დღეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მცირე დარბაზში, პროექტის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ პირველი ფაზის დაფინანსებული პროექტის „ბოლნისში ბიზნეს საქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბების“ ფარგლებში, აგროწარმოებისა და ტურიზმის სფეროში ჩართულ მეწარმეებს, ტრენინგებში აქტიური მონაწილეობისთვის, პროექტის მენეჯერმა სერტიფიკატები გადასცა. შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის, ბოლნისის მუნიციპალიტეტის პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენელი და პროექტის მენეჯერი. ღონისძიებაზე მონაწილეებს გააცნეს ევროკავშირის პროგრამის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ მეორე ფაზის ფარგლებში მიმდინარე პროექტის „ბოლნისის მოდელი – წარმატებული მაგალითი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისთვის“, მიზნები და დაგეგმილი ღონისძიებები, რომელიც 2022-2024 წლებში განხორციელდება.
ნატა კაკაბაძე, პროექტის მენეჯერი:
-დღევანდელი შეხვედრა არის წინა დიდი პროექტის გაგრძელება და შედეგი. როგორც აღვნიშნეთ ეს პროექტები კეთდებოდა იმისთვის, რომ პერსპექტივა ჰქონოდა ბოლნისს განვითარებისთვის. წინა პროექტის ფარგლებში ტრენინგი ადგილობრივი მეწარმეებისთვის ლოქდაუნის პერიოდში ჩატარდა და დღეს მათ გადავეცით სერთიფიკატები. ჩვენი პროექტის ერთ-ერთი მიმართულებაა ბოლნისის მუნიციპალიტეტში მეწარმეების ხელშეწყობა და განვითარება, ვთვლი, რომ ასეთი სახის ტრენინგებს დიდი მნიშვნელობა აქვს. ახალი პროექტი ორწლიანია, რომელიც აგრძელებს წინა პროექტის მიმართულებებს. პირველმა პროექტმა გვაჩვენა, რა მიმართულებები უნდა განვავითაროთ მეორე ეტაპზე. ეს იქნება შემდგომი განვითარების, იდეების, გრანტების და ინვესტიციების მოზიდვის საფუძველი ისე, როგორც გაკეთდა მაგალითად წინა პროექტში ბოლნისის ეკონომიკური პოტენციალის შესწავლა. იმ პროექტმა საფუძველი ჩადო შემდგომი მეღვინეობის და ადგილობრივი განვითარებისთვის. ეს კეთდება ეკონომიკური განვითარებისთვის, პირველ რიგში იმ ხალხისთვის ვინც აქ ცხოვრობს.
ლიზი სოფრომაძე, რეგიონის განვითარების ცენტრის ტრენერი, კონსულტანტი:
-ადგილობრივ განვითარებას სჭირდება რამდენიმე აქტორი. პირველი აქტორი არის ხელისუფლება, რომელიც ფასილიტაციას უკეთებს პროცესს და ყველას აძლევს საინტერესო, სწორ მიმართულებას, იმიტომ, რომ ვიღაცამ უნდა აიღოს ლიდერობა. ამ შემთხვევაში ბოლნისის მუნიციპალიტეტი ასეთი აღმოჩნდა, რომელმაც დაინახა, რომ ადგილობრივ განვითარებას მარტო ვერ მოერევი და დაიწყო ევროკავშირთან თანამშრომლობა, რომ პროექტების საშუალებით სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს თავისი როლი და ფუნქცია დაანახოს. იცით როდის არის კონფლიქტი? როდესაც ერთ სამზარეულოში 2 ქალია, როცა ორივეს ერთი და იგივეს გაკეთება უნდა, მაშინ ვჭიდაობთ, არადა ყველას თავისი საქმე, როლი და ფუნქცია აქვს, შესაბამისად დაინახო, მისცე კონტური, შესაბამისი ალგორითმი, ამას შრომა, ფიქრი, მსჯელობა, აზროვნება სჭირდება. ბოლნისმა ეს დაიწყო. იმისთვის, რომ ეს შენარჩუნდეს მედიას აქვს დიდი მნიშვნელობა. ეს არის ძალიან საინტერესო პროცესი, სადაც ბიზნესს, სამოქალაქო საზოგადოებას, აქტივისტებს, მოსახლეობას, ხელისუფლებას, მედიას, თავისი ადგილი აქვს.
ლევან ქუქჩიშვილი, მეწარმე:
-დღეს გადმოგვეცა სერთიფიკატები, რომლის ტრენინგები და შეხვედრები ჩაგვიტარდა 2020 წელს,რომელიც პანდემიის პირობებში ონლაინ სივრცეში გვიტარდებოდა. -მე, როგორც მცირე მეწარმეს, ძალიან წამადგა ეს ტრენინგები ბიზნეს საქმიანობის ეფექტურად წარმართვაში. მოგეხსენებათ ვარ „აწარმოე საქართველოს“ გამარჯვებული, სწორედ პროექტის სწორად მიტანა იყო ამ პროექტში (აწარმოე საქართველოში) წარმატების საწინდარი, ამაში კი იმ ონლაინ ტრენინგებს, რომლის სერტიფიკატებიც გადმოგვეცა, გარკვეული წვლილი მიუძღვით. დღესაც საინტერესო საუბრები შედგა, გავცვალეთ იდეები და შეხედულებები. ტრენინგების მიზანი იყო, ჩვენი ცნობიერების ამაღლება ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების საქმეში, სადაც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა პარამეტრები. ეს პროექტი ევროკავშირის მიერ იქნა დაფინანსებული. ამ პროექტში მონაწილეობამ, გარკვეული ცოდნა დამიგროვა და სხვა ასევე მნიშვნელოვან პროექტებში მონაწილეობის დროს შესაძლებლობები შემმატა.