ოთხშაბათი, აპრილი 8, 2026
spot_img
Homeრუბრიკები „ლოცვითა და თავდაუზოგავი შრომით შექმნილი ღვინო - მონასტრის მეღვინეობის გაცოცხლებული ისტორია“

 „ლოცვითა და თავდაუზოგავი შრომით შექმნილი ღვინო – მონასტრის მეღვინეობის გაცოცხლებული ისტორია“

ბოლნისის წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის მამათა მონასტერში ღვინის დაყენება მხოლოდ მეურნეობის ნაწილი არაა, ეს არის ტრადიცია, რომელიც საუკუნეებს უკავშირდება. რამდენიმე წლის წინ აღმოჩენილმა IV–V საუკუნეების ქვევრებმა ბიძგი მისცა მონასტერში მეღვინეობის ძველის ისტორიის გაცოცხლების პროცესს.

დღეს მონასტერში ღვინო იქმნება, როგორც ქვევრის, ისე კლასიკური მეთოდით – შრომასა და ლოცვასთან ჰარმონიაში. აქ შექმნილი ღვინო, არ არის მხოლოდ პროდუქტი, თითოეული ბოთლი ატარებს ისტორიას, სულიერ გამოცდილებასა და იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მომავალ თაობებზე გადადის. დღევანდელ ინტერვიუში მამა გრიგორი გვიყვება, როგორ იქცა მეღვინეობა მათი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად და, როგორ აგრძელებს ბოლნისი ღვინის კულტურის განვითარებას.

-მამაო,  მოგვიყევით როგორ გაჩნდა მონასტერში მეღვინეობის აღდგენის იდეა?

– მონასტერში მეღვინეობის იდეა უკავშირდება ადგილზე ნაპოვნ ქვევრებს. 2015 წლის ბოლო იყო,მონასტერში კელიების მშენებლობის დროს, ადგილზე ვიპოვნეთ ქვევრები, რომელიც V საუკუნით დათარიღდა და ამან დაბადა ის იდეა, რომ შეგვექმნა ჩვენც საკუთარი მეღვინეობა. გაგვეგრძელებინა ის დროებით შეჩერებული ისტორია, რომელსაც მონასტრის მეღვინეობა ჰქვია. გამომდინარე აქიდან, გადავწყვიტეთ ჩვენც, ჩვენი მარანი გაგვეკეთებინა,ქვევრები ჩაგვედგა და გვეწარმოებინა ღვინო.

მონასტრული ცხოვრება ხშირად შრომასა და ლოცვას აერთიანებს. როგორ ერწყმის ვენახისა და მარნის საქმე თქვენს ყოველდღიურ მონასტრულ ცხოვრებას?

-რაც შეეხება მონასტრულ საქმიანობას, ლოცვასა და მევენახეობას, რა თქმა უნდა, უპირატესი არის ღვთისმსახურებაა, გამომდინარე იქიდან, რომ მონასტერში ვცხოვრობთ, მონაზვნები ვართ და პირველი საქმე არის ღვთის დიდება და ღვთისმსახურება. დღის განმავლობაში დროის უმეტესი ნაწილი უჭირავს ღვთისმსახურებას, ხოლო დანარჩენი დრო ისე გვაქვს გადანაწილებული, რომ მეღვინეობასა და მევენახეობას მოვახმაროთ. რა თქმა უნდა, ამასაც თავისი დრო სჭირდება, სპეციფიკიდან გამომდინარე, რადგან ეს არ არის იოლი, თუმცა, როგორც შეგვიძლია, ისე ვუდგებით ამ საქმეს. მათი ერთმანეთთან შეთვისება მაინც რთულია, რადგან რომელიმე ყოველთვის დაიჩაგრება, მაგრამ უპირატესად, მაინც ღვთისმსახურება გვაქვს დაყენებული.

-ცნობილია, რომ მონასტრის ტერიტორიაზე აღმოჩენილი უძველესი ქვევრები გახდა ერთგვარი შთაგონება ღვინის წარმოების აღდგენისთვის. რას ნიშნავდა ეს აღმოჩენა თქვენთვის და მონასტრისთვის?

-ქვევრების აღმოჩენა, რა თქმა უნდა, გაგვიხარდა. მით უმეტეს, როდესაც ეს IV-V საუკუნეებით თარიღდება, გარკვეულწილად ამ ისტორიასთან შეხებაში ხარ. ეს რაღაც თავისებური გრძნობაა, რაღაც განსაკუთრებული,როდესაც ამ ისტორიის ნაწილი ხდები. რა თქმა უნდა, ეს ყველასთვის დიდი სიხარული იყო.პირველ რიგში ადგილობრივი მღვდელმთავრის, მეუფე ეფრემის, დამსახურებითა და მონდომებით მოხდა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ამ ისტორიის გაცოცხლებას, ჩვენც თანამონაწილენი ვიყავით და ერთობლივი ძალებით შევუდექით ამ საქმეს, რომელსაც დღემდე ისე ვაკეთებთ, როგორც შეგვიძლია.

-მონასტერში ღვინის შექმნა ერთობლივი შრომის შედეგია. როგორ ნაწილდება პასუხისმგებლობები მამებს შორის ვენახის მოვლიდან,ღვინის დაყენებამდე?

-მეღვინეობასთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობებს, გამომდინარე იქიდან, რომ სულ ოთხი წევრი ვართ, თანაბრად გადანაწილებული გვაქვს ეს პასუხისმგებლობები. როდესაც საქმეა გასაკეთებელი, ან ვენახში, ან მარანში, ყველანი თანაბრად ვმონაწილეობთ.  ხანდახან რამდენიმე ბოლნისელი მეგობარიც გვეხმარება.

-თქვენ ამზადებთ,როგორც ქვევრის ღვინოს, ისე კლასიკურს.  რატომ გადაწყვიტეთ ამ ორი განსხვავებული მეთოდის ერთად გამოყენება?

-რაც შეეხება ღვინის ამ ორი მეთოდის გაერთიანებას, ალბათ ნიშანდობლივია, რატომ არის ქვევრის ღვინო ტრადიციული. ქართული გენის ავთენტურობა უნდა შევინარჩუნოთ. კლასიკურ სტილს რაც შეეხება, უფრო ევროპულს, მსუბუქს, გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანების სხვადასხვა კატეგორია არსებობს,  ვიღაცას მსუბუქი ღვინო ურჩევნია, ვიღაცას ქვევრის, ტანინებით გაჯერებული, ამიტომ ერთფეროვანი რომ არ ყოფილიყო ჩვენი მეურნეობა, ამ ორ სტილზე შევჯერდით.

ქვევრში ღვინის ბუნებრივი დუღილი ხშირად მინიმალური ჩარევით მიმდინარეობს. რამდენად ერევით ამ პროცესში და რამდენად „ანდობთ“ ღვინოს საკუთარ ბუნებრივ განვითარებას?

-ვცდილობთ, არ ჩავერიოთ ხოლმე ღვინის დუღილში, ყურძენს რაც აქვს თავისი ველური საფუარი, ვცდილობთ, რომ ამითვე ადუღდეს და ნაკლები შემხებლობა გვქონდეს ამ კუთხით, რადგან ბუნებრივად როგორიც გამოვა, ისეთი იყოს. ვერიდებით კულტურული საფუარის მიცემას, მიუხედავად იმისა, რომ ამაში ცუდი არაფერია, ჩვენი მიდგომა ასეთია.

არსებობს თუ არა განსაკუთრებული მონასტრული წეს-ჩვეულება, რომელიც ღვინის დაყენების პროცესს ახლავს თან?

-თუ აქ იგულისხმება ღვინის დაყენების პროცესში რაიმე წეს-ჩვეულება, მაგალითად, ლოცვა, რადგან მონასტერშია მარანი და ჩვენც მონაზვნები ვართ, ვცდილობთ ყველა საქმეში ღვთისმსახურებიდან  გამოვიდეთ და აქაც,  ვკითხულობთ პარაკლისებს და ვამბობთ ლოცვებს. ღვინოსთან ჩვენი შეხება იწყება ლოცვით.

-რამდენად რთულია ძველი ქართული ვაზის ჯიშების მოვლა და მათი შენარჩუნება დღევანდელ პირობებში?

-2-3 წელიწადში ერთხელ, რაღაც ახალ-ახალი დაავადებები იჩენენ თავს, რაც  ვენახისთვის ერთგვარი გამოწვევაა, თუმცა, თანამედროვე სამყაროში ვცხოვრობთ და უამრავი პრეპარატი არსებობს ამ დაავადებებთან საბრძოლველად. ჩვენც შესაბამისად ვიყენებთ, თუმცა, ხან გამოდის და ხან დაგვიანებულია ხოლმე. აი, ეს გამოწვევები ხვდება მევენახეს.

-ბოლნისის მთის ფერდობებზე გაშენებული ვენახები, განსაკუთრებულ პირობებს ქმნის,როგორ აისახება ეს გარემო ღვინის გემოსა და ხასიათზე?

-მოგეხსენებათ, ეს ვენახი გაშენებულია მთის ფერდობზე,ტერასული ტიპით და,  ადგილმდებარეობა კარგია, დილიდან საღამომდე მზის გულია, თუმცა თვითონ ნიადაგი მაინც კლდოვანია და შესაბამისად დიდი რაოდენობით წყალს მოითხოვს.

-მონასტერში დამზადებული ღვინო უკვე უცხოეთშიც გადის. რას ნიშნავს თქვენთვის, როდესაც თქვენი ღვინო ისეთ ქვეყნებში მიდის, როგორიცაა იტალია და გერმანია?

-რა თქმა უნდა, სასიხარულო ამბავია ღვინის ექსპორტი სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში,  თუმცა,  თითქმის მთელი მსოფლიო იცნობს ისედაც, რადგან საქართველო უძველესი კერაა მეღვინეობის,  ეს კი ერთგვარი პოპულარიზაციაა   ბოლნისის და ჩვენი მონასტრის.

-მონასტერში სტუმრად მოსულ ადამიანებს, თუ აქვთ შესაძლებლობა გაეცნონმ ეღვინეობის პროცესს და გაიგონ მეტი,ამ ტრადიციის შესახებ?

-ჩვენთან, მონასტერში, პერიოდულად ეწყობა ღვინის დეგუსტაციები,მსურველთათვის –  ვყვებით მონასტრის ისტორიას,მეურნეობის ისტორიას და იმ ტრადიციებს, რა ტრადიციებზეც ვდგავართ. უფრო ხშირად უცხოელი ტურისტები არიან ხოლმე, თუმცა, რა თქმა უნდა, ქართველებიც არიან მათ რიგებში.

როგორ ფიქრობთ, რა როლი აქვ მონასტერში წარმოებულ ღვინოს ბოლნისის ტრადიციული მეღვინეობის შენარჩუნებასა და პოპულარიზაციაში?

-ისტორიულად, თითქმის ყველა მონასტერში ჰქონდათ ქვევრები, სადაც აყენებდნენ სამართებელ ღვინოს, რამაც ხელი შეუწყო ამის დღევანდელ დღემდე მოტანას. ამაში ერის ხალხიც მონაწილეობდა, რადგან საქართველო ღვინის ქვეყანაა.  რაც შეეხება ბოლნისს, ესეც უძველესი კუთხეა  მეღვინეობის თვალსაზრისით და  ბოლო ათი წელია  აქტიურად მიმდინარეობს მეღვინეობის აღორძინება, როგორც ვიცი,  ორმოცზე მეტი რეგსტრირებული მარანია, რომლებშიც მაღალი ხარისხის ღვინო იწარმოება ბოთლში. ამ ყველაფრის ნაწილი ვართ ჩვენც, მონასტერი. ადგილობრივი მუნიციპალიტეტი გვიდგას გვერდში ბოლნისელ მეღვინეებს. ასევე დიდი მხარდაჭერა  გვაქვს RMG-სგან, რომლებიც ცდილობენ, პოპულარიზაციას შეუწყონ ხელი,  ექსპორტშიც, იმპორტშიც. რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგი და მისასალმებელია.

-დაბოლოს, რას ეტყოდით ადამიანებს, რომლებიც პირველად ეცნობიან მონასტერში შექმნილ ღვინოს, რა ისტორია დგას თითოეული ბოთლის უკან?

– თითოეული ბოთლის უკან არის თავდაუზოგავი შრომა და იმედია, ჩვენი შრომა ფუჭად არ ჩაივლის. ბევრისთვის ეს შეიძლება მოტივაციაც იყოს, რადგან ამ დიდი  ისტორიის პატარა ნაწილი ვართ. ვცდილობთ, განვითარებას ხელი შევუწყოთ და მომავალ თაობას გადავცეთ ისე რაც ჩვენამდე მოვიდა.

                                                                                                            მარიამ ონიანი

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები