ჩვენი დროის ცოცხალი მემატიანე, ბოლნისელი კოლორიტი პეტრე დანელია, მესამე წიგნის დასრულების პროცესშია. სამტომეული წიგნის წერა ავტორს დღემდე უცნობი ისტორიული ფაქტების ჩვენამდე მოტანამ და გაცნობამ გადააწყვეტინა. ბატონი პეტრე წლების მანძილზე, აგროვებდა სხვადასხვა ისტორიული წყაროებიდან, (ეროვნული არქივი) და ნარკვევებიდან მასალებს, იღებდა ინფორმაციას ქალაქზე და მის მცხოვრებლებზე, ისმენდა მონათხრობს, არკვევდა ყველა წვრილმან დეტალს და მოპოვებულ სასურველ ინფორმაციას საკუთარ ქეისში ინახავდა.
წიგნში იშლება წლების განმავლობაში დაგროვილი ისტორიული ნარკვევები: სახალხო მეურნეობაზე, რელიგიაზე, კულტურაზე, ადამიანურ ღირებულებებზე, მულტიეთნიკურ ურთიერთობებზე და პრე-ქრისტიანული ბოლნისიდან დღევანდელ ბოლნისამდე.
პეტრე დანელია, წიგნის ავტორი:
-,,ალბათ ყველა ბოლნისელისთვის საინტერესოა, თუ რანი ვიყავით და რას წარმოადგენდა საუკუნეების მანძილზე ჩვენი მხარე. ქართველი და უცხოელი მეცნიერების მიერ XX-XXI საუკუნეებში ჩატარებული არქეოლოგიური კვლევებით ბოლნისში აღმოჩენილია ბრინჯაოსა და რკინის ხანის ნამოსახლარები, ფეოდალური ხანის ხუროთმოძღვრების ძეგლები, ნაქალაქარები, ნასოფლარები, ციხე-სიმაგრეები, ქრისტიანული ტაძრები. მსოფლიოში პირველი ყურძნის მოყვანისა და ღვინის დაყენების ნიმუშები, განვითარებული მიწათმოქმედებისა და მეცხოველეობის არტეფაქტები და ძვ. წელთაღრიცხვის IV-III ათასწლეულების ძვირფასი მეტალების მოპოვება-გადამუშავების ნიმუშები. ფარნავაზის მეფობის პერიოდში (ძვ.წ.III) გაერთიანებულ საქართველოში, პირველად მოიხსენიება სამშვილდის საერისთაოში დასახლება „ბოვნისი“, სადაც ძვ.წ.მე-2 ათასწლეულში გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო და სატრანსპორტო აბრეშუმის გზები, რომელიც დაკავშირებული იყო სპარსეთთან, ავღანეთთან, ინდოეთთან, შორეულ ჩინეთთან, სამხრეთით სომხეთთან და სირიასთან, აღმოსავლეთით საბერძნეთთან და საქართველოს სხვა რეგიონებთან. 736-738 წლებში ბოლნისის საერისთაოს, ისევე როგორც მთელ ქართლს, მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა მურვან ყრუს ლაშქრობებმა. მურვან იბნ მუჰამადი საქართველოში არაბთა 120 000 ჯარით შემოიჭრა ალბანეთიდან, რომელმაც ბოლნის-რუსთავის გზის გავლით აიღო ქ.თბილისი და მთელი დასავლეთ საქართველო, ამის შემდეგ მე-XI საუკუნემდე, მთელი ქვემო ქართლი, თბილისის საამიროს შემადგენლობაში მოექცა“.
სამივე წიგნში, ასევე ხაზგასმითაა ნახსენები, ბოლნისური ღვინისა და ვაზის შესახებ, რომელიც დღემდე აქტუალურია და ბოლნისურ ღვინოს უკვე საქართველოს ფარგლებს გარეთაც იცნობენ. იცნობენ ბოლნისელ მეღვინეებსაც, რომელთაც რამდენიმე ღვინის ფესტივალზე და გამოფენებში მოპოვებული აქვთ სხვადასხვა სახის მედლები და ჯილდოები.
