მიმდინარე 2025-26 სასწავლო წელი, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, საზეიმო გარემოში დაიწყო. დილიდან, როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებში, ეზოები მოსწავლეებით, მათი მშობლებითა და პედაგოგებით გაივსო.
სკოლის კარი პირველად, ასობით პირველკლასელმა განუმეორებელი სიხარულით და მღელვარებით შეაღო, მათთვის სხვადასხვა საზეიმო აქტივობა გაიმართა. ტრადიციულად, საჯარო სკოლის პირველკლასელებს, სახელმწიფოსგან პერსონალური კომპიუტერები გადაეცათ. მასწავლებლებმა კი, პირველივე დღიდან, ხაზი გაუსვეს ცოდნის და შრომისუნარიანობის მნიშვნელობას.
საჯარო სკოლებთან ერთად, სასწავლო პროცესი დაიწყო მუნიციპალიტეტში მოქმედმა კერძო სკოლებმაც. იოანე ბოლნელის სახელობის სასულიერო სკოლაში, სწავლის დაწყების ღონისძიებას, მეუფე ეფრემი, სხვა სასულიერო პირებთან ერთად, დაესწრო.
ბოლნისის სკოლებში სწავლა განახლებული სასწავლო პროგრამებითა და თანამედროვე მეთოდებით გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეების ცოდნის გაღრმავებას და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.