,,ხულუტის ციხის’’სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა, მოხდა ციხე- დარბაზის ნაყარი მიწა-ნაგავისგან გაწმენდა. გაცილებით რთული აღმოჩნდა VIII კოშკის მდგომარეობა, სპეციალური მეთოდით მოხდა კოშკზე არსებული ბზარის „ამოკერვა“ და გაწმენდის დროს აღმოჩენილი ავთენტური საფეხურების კონსერვაცია. ასევე დასრულებულია იატაკის მოწყობის ყველა საჭირო სამუშაო და უსაფრთხო გადაადგილებისთვის კოშკთან ასავლელ ბილიკზე გაკეთდა ლითონის მოაჯირი. გაწმენდითი სამუშაოების დროს ციხე-დარბაზში აღმოჩენილი იქნა ქვევრები, კერამიკის ნაწილები და შურდულით სასროლი რკინის ბურთულები. ხულუტის ციხე-დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგები „ საყდრისის კომიტეტმა“ რესტავრატორებთან ერთად საზოგადოებას გააცნო.
აღსანიშნავია, რომ ხულუტის ციხეზე სარეაბილიტაციო სამუშაოები აქამდე არასდროს ჩატარებულა.რეაბილიტაციის პროცესს წინ უძღოდა მასშტაბური მოსამზადებელი სამუშაოები; ვინაიდან ძეგლი კომპანია “არ ემ ჯის“ საწარმოო ტერიტორიასთან ახლოს მდებარეობს, სამუშაოებს კომპანია აფინანსებს. პროექტის ღირებულება შეადგენს 776 000 ლარს,
ყაფლან ორბელიშვილის მიერ აშენებული 5 კოშკისგან შემდგარი 8 სართულიანი ხულუტის ციხე- დარბაზი, XVII საუკუნის პირველ ნახევარს განეკუთვნება და ის ერთ-ერთი გამორჩეული და მდგრადი ციხე-დარბაზია საქართველოში.
2006 წელს ხულუტს ეროვნული კატეგორიის მნიშვნელობის კულტურული მემკვიდროების ძეგლის სტატუსი მიენიჭა.საზოგადოებრივი გაერთიანება „საყდრისის კომიტეტი“ ციხე-დარბაზს 2017 წლიდან იცავს და ის მეექვსე ძეგლია რომლის რეაბილიტაციაც „საყდრისის კომიტეტის“ აქტივისტების ინიციატივით და მონიტორინგით მიმდინარეობს.