,,ისტორიული და რელიგიური მასალებით ცნობილია და მეცნიერულად დასაბუთებულია, რომ საქართველო არის ის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც ადამიანმა ჯერ კიდევ ნეოლითის ხანაში ველური ვაზი „გააკულტურა“ და გააშინაურა. იუდეველების და ქრისტიანული რელიგიის ძველი აღთქმის პირველი ნაწილი – „დაბადება“ გვამცნობს, რომ სწორედ საქართველოში დიატომიტის ერთ-ერთ საბადოზე, ცარცის მაგვარ დანალექ კვარცის ფენებში, აღმოჩენილია მოყვითალო ფერის გაქვავებული 30 სანტიმეტრზე მეტი სიგრძის ვაზის შტამპი, რომლის ასაკი დაახლოებით 15 მილიონი წელია.
ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სწორედ ბოლნისში, არქეოლოგიური გათხრების დროს, მეცნიერებმა თიხის ჭურჭლის ნატეხზე აღმოაჩინეს ღვინის დანალექი და განმარხებული ყურძნის წიპწები, რომელსაც თავისი მორფოლოგიური და აპელოგრაფიული ნიშნების მიხედვით, ვაზის კულტურის სახეობა – (Vitius Viniferasativ“-ს მიაკუთვნეს, რომელიც ძვ.წ.VII-VI ათასწლეულს განეკუთვნება, აქვეა აღმოჩენილი ძვ.წ. VI-V ათასწლეულის უძველესი მარნები და მათ შორის თერმოსის მსგავსი ორმაგ კედლიანი ქვევრები, რომლებიც სავარაუდოდ ღვინის თერმული დამუშავებისთვის იყო განკუთვნილი და ეს თავისთავად, ერთ-ერთი უნიკალური მოვლენაა მთელს მსოფლიოში,“ ამბობს წიგნის ავტორი.
ბატონ პეტრეს თავის ნაშრომებში ასევე დაწვრილებით აქვს აღწერილი სხვადასხვა წინგებიდან, ისტორიული წყაროებიდან და მონათხრობებიდან 200 წლის წინ ჩამოსახლებული გერმანელი კოლონისტების ცხოვრებისეული დეტალები, რომლებმაც თავიანთი წვლილი შეიტანეს მაშინდელი ბოლნისის ეკონომიკის განვითარებაში და ქართულ-ევროპულ ურთიერთობებში. 2017 წელს გერმანელი კოლონისტების ჩამოსახლების 200 წლის იუბილისადმი მიძღვნილ კვირეულზე, რეჟისორმა ლაშა ნოზაძემ მაყურებელს, სწორედ პეტრე დანელიას ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით შექმნილი სპექტაკლი წარუდგინა. „ბოვნისი, ეკატერინენფელდი, ლუქსემბურგი, ბოლნისი“, სადაც გადმოცემულია ტრაგიკული ისტორია, რომელიც კომუნისტური რეჟიმის დროს, კოლონისტი გერმანელების უეცარმა გადასახლებამ გამოიწვია.
პეტრე დანელია – გერმანელი კოლონისტები იყვნენ შრომისმოყვარენი, ჰქონდათ მრავალი პროფესია, იყვნენ მცოდნენი და მეტად მოწესრიგებულნი. დღემდე ბოლნისში შემორჩენილია და ფუნქციონირებს ღვინის ქარხანა, რომელიც 1908 წელს აშენდა, ასევე დღევანდელ სპორტულ კომპლექსში შემორჩენილია ლუთერანული ტაძრის ნიმუშები, ძველი გერმანული სახლები დამახასიათებელი სარდაფებით და სხვენებით. გერმანელ ხალხს ჰქონდათ დიდი კულტურა და განათლება, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მათ დიდი როლი შეიტანეს ბოლნისის განვითარებაში და ხელი შეუწყვეს ქართულ-გერმანულ მეგობრულ ურთიერთობებს.
პ.ს.ჩვენი დროის ცოცხალი მემატიანე, ბატონი პეტრე დღემდე ძიებაშია, აგროვებს ისტორიულ-კულტურულ ნარკვევებს, სადაც ჩვენი ქალაქის წარსული და აწმყო სიღრმისეულადაა აღწერილი. მისი სურვილია, რომ თაობებს შემოუნახოს და გადასცეს ყველა ის დეტალი, რაც ბოლნისმა პრექრისტიანული ხანიდან დღემდე გამოიარა.
ავტორი: მარინა გავაშელი