ხის დარგვის საერთაშორისო დღეს, კომპანია არემჯის საწარმოო ტერიტორიაზე, გამწვანების მასშტაბური აქცია ჩატარდა. ღონისძიება საზოგადოებრივი გაერთიანება „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ კამპანიის „მე დავრგე ხე“ ფარგლებში გაიმართა. მანამდე კი საყდრისის საბადოს ფუჭი ქანების სანაყაროზე, მასშტაბური საკულტივაციო სამუშაოები ჩატარდა, მომზადდა ნიადაგი და აქციის ფარგლებში 300 სხვადასხვა ჯიშის ხე დაირგო.
ღონისძიებაში მონაწილეობა დაბა კაზრეთის და დმანისის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა, პედაგოგებთან ერთად მიიღეს. გამწვანების აქციაში ჩაერთო დმანისის მერიის ახალგაზრდული სათათბირო, კომპანია არემჯის თანამშრომლები და მედიის წარმომადგენლები. მათ სპეციალისტისგან, ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს გარემოს დაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე და აღმოფხვრის გზებზე. როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, მსგავს დაზიანებულ ტერიტორიაზე მცენარეული საფარის აღდგენითი სამუშაოები პირველად ხორციელდება საქართველოში.
გამწვანების აქცია საწარმოს ტერიტორიაზე „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობის“ ორგანიზებით, კომპანიის გარემოს დაცვით დეპარტამენტთან ერთად ხორციელდება. საყდრისის საბადოს მეხუთე უბნის ფუჭი ქანების სანაყაროს ტერიტორიაზე ხის დარგვის პროცესი ნოემბერშიც გაგრძელდება და 2 წლის განმავლობაში 2500 ძირი ხე დაირგვება. კამპანია „მე დავგრე ხე“ ახალ სტარტს უკვე გაზაფხულზე აიღებს და გამწვანების აქციებს მასშტაბური სახე ექნება.