სამშაბათი, დეკემბერი 10, 2024
spot_img

აბრეშუმისა და ატლასის   ლენტებით  გაცოცხლებული სამყარო

აბრეშუმისა და ატლასის ლენტებით შექმნილი და გაცოცხლებული ფლორა-ფაუნა, პეიზაჟები და პორტრეტები, დახვეწილ, ორიგინალურ  ნამუშევრებში ჭრელი ფერებით შთაბერილი სიცოცხლე  – ასეთია თვითნასწავლი ხელოვანის ნამუშევრები, სადაც პროფესიით  პედაგოგის  სულიერი სამყაროა გადმოცემული.

ია გვენეტაძე ხელსაქმით რამდენიმე წელია აქტიურად დაკავდა, თავის შექცევის მიზნით  დაწყებულმა გატაცებამ ნელ-ნელა სერიოზული სახე მიიღო. ნამუშევარს ახალი შედევრები და მეტი დაინტერესება მოჰყვა,  ასე შეიქმნა მისი სულის ნაწილები.

ნამუშევრები ხელოვანს  ჰგავს, ზოგი ფერადი და მხიარული, ხან სევდიანი და მშვიდი ტონალობით. დღეს ძირითადად ფერადი ლენტებით მუშაობს, თუმცა ხატვაც და კერვაც კარგად გამოსდის.  ბავშვობაში ბებიისგან ნასწავლმა ხელსაქმემ უკვალოდ არ ჩაიარა და დღეს დაბა კაზრეთში  და სოციალურ ქსელშიც, კარგად იცნობენ მის ნამუშევრებს.

იმერეთის  სოფელ ქვედა სიმონეთში დაბადებულმა ია გვენეტაძემ ბავშვობა დაბა კაზრეთში, დედულეთში პაპა-ბებიასთან გაატარა, სადაც თავგადასავლებით სავსე ბავშვობა ქონდა.

,,ექვს წლამდე დედულეთში ვიზრდებოდი, სადაც ლაღი და თავგადასავლებით სავსე ბავშვობა გავატარე. ბებია ძალიან კარგად ქსოვდა და კერავდა, ცნობისმოყვარე ვიყავი, ვაკვირდებოდი და ვიმახსოვრებდი, სწორედ მისი დამსახურებაა,  რომ ხელსაქმე მეხერხება, სკოლის ასაკში სოფელში დავბრუნდი, წარჩინებული მოსწავლე ვიყავი, ტექნიკური საგნები მიყვარდა, თუმცა აქტიურად ვიყავი დაკავებული სპორტით, მუსიკითა და ხატვით. გონებაში ჩარჩენილი თვლების ამოყვანა და ქსოვა დიდობაში ვცადე, გამომივიდა. მახსოვს მამას მეგობარი სამკერვალოს უფროსი იყო და ის მიგზავნიდა მორჩენილ ფერად ნაჭრებს, რითაც თოჯინასა და ჩემს პატარა დას კაბებს ვუკერავდი, ეს დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. ბავშვობაში  ასევე ძალიან მიყვარდა ,,მასწავლებლობანას“ თამაში, რამაც დიდი გავლენა იქონია პროფესიის არჩევაზე“.

სკოლის დამთავრების შემდეგ იამ, იოანე პეტრიწის სახელობის უნივერსიტეტში, მათემატიკა-ინფორმატიკის განხრით, ჩააბარა, პარალელურად სწავლობდა აკაკი წერეთლის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში  შრომა-ფიზიკის დაუსწრებელ ფაკულტეტზე. როგორც თავად ამბობს, სტუდენტობა გაჭირვებულ და მძიმე 90-იანებში მოუწია. ,,მესამე კურსის სტუდენტმა  ისევ დედულეთს მოვაშურე და  კაზრეთის მეორე საშუალო სკოლაში დავიწყე მუშაობა მათემატიკა-ინფორმატიკის პედაგოგად, მუშაობა ცოტა ხანს მომიწია, რადგან ეს არ იყო ის, რაც მინდოდა, მე სხვა რაღაცას ვეძებდი, დავიწყე ქარგვა, სწორედ ამ პერიოდში გავიცანი ხელოვნების პედაგოგი ქალბატონი ცისანა ჭალიძე, მას ვეკითხებოდი რჩევებს. ვცადე მარილით და შუშით ხატვა, თუმცა ნამუშევრები დღემდე არ დამისრულებია, იმ პერიოდში ძალიან ჭირდა ცხოვრება, ამიტომ შემოსავლისა და თავის რჩენისათვის სამსახური იყო აუცილებელი,  2008 წელს კაზრეთის პირველი სკოლის შვილობილ სკოლაში სოფელ ქვეშში დავიწყე მუშაობა. აქ საოცარი კოლექტივი დამხვდა, შემდეგ იყო სასულიერო სკოლა, ეხლა კი ისევ სოფელ ქვეშს დავუბრუნდი სპეც მასწავლებლის სტატუსით, ჩავაბარე გამოცდები და ამ მიმართულებით ვცდილობ მუდმივად გავიზარდო“.

წლების წინ მას ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა  და დროებით მოუწია აქტიური ცხოვრებისთვის თავის დანებება, სწორედ ამ დროს დაუბრუნდა მისთვის საყვარელ საქმეს, დაუმეგობრდა სოციალურ ქსელს, საიდანაც გააუმჯობესა და ისწავლა ბევრი ახალი ხელსაქმე, პოლიეთილენის ბოთლებისგან  ამზადებდა აქსესუარებს, ზოგს საჩუქრად, ზოგსაც ყიდდა და მცირე შემოსავლის წყაროც ჰქონდა.

,,ზუსტად ამ პერიოდიდან იწყება  ხელოვნებით ჩემი ტკბობა, სწორედ აქაა სულიერი თავისუფლება, ინტერნეტის საშუალებით ვსწავლობდი ხელოვნების სხვადასხვა მიმდინარეობებს, ვქმნიდი საახალწლო აქსესუარებს, დეკორატიულ სანთლებს, გოფრე ქაღალდებისგან ვამზადებდი თაიგულებს, კალათებს. პანდემიამდე ვყიდდი კიდეც, ვაბარებდი მაღაზიაში. ხელნაკეთი ნივთების დამზადება გარკვეულ დროს და ნერვებს მოითხოვს, საკმაოდ შრომატევადი საქმეა, ყველა დეტალს დაკვირვება სჭირდება, თუმცა გაყიდვა იმ ფასში, რაც გიღირს, რთულია. პანდემიამ  გააჩერა ყველაფერი, ახლა მხოლოდ სასაჩუქრედ ვამზადებ. ჩემს ნამუშევრებს, ადრე მხოლოდ მეგობრები, თანამშრომლები იცნობდნენ, ახლა სოციალურ ქსელში  პირად გვერდზე ვათავსებ. ძირითადად ფერადი ლენტებით ვმუშაობ, რაც ინტერნეტის საშუალებით ვისწავლე, ამ მიმართულებით მომუშავე ხელოვანები დამეხმარნენ, მე ჩემებური შტრიხები შევიტანე და ასე ნელ-ნელა დავხვეწე. პირველად იასამნები გავაკეთე, რასაც ძალიან ბევრი ნაქარგი მოჰყვა, ამჟამად შეკვეთაზე ვმუშაობ,  სასიამოვნო პროცესია, დაპრინტულ ტილოზე ფერთა შეხამებით ათავსებ ლენტებს, აქ მთელ სულსა და გულს ვდებ“.

თვითნასწავლი  ხელოვანის სურვილია, მისი საოცარი მარჯვე ხელებით ათასგვარად აყვავებული ნაქარგები, რომელშიც სულს და გულს დებს, ბევრმა ადამიანმა გაიცნოს, მანამდე კი ცდილობს მისი სულის ნაწილები სხვა დაინტერესებულ ადამიანებს გაუზიაროს,  გაახაროს მათი გულები და გაულამაზოს სახლები. „ამ ეტაპზე პანდემიამ შემიშალა ხელი, გამეცნო  ნამუშევრები ფართო საზოგადოებისთვის, ბევრი გავაჩუქე და ძალიან მიხარია, როცა მას სხვებთან ვნახულობ, სიამაყით ვივსები, თუმცა მაქვს ისეთი ნაქარგებიც, რომელიც მხოლოდ ჩემია და იმას ვერასოდეს შეველევი“.

მაგდა დევნოზაშვილი

მსგავსი სტატიები
- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები