რაგბის ევროპის ჩემპიონატისთვის 34 კაციანი შემადგენლობა უკვე დასახელდა. აღსანიშნავია, „ბორჯღალოსნებში“ საკუთარი ძალის სიმტკიცეს და წლების განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებას, ბოლნისელი ახალგაზრდა მორაგბე ნიკოლოზ რეხვიაშვილი გამოცდის.
გაზეთ „ბოლნისთან“ საუბრისას ნიკოლოზ რეხვიაშვილმა აღნიშნა, რომ მისი დებიუტი თებერვალში შედგება და დიდ რაგბში თამაშს შვეიცარიის და ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან ჩაატარებს.
როგორი იყო გზა კლუბ „ბოლნელიდან“ საქართველოს ნაკრებამდე, ვრცლად ამაზე ნაკრების წევრი ნიკოლოზ რეხვიაშვილი გვესაუბრა.
-ჯერ კიდევ ძალიან პატარა ვიყავი, ამ სპორტით რომ დავინტერესდი, ეს მამაჩემის დამსახურებაა, რომელიც წლების განმავლობაში თამაშობდა რაგბში და საქართველო არაერთხელ ასახელა. სწორედ მისი ინიციატივით ბოლნისში დაიწყო რაგბის პოპულარიზაცია, ჩამოაყალიბა კლუბი „ბოლნელი“ და იქ დავიწყე აქტიური ვარჯიში, შემდეგ ძალები ისტორიულ კლუბ „ყოჩებში“ მოვსინჯე, სადაც პროფესიონალ მწვრთნელებთან და გამოცდილი მოთამაშეების გარემოცვაში მიწევდა ყოფნა. შეიძლება ითქვას, რომ ჩემი ფორმირება სწორედ იქ მოხდა, სადაც თამაშთან ერთად, თითოეული მოთამაშე საკუთარი თავის სიმტკიცეს, გამძლეობას, რწმენასა და სხვა უნარ-ჩვევებს სწავლობდა. „ყოჩებში“ მიღებული გამოცდილება დამეხმარა, რომ თამაში 2021 წლიდან 7-კაცაში გავაგრძელე.
როგორც ყველა სპორტსმენს, ჩემი ოცნებაც ეროვნულ ნაკრებში თამაში იყო, ამას სჭირდებოდა დიდი შრომა, სტაბილური ვარჯიში და ფიზიკური მომზადება, რომელიც ყოველდღიურად დილის 6 საათიდან იწყება. ეს პროცესი რთულია, თუმცა სასიამოვნოდ საპასუხისმგებლო. ამაზე დიდი ბედნიერება არ არის, როდესაც საქართველოს ნაკრების მაისურით დგახარ მოედანზე და შენი ქვეყნის სახელით იბრძვი უძლიერეს მეტოქეებთან.
ნიკოლოზ რეხვიაშვილი ამ წარმატებას მამის დამსახურებად და დედის მხარდაჭერით მიღწეულ შედეგად აფასებს, რომელსაც წინ საინტერესო და გამოწვევებით სავსე ახალი ეტაპი ელის.





