ბოლნისის ახალ მუზეუმში, ქვემო ქართლის საგანმანათლებო (შემეცნებითი), ტურისტული კლასტერის კონცეფცია წარადგინეს. პრეზენტაცია ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელმა დავით ლორთქიფანიძემ გამართა, რომელსაც მხარის გუბერნატორი, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პრეზენტაციის ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია პროექტის მიზნებსა და მნიშვნელობაზე. ინიციატივა მიზნად ისახავს ქვემო ქართლში კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას, საგანმანათლებლო და ტურისტული მიმართულების განვითარებას. დღევანდელ შეხვედრაზე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა და ყურადღება გაამახვილა იმ ვალდებულებაზე, რაც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვასა და მოვლა-პატრონობას უკავშირდება.
შეხვედრის დასასრულს, დავით ლორთქიფანიძემ, კულტურული და ტურისტული განვითარების მიმართულებით, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს კოორდინირებული თანამშრომლობა შესთავაზა.





