ცხოვრება სავსეა მოულოდნელი ბედნიერებითა და თავს დატეხილი სიურპრიზებით. თუ მასწავლებელი ხარ და ეს შენი ცხოვრების წესია, ნუ გამიჯნავ მას რეალური ცხოვრებისგან. შენს მოსწავლეებს დაანახე, რომ ცხოვრება შეიძლება იყოს სევდიანიც და მხიარულიც, ის ჭრელია და მთავარია, ამ სიჭრელეში, შენთვის სასურველი ფერის პოვნა შეძლო. ,,არის მომენტები, როცა სამყაროსგან განდგომა ყველაფერს გირჩევნია, მაგრამ ვიკრებთ ძალებს, ტკივილს გულში ვიქვავებთ, ვდგებით და მივდივართ, მივდივართ მათთან, რადგან ვიცით, რომ ისინი გველოდებიან, ჩვენ მასწავლებლები ვართ და ეს ჩვენი ვალია’’.
გიამბობთ პედაგოგზე, რომელმაც მძიმე და ტკივილიანი ცხოვრების გზა განვლო, მაგრამ სულიერად არ დაეცა, არაერთი ღირსეული თაობა აღზარდა და დღესაც, იმავე შემართებით და პასუხისმგებლობით უდგება თავის პროფესიას. ტკივილი მოსწავლეების სიყვარულმა შეუმსუბუქა, დღეს ჩვენ გიამბობთ ნანა თვაურის ტკივილიან ცხოვრებაზე და საკლასო ოთახს მიღმა დატოვებულ მწუხარებაზე.
-ქალბატონო ნანა, გვიამბეთ თქვენზე.
-დავიბადე 1956 წელს ქ. გორში. ბედნიერი ბავშვობა მე-4 კლასამდე გაგრძელდა. მე-3 კლასი რომ დავამთავრე, ზაფხულში, ავარიაში გარდამეცვალა 37 წლის მამა და დავრჩით 4 ობოლი. დედას არასოდეს უმუშავია. გავიზარდე გაჭირვებაში. ისე დავამთავრე სკოლა, არასდროს ვყოფილვარ ექსკურსიაზე, დაბადების დღეზე და სკოლის გამოსაშვებ საღამოზეც კი. ვსწავლობდი კარგად, ვიყავი წარჩინებული მოსწავლე, რადგან სხვა არაფრის იმედი არ მქონდა. ზუსტად გაჭირვება იყო სწავლის მოტივაცია. ოთხივე და-ძმამ მივიღეთ უმაღლესი განათლება. პირველ წელსვე ჩავირიცხე ქ. გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე და დავამთავრე წარმატებით.
-ბოლნისში როგორ მოხვდით?
-ოჯახის შექმნის შემდეგ მოვხვდი ბოლნისში, კერძოდ, დაბა კაზრეთში. 1979 წლის სექტემბერში დავიწყე მუშაობა დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლაში ფიზიკის პედაგოგად.
ჩემი ცხოვრების დევიზი იყო და არის ობოლი და გაჭირვებული ადამიანების თანადგომა. მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის გამო, საქმეს არასოდეს ვაკეთებ მოვალეობის მოხდის მიზნით.
სიგელი, ,,ყველაზე ნიჭიერი“ პედაგოგი, რომლითაც მოსწავლეებს შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგად მაღიარეს, დღესაც მახარებს. 2005-2006 წლებში რაიონის წარმატებულ მასწავლებლად დამასახელეს და ფულადი ჯილდოც გადმომცეს.
-რატომ აირჩიეთ პედაგოგობა?
– ძალიან მიყვარდა ფიზიკის მასწავლებელი, რომელიც ჩემთვის იყო მაგალითი. მომწონდა ბავშვებთან ურთიერთობა. პრობლემებს სახლში ვტოვებ და უფრო მეტი ენერგიით ვცდილობ გავაგრძელო ჩემი საქმიანობა, რაც გამომდის კიდეც. უანგაროდ ვეხმარები და გვერდში ვუდგავარ ყველა მოსწავლეს, რომელსაც უჭირს სწავლა. არასოდეს ვარ ჩასაფრების პოზიციაში, ვცდილობ მარტივად შევასწავლო ეს, ერთი შეხედვით, რთული საგანი. ამაში კი ძალიან დამეხმარა ჩემი მეორე ოჯახი, საუკეთესო, გამორჩეული სკოლის გუნდი და მეგობრები. მათი დახმარებით ბევრი რამ შევძელი. გავზარდე თაობები. ბევრია ისეთი ადამიანი, რომელიც არის წარმატებული, რაშიც ჩემი წვლილია და ვამაყობ კიდეც ამით.
