მავნებელი, რომელიც მოსავალს ანადგურებს – როგორ ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას

გაზაფხულის დადგომასთან ერთად, სოფლის მეურნეობა ისეთი გამოწვევის წინაშე დგება, როგორიც არის კლიმატური ცვლილებები, ნიადაგთან დაკავშირებული პრობლემები და მცენარეულ კულტურაზე სხვადასხვა მავნებლის ზემოქმედება.

ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად  კვლავ  აზიური ფაროსანა რჩება. მავნებელი მწერის  უარყოფითი ზემოქმედება სოფლის მეურნეობაზე მრავალფეროვანია, იგი აზიანებს როგორც კურკოვან, ისე კენკროვან და თესლოვან მცენარეებს.

ბოლო რამდენიმე წელია  ფაროსანა  დიდ ზიანს აყენებს მოსახლეობას. ის არის პოლიფაგური მწერი, რაც იმას ნიშნავს,  რომ საკვებად მცენარეების ფართო სპექტრს იყენებს.

რა ღონისძიებები ტარდება  და როგორ ვებრძოლოთ აღნიშნულ პრობლემას, ამ საკითხზე სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველოს ბოლნისის ოფისის ფიტოსანიტარი ლია ბეჟანიშვილი გვესაუბრება.

-ქალბატონო ლია, გაზაფხულდა და კვლავ აქტუალურია თემა აზიური ფაროსანა და მასთან ბრძოლის მეთოდები.   რა პრევენციულ ღონისძიებებს უნდა მიმართოს მოსახლეობამ?

-აზიური ფაროსანა არის ყველაზე დიდი  გამოწვევა, არა მარტო ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის, არამედ მთელ საქართველოსთვის. არსებობს ფაროსანთა მრავალი ჯგუფი, თუმცა მათ შორის აზიური ფაროსანა ყველაზე მეტად აზიანებს სასოფლო -სამეურნეო კულტურებს. მისი ჩამონათვალი 300-ზე მეტია. ის ავნებს კენკროვან ხეხილს და ბოსტნეულს  კულტურებს.

მავნებელი მწერი მთელ მსოფლიოში არის  გავრცელებული. საქართველოში 2016 წლიდან გვევლინება. თავდაპირველად გავრცელდა   დასავლეთ საქართველოში. ბოლო წლებია ფაროსანა აღმოსავლეთ საქართველოშიც დაფიქსირდა და აზიანებს ყველაფერს. ყველაზე მეტად კი თხილს ავნებს ყველა სტადიაში, ყვავილობიდან გვიან შემოდგომამდე. ამიტომ საჭიროა ადრეულ გაზაფხულზე თხილის წამლობა.

 ოფიციალურად ცნობილია, რომ ფაროსანა გამოზამთრების შემდეგ გამოდის აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში. თუმცა ტემპერატურის მატებასთან ერთად   მწერი უკვე გამოჩნდება და იწყებს მავნებლურ მოქმედებას.   ამიტომ მასთან ბრძოლა უკვე უნდა დავიწყოთ მარტიდან.

-რა უნდა იცოდეს მოსახლეობამ  ფაროსანას შესახებ? რა არის მნიშვნელოვანი და ყურადსაღები, რის ცოდნაც გაამარტივებს პრობლემის გადაჭრას.

– მნიშვნელოვანია, გავამახვილოთ ყურადღება აზიური ფაროსანას განვითარების სტადიებზე. დათბობასთან ერთად მწერი იწყებს გამრავლებას. მას ახასიათებს განვითარების 5 ნინფის სტადია. ფაროსანა ნინფის ფაზაში დაფრთიანებამდე 50-55დღის განმავლობაში რჩება. სწორედ ამ დროსაა მათთან ბრძოლა ადვილი. ლოკალური განადგურებისთვის შეწამვლა ყველაზე მეტად არის ეფექტური. დაფრთიანების შემთხვევაში,  უკვე რთულდება წამლის ზემოქმედება მწერზე, რადგან ფაროსანას აქვს ნახევრად ხეშეში ფრთები და პრეპარატი ნაკლებად მოქმედებს.

უმჯობესია არ დაველოდოთ ნინფის სტადიას და მანამდე დავიწყით მათთან ბრძოლა. რადგან გამოსვლისთანავე სახლდება მცენარეზე და იწყებს კვებას. მავნებელი იკვებება ფოთლის, ყლორტისა და ნაყოფის წვენით.

კურკოვან და თესლოვან ხე-მცენარეებში ნასკვის გასვლისთანავე იწყებს უკვე მავნებლობას, ნაყოფის გარედან ჩანს ნეკროზული ლაქები, სიმინდის კულტურას რძისებრ-ცვილისებრი სიმწიფის ფაზაში აზიანებს. ამიტომ სანამ ამ ფაზაში გადავა მცენარეს მანამდე  უნდა წამლობა. ბოსტნეული კულტურებიდან ფაროსანა აზიანებს პომიდორს, წიწაკას, ბადრიჯანს და მწვანე პარკოსნებს. ბოლო ორი წელია მავნებელი მწერი  ყურძენსაც  ვნებს სიმწიფის ფაზაში.

საქართველოში ფაროსანა ძალიან კარგად გრძნობს თავს, რადგან ჩვენს ქვეყანაში მწერი სამ თაობას ივითარებს.

-რა პრეპარატებით არის რეკომენდირებული მცენარეთა შეწამვლა?

-მინდა მივაწოდო მოსახლეობას ის პრეპარატების დასახელება, რომლებიც სანდო,  საიმედო და ამავე დროს გამოცდილი. აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ ყველაზე ეფექტიანია პირეტროიდული ჯგუფის ბიფეტრინის შემცველი საქართველოში რეგისტრირებული პრეპარატები: ტალსტარი,ზონდერი, ინსაკარი, ბატალიონი, თეიქოფი, კურა-კურადა ხაბლა. პრეპარატების ხარჯის ნორმაა 0,3-0,6 ლიტრი ჰექტარზე. აუცილებლად საყურადგებოა, პრეპარატების ვადა და გამოყენების წესები.

ასევე, ჩემი რჩევაა ხეხილი კვირტობის ფაზაში შეიწამლოს. 3%-იან ბორდოს სითხეს (10 ლიტრა წყალში გავხსნათ 300 გრ.ბორდო) დავამატოთ ინსტექციტიდი და ისე ვუწამლოთ მცენარეებს.

-რა ღონისძიებები ჩატარდება სურსათის ეროვნულ სააგენტოში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ?

-პირვერ რიგში მოსახლეობას ვაწვდით თეორიულ  ცოდნას. ამასთანავე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე, ყველა სოფელთან მაგრდება სპეციალური საჭერი დაფები ე. წ.ფერომონები. ამის შემდეგ ტარდება მონიტორინგი, თუ რამდენი ფაროსანა არის დაფაზე მიკრული. რაოდენობა თუ 15 -ს გადაცილდება  ხდება რეაგირება, ირთვება ჩვენი სამსახური და აღნიშნული ტერიტორია იწამლება.

აზიურ ფაროსთანასთან დაკავშირებით დაწვრილებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სურსათის ეროვნული სააგენტოს ბოლნისის ოფისი (ტელ. 591 91 48 55)

მაია გავაშელი

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული