„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში სოფლის კრებები და კონსულტაციები დაიწყო. მერის პირველი მოადგილე საკრებულოს თავმჯდომარესთან და სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ფოლადაურის, სამწვერისისა და სოფელ ბოლნისის მოსახლეობას შეხვდა, სადაც ადგილობრივებმა პრობლემური საკითხები გააჟღერეს და მხარეებმა მოგვარების შესაძლო გზებზე იმსჯელეს.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი ფონდიდან 714 000 ლარია გამოყოფილი, რომელიც ითვალისწინებს მოსახლეობის ჩართულობის გაზრდასა და სოფლად არსებული საჭიროებების გათვალისწინებით, კონკრეტული პროექტის განხორციელებას.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“, რომელიც 9 თებერვალს დაიწყო, 3 მარტამდე გაგრძელდება და ბოლნისის მუნიციპალიტეტში ყველა დასახლებულ პუნქტს მოიცავს.