-როგორია თაობებს შორის განსხვავება?
-თაობებს შორის განსხვავება იმდენად დიდია, ჩამოთვლა შორს წამიყვანს. ადრე სწავლის მოტივაცია იყო მეტი, სწავლის ხარისხი მაღალი. მეტი პასუხისმგებლობის გრძნობა ჰქონდათ, ეს ალბათ იმითაც იყო განპირობებული, რომ ატესტატში შეფასება იწერებოდა, ტარდებოდა გამოცდები და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიები განვითარდა, კომპიუტერის საშუალებით შეიძლება ბევრი მზა ინფორმაციის მიღება და გამოყენება, მოტივაცია მაინც ნაკლებია.
ჩემი აზრით, წიგნი შეუცვლელია, ის საუკეთესო ცოდნის წყაროა, რასაც ახლანდელი თაობა დაშორდა.
განსაკუთრებით პანდემიის პირობებში დაიწია განათლების ხარისხმა. თითქოს იმის მიღება უნდათ, რასაც არ იმსახურებენ.
–როგორი უნდა იყოს პედაგოგი?
-პედაგოგი პირველ რიგში მოწოდებით უნდა იყო. უმთავრესია ბავშვების სიყვარული, სამართლიანობა და ობიექტურობა, რითიც იმსახურებ მოსწავლეთა დიდ სიყვარულს. გულწრფელად ვიტყვი, მოსწავლეებისაგან სიყვარული არ მაკლია. მათგან ყოველთვის ვგრძნობ პატივისცემას. ჩემი ძირითადი სამუშაო მიმართულება ისაა, რომ მოსწავლეებს შევაყვარო საგანი – ფიზიკა, რომელიც მართლა ძალიან საინტერესოა და ცხოვრებაშიც ბევრჯერ გამოადგებათ.
–დღეს როგორ ცხოვრობთ?
-მიმძიმს ამ კითხვაზე პასუხი, რადგან გადავიტანე ისეთი ტრაგედია, რასთანაც ჩემი ბავშვობის ტკივილი, მოსატანიც არაა.
გარდამეცვალა წარმატებული, საუკეთესო შვილი თავის ოჯახთან ერთად, მაგრამ ვაგრძელებ ცხოვრებას, ვცდილობ უფრო ძლიერი ვიყო ( ეს თვისება ბავშვობიდან გამომყვა).
–რას ურჩევთ დამწყებ პედაგოგს?
-ახალგაზრდა პედაგოგებს ვურჩევ, პირველ რიგში უყვარდეთ თავისი პროფესია და ბავშვები. ჰქონდეთ ნებისყოფა, რაც მთავარია, დიდი შრომით მიიღწევა ყველა წარმატება. არასოდეს იყო სხვის იმედზე, შენ უნდა შეეცადო შენით დადგე მყარად ფეხზე.
–თქვენი გადმოსახედიდან, რას შეცვლიდით სასკოლო პროცესში?
-ვისურვებდი, მოსწავლეებში სწავლის მიმართ ინტერესი მეტი იყოს. ამისთვის აუცილებელია გამოცდები, რომ ბავშვებმა მეტი იშრომონ. მინდა ყველა პედაგოგს და მოსწავლეს ჯანმრთელობა ვუსურვო, არ მინდა სხვის თვალში ცრემლის დანახვა, თუ ასე მოხდება, ეს იყოს სიხარულისა და ბედნიერების ცრემლი.
-მადლობა საინტერესო საუბრისთვის, „გაზეთი ბოლნისი“ გისურვებთ ჯანმრთელობას და მხნეობას.
ავტორი:მაგდა დევნოზაშვილი