ბოლნისში მევენახეობა-მეღვინეობის აღორძინება ორი საუკუნის წინ შვაბების ჩამოსახლებას უკავშირდება, მათ ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებით გააშენეს ვენახები და დაიწყეს ღვინის წარმოება ევროპული მეთოდით. მას შემდეგ ბოლნისში ამ საქმიანობას წარმატებით მისდევენ, თუმცა რამდენიმე წელია მეღვინეებმა ტრადიციას ახალი დატვირთვა შესძინეს, რომლის აღორძინება-განვითარების საქმეში დიდი წვლილი გურამ ავქოფაშვილმა შეიტანა. მან 2018 წელს კომპანია „არემჯის“ და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით მეღვინეთა გაერთიანება „ღვინო ბოლნისი“ ჩამოაყალიბა. სწორედ მეღვინეების განვლილი გზის გაცნობა მოხდა ბოლნისის ახალ მუზეუმში გამართულ ფორუმზე, სადაც წარმოდგენილი იყო „ღვინო ბოლნისის“ მიერ განხორციელებული ღონისძიებები და აქტივობების ანგარიში.
განსხვავებული არომატისა და გემოვნური თვისებების ბოლნისურ ღვინოებს დღეს არამარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც კარგად იცნობენ. გაერთიანება „ღვინო ბოლნისმა“ მხარდამჭერების მეშვეობით საინტერესო და სასარგებლო პროექტები განახორციელა. მათი დახმარებით მარნები აქტიურად მონაწილეობენ ადგილობრივ თუ საერთაშორისო გამოფენა-კონკურსებში, გადიან სხვადასხვა საგანამანათლებლო ფორუმებს და სემინარებს, იღებენ მარკეტინგულ მხარდაჭერას, რათა ადგილობრივ და საერთაშორისო მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის ღვინოები შესთავაზონ, მხარდამჭერებისგან ყურადღება სამომავლო გეგმებზეც გამახვილდა, კერძოდ მეღვინეების ღვინის ჭურჭლით უზრუნველყოფაზე ლაბორატორიულ კვლევებზე, ექსპორტის ხელშეწყობასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
მევენახე-მეღვინეების პირველ ფორუმზე საუკეთესო ღვინის წარმოებისთვის დაჯილდოვდა 16 მეღვინე, რომლებსაც უმაღლესი ხარისხის მუხის კასრები გადაეცათ, ღონისძიებაზე კომპანია „არემჯის“ წარმომადგენლებმა მიმდინარე პროექტებზე გაამახვილეს ყურადღება. მალე ბოლნისს ახალი ლოკაცია ქართულ-გერმანული ღვინის სახლი შეემატება, სადაც ჩამოსულ სტუმრებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ბოლნისურ ღვინოებს.