თითოეულ ადამიანს აქვს სამყაროს საკუთარი ხედვა, რომელსაც უმეტესად ხელოვნებაში გამოხატავს და ისე მძაფრად აღწევს ადამიანის სულში, რომ დიდხანს რჩება მეხსიერებაში. ყველა სახის ხელოვნება ავტორის შინაგან სამყაროს, გარემომცველ რეალობას ასახავს, გვაფიქრებს და გვიტოვებს უამრავ კითხვას. ჩვენი რესპონდენტიც იმ ხელოვან ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც შინაგან სამყაროს „არაბუნებრივად გაზრდილი ხეების ძალაში გამოხატავენ, სტიქიას თავისი ძალით და სიცოცხლის ხალისით ეწინააღმდეგებიან“.
ხელოვნებაში ჩაქსოვილი გრძნობებით, ბუნებაზე და სიცოცხლეზე შეყვარებულმა ახალგაზრდა ქალმა, თავისი მინიატურული ხეებით, მუნიციპალიტეტში სახელი მალევე გაითქვა. მისი ხელნაკეთი ნივთები არაერთ საგამოფენო სივრცეს ამშვენებს და დამთვალიერებლის დიდ მოწონებას იმსახურებს.
გაზეთი „ბოლნისი“ 39 წლის მაია ხუჯაძეზე გიამბობთ, რომელმაც ულამაზესი, საინტერესო და ფერთა სიმრავლით გამდიდრებული – ხეების შექმნა 5 წლის წინ დაიწყო. მასალად ბისერს, მავთულს, წებოვან ლენტს, თაბაშირს იყენებს, მათგან სიცოცხლის და ძლიერების სიმბოლოს ქმნის.
„დაახლოებით 5 წლის უკან, გასაყიდად გამოტანილი მინიატურული ხე ვნახე, რომელმაც ისე შთამაგონა, სახლში მისულმა ყველა ის მაისური და სვიტერი მოვძებნე, რომელსაც ბისერები ჰქონდა. დავიწყე დაშლა და სამუშაო მასალის შეგროვება, ასე ავაწყვე პირველი ხე, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. ზუსტად ასეთმა დამოკიდებულებამ მომცა სტიმული, არ გავჩერებულიყავი და ჩემი შინაგანი სამყარო, ხასიათი და განწყობა, თითოეულ მათგანში გადმომეცა“.
მაია ხუჯაძის ხელნაკეთი ხეები ინდივიდუალიზმით გამოირჩევა, ფერები და ფორმა კარგად გადმოსცემს ავტორის ემოციას, გრძნობებს და შინაგან სამყაროს, მოსწონს ქარის საწინააღმდეგოდ მიმართული ხეები, რომლებიც თავისი ზებუნებრივი ძალებით ებრძვიან სტიქიას და სამყაროში კვლავ სიცოცხლის და ძლიერების სიმბოლოდ რჩებიან. „ხე ჩემთვის სიძლიერესთან, სიცოცხლესთან ასოცირდება. მომწონს ბუნების ძალა რომ ბობოქრობს, და არ ტყდება, სწორედ ხე არის ჩემი ხელოვნების ინსპირაცია, რომლის კეთებაც ერთგვარი თერაპიაა, თუმცა ამ ბოლო დროს, მათ შესაქმნელად აღარ მრჩება დრო.
მინიატურული ხის შესაქმნელად მაიას 2-3 დღე სჭირდება, წინასწარ არ საზღვრავს რა ფერში, რა ფორმით უნდა ააწყოს. იწყებს მავთულის დამუშავებას თაბაშირითა და წებოვანი ლენტით, მერე კი მიმართულებას, ფორმასა და ფერს ექსპრომტად აძლევს და ერთიანობაში, სიცოცხლით სავსე, თვალისმომჭრელ სანახაობას ქმნის.
„არც ფორმას ვირჩევ წინასწარ, არც ფერს. მუშაობის დაწყების პროცესში თვითონ ვითარდება მოვლენები, თითქოს თავად ხე მკარნახობს, რა ფერით უნდა შევამკო და რა მიმართულება მივცე.“
მაია ხუჯაძე სოფელ რატევანში, კულტურის სახლში მუშაობს და სოფლის სახელით არაერთ გამოფენა-გაყიდვაში იღებს მონაწილეობას. ჰყავს ბევრი მოსწავლე, რომლებსაც დიდი სიხარულით და სიყვარულით უზიარებს გამოცდილებას, ასწავლის მისთვის უსაყვარლეს საქმიანობას, რომელიც სამყაროში სიცოცხლისა და სიძლიერის სიმბოლოდაა წოდებული.
მარინა გავაშელი