა ერთმანეთს, თითქოს ერთიანი ხელწერა გვქონდა.

როგორ ხდებოდა სხვა ქართველ შეფებთან კოორდინაცია?

-აბსოლუტურად ერთიანი სტილი გვქონდა — საერთო მიზანი იყო ქართული კულტურის ღირსეულად წარმოჩენა. თითოეული მომენტი შეთანხმებით მიმდინარეობდა, რათა სტუმარს ერთიანი, მაღალი სტანდარტის ქართული გამოცდილება მიეღო.

როგორი იყო სტუმრების შეფასება — გემო, პრეზენტაცია, ავთენტიკა?

-ყველაზე ხშირი იყო გაოცების და აღფრთოვანების ემოცია. ის წამი, როცა უცხოელი სტუმარი პირველად სინჯავს ჩვენს ავთენტურ კერძს და თვალებში კრთება საოცარი განცდა,  ეს ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდოა. ბევრი სომელიე და კრიტიკოსი პირდაპირ გვიკავშირდებოდა და მადლობას გვიხდიდა უნიკალური გამოცდილებისთვის.

რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის საერთაშორისო ფესტივალებში ჩართვა?

– ეს მხოლოდ კარიერული ნაბიჯი არ არის, ეს არის მისიაც. როგორც რომში ქართული რესტორნის შეფი, ძალიან კარგად ვიცი, როგორ იქცევა თითოეული სტუმრის ემოცია, პატარა ხიდად საქართველოსა და მსოფლიოს შორის. ასეთი გამოცდილება ბიზნესურ და ბრენდინგულ დონეზეც დიდ ეფექტს ქმნის.

რა მნიშვნელობა აქვს ფესტივალს ქართული ღვინისა და კულინარიის საერთაშორისო ცნობადობისთვის?

 -ეს არის ყველაზე ძლიერი პლატფორმა, სადაც შეგიძლია ქვეყანას საკუთარი გემო, ისტორია და სურნელი გააცნო. ხვდები ადამიანებს, რომლებიც პირველად იგებენ საქართველოს შესახებ — ეს არის კულტურის გავრცელების ყველაზე ძლიერი გზა.

გეგმავთ თუ არა მომავალში ანალოგიურ პროგრამებს — მასტერკლასები, შოუები, პრეზენტაციები?

– რა თქმა უნდა! უამრავი იდეა და პროექტი მაქვს. გამოცდილება, რომელსაც ასეთი ფესტივალები მაძლევს, მუდმივი განვითარების სტიმულია. გაჩერება, ამ სფეროში, შეუძლებელია.

რას ურჩევდით ახალგაზრდა შეფებს, ვინც მსგავს საერთაშორისო გამოწვევებში ჩართვას ფიქრობს?

-ურჩევდი ერთს — არ შეგეშინდეთ! ასეთ პლატფორმებზე მონაწილეობა ტალანტის ყველაზე დიდი ხელშეწყობაა.  ხდებით თქვენი ქვეყნის ელჩები. თითოეული ჩვენგანი საქართველოს ფერებს ხატავს — იმ ფერებს, რასაც სიყვარული ჰქვია.

გქონდათ თუ არა ამის შესალებლობა, რომ ღონისძიებაზე ქართული საკვები, არა მხოლოდ გემოვნური თვისებებით, არამედ ისტორიითა წარგედგინათ?

-„მერანოს“ ფესტივალზე, მასტერკლასის დროს, ერთ-ერთი ყველაზე თბილი ეპიზოდი გადამხდა, როცა სტუმრებს აჭარული ხაჭაპურის ლეგენდას ვუყვებოდი — როგორ შექმნეს იგი ზღვისკენ მიშვერილმა მეზღვაურებმა, როგორ მისცეს ნავის ფორმა, რომ ოჯახისკენ ნატვრით გაეგზავნათ, და როგორ დადგეს შუაში კვერცხის გული, როგორც მზე, — ბედნიერების მომტანი და გზის გამნათებელი — ყველას თვალები აუციმციმდა. მე და მიშას ისეთი ყურადღებით გვიყურებდნენ, თითქოს პატარა საიდუმლოს ვუზიარებდით. იღიმოდნენ, მადლობას გვიხდიდნენ და გრძნობდნენ, რომ ეს მათთვის უბრალო რეცეპტი აღარ იყო — ეს ჩვენი ზღვის, ჩვენი ხალხისა და ჩვენი სითბოს ისტორია გახდა. 🤍ეს ისტორიები კიდევ უფრო ამდიდრებს კერძს და აძლიერებს იმ ემოციურ კავშირს, რაც საქართველოს გემოსა და კულტურას სამყაროსთან აქვს.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები