კლიმატის ცვლილებების გავლენა და თანმდევი პროცესები, სოფლის მეურნეობის დარგის წარმომადგენლებისთვის კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევად. კრიტიკულად მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობის დანერგვა. ამასთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორი გარკვეული მიმართულებით მუშაობს.
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი CENN, შვეიცარული ორგანიზაცია HEKS/EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობა – PRAISE Marneul“-ის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული სასოფლო-სამეურნეო პროექტები, მედიატურის ფარგლებში, ქვემო ქართლის ჟურნალისტებმა მოინახულეს. მარნეულში 15 მცირე და საშუალო ფერმერია დაფინანსებული, ტურის ფარგლებში სოფლების: დიოკნისის, წერეთელის, მარადისის, წითელისოფლისა და ახლოლალოში მცხოვრები 9 ფერმერის პროექტს გაეცნენ. საგრანტო კონკურსის გამარჯვებული სოფელ დიოკნისში მცხოვრები თენგიზ შაინიძეა, მისმა წინადადებამ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ხელმისაწვდომობაზე გაიმარჯვა და ტრაქტორი თანამონაწილეობით შეიძინა, რომლითაც არა მხოლოდ პირად პრობლემებს, არამედ მეზობელი სოფლის მცხოვრებლების პრობლემებსაც გადაჭრის.
ეკომიგრანტებით დასახლებულ სოფელ დიოკნისში, CENN-ის მიერ გამოცხადებული პროექტის ფარგლებში კიდევ 2 ფერმერის წინადადება დაფინანსდა, ხათუნა შავიძის წყლის სატუმბის და ავზის მშენებლობა, ხოლო დავით საგინაძის წვეთოვანი მორწყვის სისტემა.
მედიატურის ფარგლებში, კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობის თანამედროვე პრაქტიკაზე, ყველაზე მეტად მორგებულ სოფელ მარადისში, პროექტის ფარგლებში სამმა აპლიკანტმა ისარგებლა. ნაირა ბოლქვაძემ პრაქტიკაზე დაყრდნობით ქარსაფარი ზოლი გააშენა და თავად დაიწყო დეკორატიული მცენარეების ნერგების წარმოება.
დეკორატიული მცენარეების, სანერგე მეურნეობისთვის პოლიკარბონატის სათბურის მოწყობა დაუფინანსდა ნინო ხარხელაურს. ამავე სოფლის მკვიდრმა გოჩა პაქსაძემ კი შექმნა საინიციატივო ჯგუფი, ჩაერთო პროექტში და სარწყავი წყლით უზრუნველყოფისთვის ჭის მოწყობა დაუფინანსდა. თანამედროვე პრაქტიკის დანერგვით, რომელიც შვეიცარული ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, სოფელში ბევრი პრობლემა გვარდება.
თანამედროვე ბლის ინტენსიური ბაღის გაშენება დაუფინანსდა სოფელ წერეთელში მცხოვრებ, ნათია ოქროპირიძეს. ოცნება, ჰქონოდა ბლის ბაღი, აუსრულდა. იდეის სრულყოფისთვის წინ კიდევ ბევრი გამოწვევაა.
ნათიასგან განსხვავებით, უკვე გაშენებული ბაღის გასარწყავიანება დიდ პრობლემას წარმოადგენდა სოფელ წითელისოფლის მკვიდრის, არტურ ნაზარიანისთვის. პროექტში გამარჯვების შემდეგ დაამონტაჟა წვეთოვანი სარწყავი სისტემა, რითაც გაუადვილდა მორწყვის პროცესი.
სოფელ ახლოლალოს მკვიდრი მახირ მამედოვი შესანახი-სამაცივრე მეურნეობისთვის გახარჯული ელექტროენერგიის გადასახადის დაზოგვის მიზნით, ელ.ენერგიის გამომუშავების ალტერნატიული წყაროს დანერგვაზე, მზის პანელების დასამონტაჟებლად, საგრანტო პროექტში ჩაერთო და გაიმარჯვა, რითაც სამაცივრე წარმოებისთვის თანხები მთლიანად დაეზოგება.
„პროექტი კლიმატის ცვლილებების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობა – PRAISE MARNEULI“, მიზნად ისახავს მარნეულის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის შემოსავლის შექმნის შესაძლებლობების გაზრდას, გარემოსადმი მეგობრული და კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობას, რომელსაც CENN, HEKS/EPERI-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.