„ბავშვის ხელით შექმნილი მსოფლიო“ — ლაზარე ოქრიაშვილი და რუკების მაგია

ბოლნისელი მესამეკლასელი ლაზარე ოქრიაშვილი ბავშვობიდანვე გატაცებულია რუკებითა და დროშებით. მასში ინტერესის პირველი ნაპერწკალი უბრალო რუკამ გააჩინა, რომელიც მამამ აჩუქა — მას შემდეგ ლაზარეს ხატვა ყოველდღიურობად ექცა. დღეს ის ერთ-ერთია იმ ექვს ქართველ ბავშვთაგან, რომელთა ნამუშევრებიც ვანკუვერში, საერთაშორისო კონკურსზეა გამოფენილი. ეს ისტორია გვახსენებს, რომ ნიჭი ხშირად უბრალო ბავშვური ინტერესით იწყება და დიდი ოცნებებისკენ მივყავართ.

-როდის და როგორ დაიწყე დროშების/რუკების ხატვა?

-დროშებითა და რუკებით დაინტერესება 2-3 წლის ასაკში დავიწყე. პირველად მამამ მომიტანა რუკა და მაშინვე მივხვდი, რომ ეს ის სფერო იყო, რომელიც უნდა მესწავლა. ჩემი პირველი რუკა რუსულენოვანი იყო. დედამ მალევე მიყიდა ქართული რუკა და მას შემდეგ კითხვაც ვისწავლე.

– როგორი შეგრძნება გქონდა, როცა გაიგე, რომ შენი ნამუშევარი კონკურსის მონაწილე გახდა?

-ძალიან, ძალიან ბედნიერი ვიყავი! თვალები გამიფართოვდა და გული აჩქარებით მიცემდა. მეგონა,  მთელი ჩემი შრომა და სიყვარული ერთ წამში დაფასდა და ჩემი ცხოვრება შეიცვალა.

-რას გრძნობ, როცა იცი, რომ შენი ნამუშევარი ვანკუვერში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ადამიანების თვალწინ არის წარმოდგენილი?

-პირველად რომ გავიგე, ჩემი ნახატი კანადაში იგზავნებოდა, თვალებიდან ცრემლები წამომივიდა, ისე გამიხარდა, საქართველოდან შერჩეულ ექვს ბავშვს შორის, ერთ-ერთი მე ვიყავი. ეს უდიდესი სიამაყეა.

-მეგობრებმა და თანაკლასელებმა როგორ მიიღეს შენი წარმატება?

-ყველა მილოცავდა, მეუბნებოდნენ: „რა მაგარი ხარ! პატარების დიდ შოუშიც იყავი, მერე კანადაშიც  წახვალო“. მათი მხარდაჭერა და სიხარული ძალიან მახარებს.

– რომელი ქვეყნების დროშები გხიბლავს ყველაზე მეტად და რატომ?

-პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საქართველოს დროშა მომწონს – ის ძალიან ლამაზია. შემდეგ მოდის საფრანგეთის, ესპანეთის, ლიეტუვისა და ავსტრიის დროშები. მათ ლამაზი ფერები აქვთ და თითქოს დაუვიწყარი, გამორჩეული დიზაინით ხასიათდებიან.

– მომავალში რა გინდა – ისევ ხატვა და რუკების შექმნა, თუ სხვა საყვარელი საქმიანობაც გაქვს?

-ფეხბურთი ძალიან მიყვარს, გეოგრაფია და ისტორიაც. შეიძლება, დიდი რომ გავიზრდები, ჩემი აზროვნება და გეგმები შეიცვალოს, მაგრამ ვიცი, რომ ფეხბურთი და გეოგრაფია ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იქნება.

როგორც ლაზარე ჩვენთან საუბარში ამბობს, მისი სიყვარული რუკებისადმი, ოჯახიდან დაიწყო. ამ ამბის ყველაზე მნიშვნელოვანი ,,გმირები“ მისი მშობლები არიან.  პატარა ლაზარეს დედა – გვანცა არსენიშვილი გვიამბობს, როგორ აღმოაჩინეს შვილის ნიჭი და როგორ დაეხმარნენ, რომ ოცნება რეალობად ექცია.

მოგესალმებით! გვიამბეთ ლაზარეს შესახებ: რომელ კლასშია, მისი საყვარელი საგანი? თავისუფალ დროს რისი კეთება უყვარს?

-გამარჯობა! ლაზარე ბოლნისის N1 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეა. მას აქვს კარგი მეხსიერება და ათვისების უნარი,  ხატვის სიყვარული უმარტივებს სწავლას. მისი საყვარელი საგნებია სპორტი, ხელოვნება, ბუნება და ქართული. თავისუფალ დროს კი რუკების შედგენა-დახატვა და ფეხბურთის თამაში უყვარს.

როგორ აღმოაჩინეთ, რომ ლაზარეს დროშებისა და რუკების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი ჰქონდა?

-ყველაფერი იქიდან დაიწყო, როცა ლაზარემ მამამისს დედამიწაზე კითხვები დაუსვა. მამამ რუკა რომ მოუტანა, ლაზარეს ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ გადაწყვიტა, კითხვა ესწავლა, რათა რუკა წაეკითხა. თავიდან თითქოს მეშინოდა, რომ ეს მშობლის ზედმეტი წარმოდგენა იყო, მაგრამ ამაში საბოლოოდ დაგვარწმუნა ბაღის მასწავლებელმა, რომელიც ხშირად გვეუბნებოდა, რომ ბავშვი ნიჭიერი იყო. ასევე, დიდი როლი ითამაშა ბებიამ, რომელიც დროს უთმობდა ლაზარეს მეცადინეობას.

როდესაც ლაზარეს საკუთარი ხელით უნდოდა შეექმნა დიდი რუკა, თაბახის ფურცლებით დაიწყო აწყობა. ამის შემდეგ, როცა დიდი ფორმატი ვუყიდე, მისი ემოცია იყო საოცარი – თითქოს ახალი სამყაროს შექმნის მასალა მივუტანე. ნელ-ნელა ვრწმუნდებოდით, რომ მას მეტი შეეძლო. ამის შემდეგ დავიწყეთ  საჭირო მასალებით მისი მომარაგება.

როგორია ლაზარე ხატვის პროცესში?

-ხატვის პროცესში ლაზარე თითქოს სხვა სამყაროშია. ჩვენს სახლში ყველგან მისი ნამუშევრებია გაშლილი. მას უხარია, რომ მისი მცირე ზომის ნახატიც კი, ჩვენთვის ძვირფასია, ამიტომ დიდი მონდომებით ხატავს და ძერწავს ყოველთვის. ის არ იღლება, არ ბეზრდება – შეუძლია შეუსვენებლად იმუშაოს, რაც მართლა მიკვირს. მას შემდეგ, რაც დიდი ფორმატი აღმოაჩინა, რამდენ ფორმატსაც ვუყიდი, იმდენ ახალ ქვეყანას ქმნის და ძერწავს.

რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის, როგორც მშობლებისთვის, ლაზარეს ნამუშევრის საერთაშორისო აღიარებას?

-არის ცხოვრებაში წუთები, როცა ვფიქრობთ, რა არის ჩვენი ცხოვრების აზრი. როდესაც ლაზარე პირველად პატარების დიდ შოუში ჩაწერეს, მერე კი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, პირველად დავფიქრდი და ვთქვი, რომ არსებობს წუთებიც კი, რის გამოც ღირს მთელი ჩვენი ცხოვრება. ეს ბედნიერებაა,  მშობელმა რა უნდა ვინატრო, ამაზე მეტი?

რა რეაქცია გქონდათ, როცა გაიგეთ, რომ ლაზარე კონკურსის მონაწილე გახდა?

-პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციას იმ შესაძლებლობისთვის, რომ გაიმართა ეს კონკურსი თსუ-ში, სადაც ლაზარეს ნამუშევარი  ასაკობრივ კატეგორიაში შეირჩა და საზღვარგარეთ გაიგზავნა. ჩვენთვის ეს იყო უზარმაზარი სიხარული და მოტივაცია.

როგორ ფიქრობთ, რა გაკვეთილი მიიღო ლაზარემ  ამ გამოცდილებიდან?

-ვფიქრობ, ამ წარმატებით მყარდება ბავშვის ფსიქოლოგია, ის ბევრად თვითდაჯერებული ხდება და ხვდება, რომ შრომა და გატაცება ყოველთვის ფასდება. მნიშვნელოვანია, რომ ამან არა მხოლოდ ლაზარეზე იმოქმედა, არამედ მის უმცროს ძმა ვაჩესაც დაეხმარა,  მეტად დარწმუნებულიყო საკუთარ შესაძლებლობებში და მიმხვდარიყო, რომ წარმატება ახლოსაა, თუ მოვინდომებთ.

რას ეტყოდით სხვა მშობლებს, რომლებსაც სურთ, შვილების ნიჭი აღმოაჩინონ და წაახალისონ?

-სხვა მშობლებს ვეტყოდი, რომ ყურადღებით დააკვირდნენ შვილებს და მათ ინტერესებს. ხშირად, ნიჭი და გატაცება სულ პატარა ასაკში, უბრალო თამაშის პროცესში იჩენს თავს. როგორც კი ამ ინტერესს შეამჩნევთ, გვერდში დაუდექით და არასდროს უთხრათ: „ეს სისულელეა“ ან „ამით დროს ნუ კარგავ“. უზრუნველყავით ისინი საჭირო რესურსით, იქნება ეს წიგნი, მასალა თუ უბრალოდ, დრო და თავისუფალი სივრცე. ბავშვის მხარდაჭერა და მისი წარმატებით სიხარული, ცხოვრების უდიდესი ბედნიერებაა!

მსგავსი სტატიები
  1. ღვთის წყალობა არ მოაკლდეს ჩემს ბიჭს, ბედნიერი და ჯანმრთელი იყოს მუდაამ 😍🥰♥️

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული