პარასკევი, ნოემბერი 21, 2025
spot_img
Homeრუბრიკები„ნიჟარებით შთაგონებული სარკეები“ - როგორ იქცა ევდოკია შეყილაძის ფანტაზია „ევდორად“

„ნიჟარებით შთაგონებული სარკეები“ – როგორ იქცა ევდოკია შეყილაძის ფანტაზია „ევდორად“

ევდოკია შეყილაძე უბრალო საგნებში ხედავს საოცრებას – იქ, სადაც სხვები მხოლოდ ნივთებს ამჩნევენ, ის სილამაზესა და შთაგონებას პოულობს – დედობა, სამსახური, ყოველდღიური რუტინა და მაინც, სადღაც ამ ყველაფერს შორის იბადება „ევდორა“ – ხელნაკეთი სარკეები, რომლებიც სიყვარულითა და სინაზით იქმნება.
როგორც ევდოკია ამბობს, ყველაფერი სრულიად სპონტანურად დაიწყო: სანაპირო, რამდენიმე ნიჟარა, მძინარე მართა და იდეა, რომელიც იმ დღიდან გაჩნდა. იურისტის პროფესიის მქონე ევდოკია დღეს იმ ადამიანების სამყაროშია, ვისაც სჯერა, რომ ხელით შექმნილი ნივთი მხოლოდ ნივთი არ არის – ის ისტორიაა, ემოციაა და ერთი პატარა სხივია, რომელიც ოთახსა და ადამიანის გულს ერთნაირად ანათებს.
დღეს ევდორა უკვე საკუთარი აურით აღბეჭდილი სახელია — ადგილი, სადაც თითოეული სარკე უნიკალურია, არ მეორდება და თავის მცირე, მაგრამ სითბოთი სავსე სამყაროს ატარებს.

მოგესალმებით! პირველ რიგში, წარმატებას გისურვებთ თქვენს საქმიანობაში! ევდოკია, როგორ დაიბადა „ევდორა“ – საიდან გაჩნდა იდეა ხელნაკეთი სარკეების შექმნისა?


– მოგესალმებით. დიდი მადლობა,  ჩემი შვილის ერთი წლის იუბილე ზღვაზე აღვნიშნეთ, მინდოდა დასამახსოვრებელი ფოტოსესია მომეწყო მართასთვის და გამოვაწყვე მოანას ფორმაში.  ჰოდა, უხასიათობის გამო მართას დაძინება გადაწყდა პლაჟზე, რამაც ცოტა გეგმები ამირია.  მისი ძილის დროს ჩემმა მეუღლემ გადაწყვიტა გავეხალისებინე და დაიწყო ნიჟარების  შეგროვება ჩემთვის. ვიცოდი,  ამ ნიჟარებით, რამე უნდა გამეკეთებინა, მაგრამ რა, გადაწყვეტილი არ მქონდა. ჩამოვედით ტანძიაში და ერთ-ერთი მგზავრობისას, წავაწყდი სარკეს ნიჟარებით და მაშინვე ვთქვი, მეც უნდა ვცადო. გამოვიწერე სხვადასხვა რამ, რაც საჭირო იქნებოდა სარკის დასამზადებლად. ასე დაიწყო ეს ამბავი, შევქმენი სხვადასხვა დიზაინის და გავაჩუქე, ჩუქების მომენტში განცდილმა ემოციამ და მოწონებამ, გადამაწყვეტინა გამეკეთებინა გვერდი. ევდორა ორი სიტყვისგან შედგება, ევდოკია და “aura”, ევდოკია ჩემი სახელია, ხოლო “aura” ფრანგულად სხივს, ბრწყინვალებას ნიშნავს. გამოვიდა ევდორა, რომელიც ბერძნულად, კარგ საჩუქარს ნიშავს.


გახსოვს შენი პირველი სარკე? რას გრძნობდი, როცა ხელში აიღე პირველი, დასრულებული ნამუშევარი?


– მოდი ასე ვიტყვი, რაც დედა აღარ არის და მართა მყავს, სულ ვფიქრობდი  რა შეიძლება მეკეთებინა.  ამ ყველაფერში, მართასთან ერთად, დამეხმარა ის პირველი სარკე, რომელიც მაკამ იმხელა ემოციით იჩუქა, გადავწყვიტე კიდე გამეკეთებინა. თქვენ არ იცით, რამხელა სტიმული და სიხარულია როცა აკეთებ და ძალიან მოგწონს. გავიწყდება ის ზურგის ტკივილიც, სილიკონისგან დამწვარი ხელიც და ა. შ … მერე ამ ყველაფერს ოჯახის წევრებს ანახებ და ვუალაა, უბედნიერესი ხარ მათი ემოციებით. განსაკუთრებით ჩემი დედამთილის,  ყოველ ახალ სარკეზე მეუბნება, აუუ ეს რა ძალიან მაგარია, ყველა ხო მაგარია, მაგრამ აიი, ესს … ხვდებით ხომ, რამხელა გვერდში დგომა მაქვს.


სანამ ამ საქმეს დაიწყებდი, რას საქმიანობდი? რა არის თქვენი პროფესია და რამდენად უკავშირდება ხელოვნებას?


–  პროფესიით იურისტი ვარ და ვმუშაობ მერიაში, იურიდიულ განყოფილებაში. ახლა მართას გამო,  ხშირად სახლში ყოფნა მიწევს, მაგრამ მალე დავბრუნდები ! მანამდე, დიდი მადლობა ჩემს უფროსს თანადგომისთვის. მაგისტრი გახლავართ  იურიდიული ფაკულტეტის.

როგორ იბადება იდეა – ჯერ დიზაინს ქმნი თუ პირდაპირ მასალებთან მუშაობა გიყვარს?

– თუ შეკვეთა მაქვს, ვფიქრობ ადამიანზე, რა დიზაინი მოუხდება და ვიწყებ მუშაობას. უბრალოდ იმას ვაკეთებ, რაც იმ მომენტში ჩემს ხასიათსა და ხელებს უნდა და ბოლოს, გამოდის სიკეთე, სინაზე და სილამაზე.


რა გაძლევს შთაგონებას – მუსიკა, ბუნება, ადამიანები, თუ თავად სარკე, როგორც სიმბოლო?


– ზემოთ აღვნიშნე და ახლაც გეტყვით, დედიკოზე ფიქრს გავურბივარ ამით და თვითონ სოფოსნაირი კეთილი, ლამაზი და ფაფუკი გამომდის ყველა ნამუშევარი. სიმშვიდეში მიყვარს მუშაობა, ამიტომ, მთავარია, მართას დიდხანს ეძინოს ხოლმე, რომ სისრულეში მოვიყვანო ეს სილამაზეები.


შენს ნამუშევრებს თუ გადავხედავთ, მივხვდებით, რომ ფერები და ფორმები თითქოს შენი ენაა – რომელ ფერთან აიგივებ საკუთარ თავს და რატომ?


-რთული შეკითხვაა, არასდროს მიფიქრია ამის შესახებ. ვაიგივებ ალბათ იასამნისფერთან, ხან ძალიან მუქი რომ არის და, ხან ძალიან ღია,  ხასიათი ხშირად მეცვლება და უცებ შემიძლია ძალიან ცუდი ხასიათიდან კარგზე გადასვლა, ან პირიქით,  მადლობა ლევან, რომ მიძლებ, მაგრამ ამ ეტაპზე, შემოდგომის ფერებით ვთამაშობ.
გაქვს თუ არა ერთი განსაკუთრებული ნამუშევარი, რომელიც ყველაზე ძვირფასია შენთვის – შესაძლოა იმიტომ, რომ გარკვეულ მოგონებას უკავშირდება?
-ყველა ჩემი ნამუშევარი იქმნება სიყვარულით, ამიტომ ვერ გამოვარჩევ … ააა, კი ერთი მყავს უცელქესი, უთბილესი და უსაყვარლესი მართა, რომელსაც თუ ღვიძავს, სულ დედა აკერია პირზე და არაფერს მაცდის .
რამდენ ხანს გრძელდება ერთი სარკის შექმნა და რა ძალისხმევას მოითხოვს?
-მარტივი ამბავი არ ყოფილა ხელნაკეთის შექმნა , მითუმეტეს, თუ ყველაფერს შენი ხელით აკეთებ. თუ არ ჩავთვლით სილიკონით ხელის დაწვას, ხის ჯოხების შერჭობას, პატარა თვლების ცალ-ცალკე დალაგებას, მაშინ არც ისე რთულია, და სადღაც 2 საათი, მაინც უნდა დამზადებას.


ყოფილა შემთხვევა, როცა რაღაც ისე ვერ გამოდიოდა და გიფიქრია გაჩერებულიყავი, მარამ მაინც განაგრძე?

-26 ოქტომბერს 1 თვის ხდება „ევდორა“ და კი ყოფილა ეგ ამბავი უკვე, მაგრამ მერე მახსენდება რისთვის ვაკეთებ ამას და ვაგრძელებ.


რა გაძლევს სტიმულს იმ დღეებში, როცა ინსპირაცია თითქოს ქრება?


-მომხმარებლის სიტყვები:  „აუუ, იმაზე ლამაზი ყოფილა, ვიდრე ფოტოში“, მაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდე.


როგორი ხარ ყოველდღიურ ცხოვრებაში – ხელსაქმეს მიღმა?

-უჟმური, ჯუჯღუნა და სულ დაღლილი,  რა ვქნა, ზედმეტად აქტიური შვილი მყავს.


როგორ ფიქრობ, რას ხედავენ ადამიანები შენს სარკეებში – საკუთარ თავს, თუ შენს ისტორიას?


-ჩემი აზრით, ჩემს სარკეში სითბო ჩანს იმხელა, რომ მოიცავს ყველაფერს.
უთხარი ჩვენს მკითხველს, სად და როგორ შეუძლიათ შეიძინონ შენი ჯადოსნური სარკეები?


-ფეისბუქ გვერდზე Evdora-ევდორა, დიდი სიამოვნებით მიგიღებთ,  და  ჩემ პირად გვერდზეც – ევდოკია შეყილაძე.  


იღებ თუ არა ინდივიდუალურ შეკვეთებს –მაგალითად, როცა ადამიანს სურს, სარკეში საკუთარი ისტორია აისახოს?


-ევდორა არ მეორდება, ანუ იქნება ერთი, რა თქმა უნდა, ვიღებ.


თუ ოდესმე გახსნი სამუშაო სივრცეს, ან სახელოსნოს, როგორ გინდა გამოიყურებოდეს ის?


-მინდა, ფერადი იყოს, ლამაზი სარკეებით სავსე. ადამიანი შემოსვლისთანავე რომ განათდეს და გულგამთბარი და ხელდამშვენებული გაბრძანდეს იქიდან.


რას ეტყოდი იმ ადამიანს, ვინც ახლა ეძებს საკუთარ გზას და ვერ ბედავს ნაბიჯის გადადგმას?
-ადამიანს ყველაფრის კეთება შეუძლია, მთავარია დაიჯეროს საკუთარი თავის, მერე ყველაფერი თავისით მოვა.

მარიამ ონიანი

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები