კულტურის სახლის ისტორიულ შენობაში ოფიციალურად გაიხსნა თოჯინების თეატრი „სარდაფი“, რომელიც საკუთარი სცენიდან უმასპინძლებს პატარა და მოზარდ მაყურებელს და ქალაქის კულტურულ ცხოვრებას ახალ სიცოცხლეს შესძენს.
თოჯინების თეატრი უკვე 30 წელზე მეტ ისტორიას ითვლის. კოლექტივი, რომლის ხელმძღვანელი, საკუთარ საქმეზე, თოჯინებზე, ბავშვებზე და შემოქმედებისადმი სიყვარულით გამორჩეული თამარ ბობოხიძეა, წლების განმავლობაში არაერთ ფესტივალში მონაწილეობდა. ამ ხნის მანძილზე გუნდი დიდი სითბოთი და სიყვარულით ქმნიდა თოჯინებს და დაუვიწყარ ისტორიებს მომავალი თაობებისთვის, მიუხედავად წარმატებული გზისა, თეატრს საკუთარი სივრცე არასოდეს ჰქონია, სწორედ ამიტომ, ახალი სივრცის გახსნა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს, არა მხოლოდ თეატრისთვის, არამედ იმ გუნდისთვის, ვინც წლების განმავლობაში მის გვერდზე იდგა.
თეატრის გახსნის ცერემონია სადღესასწაულო გარემოში გაიმართა, მაყურებლის წინაშე წარმოდგენილი სპექტაკლი ,,ჯადოსნური ფლეიტა“ მაყურებელმა მხურვალე ტაშით დააჯილდოვა. პატარებთან ერთად ღონისძიებას დაესწრნენ ბოლნელი მთავარეპისკოპოსი მეუფე ეფრემი, კულტურის ცენტრის თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები.
ახალი სცენა, თოჯინების თეატრს, საშუალებას მისცემს პროფესიონალების მიერ შექმნილი ნამუშევრები უფრო მაღალი ხარისხით და მრავალფეროვნებით წარუდგინოს მაყურებელს. ეს არის სივრცე, რომელიც ბავშვებს დაეხმარება სამყაროს გაცნობაში, წარმოსახვის განვითარებაში და ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობაში.
თოჯინების თეატრი „სარდაფი“ ახალი ენერგიით, შემოქმედებითი მოტივაციითა და დიდი მიზნებით აგრძელებს საქმიანობას, რათა მაყურებელს, პროფესიონალთა გუნდის მიერ სიყვარულით შექმნილი პატარა სასწაულები დიდხანს გაჰყვეს და გაუთბოს გული.






თოჯინების თეატრს ვულოცავ ახალ სივრცეს❗🎉💝🎉💝