კვირა, ოქტომბერი 13, 2024
spot_img

ანსამბლი ,,ბოლნისი“ რეგიონალური კონკურს-ფესტივალის ფინალში იმღერებს

„სხვა საქართველო სად არის“ – ასე ჰქვია კონკურს-ფესტივალს, რომელიც უკვე რამდენიმე წელია იმართება და მასში საქართველოს სხვადასხვა რეგიონია ჩართული.

ფესტივალი სათავეს 2016 წლიდან იღებს და მას მასპინძლობას მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი უწევს. 2016-2017 წლებში ფესტივალი მხოლოდ ქვემო ქართლს მოიცავდა,  მას მერე კი  ყოველწლიურად უფრო მეტ მასშტაბს იძენს.

კონკურს-ფესტივალი 5 დღის განმავლობაში, 3 ეტაპად სხვადახვა ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართა, სადაც მონაწილეობას ანსამბლები, ინდივიდუალური შემსრულებლები და გუნდები იღებდნენ. ტრადიციულად კონკურს-ფესტივალში ანსამბლი „ბოლნისი“ ნინო დვალიშვილის ხელმძღვანელობით ჩაერთო, კომპეტენტური ჟიურის წინაშე ჯანსუღ კახიძის „მრავალჟამიერი“ და ვაჟა აზარაშვილის „დაკარგული სიყვარული“ შეასრულა და ფინალში უმაღლესი შეფასებით გადავიდა. მონაწილეებს ქართული ესტრადის ცნობილი წარმომადგენლები: კომპოზიტორი მაცაცო სებისკვერაძე, ხელოვნებათმცოდნე მაია დათუნაშვილი, მუსიკათმცოდნე თამრიკო ჭოხონელიძე და „ერისიონის“ სოლისტი  ილია გელაშვილი, აფასებდნენ.

      კონკურს-ფესტივალის მიზანი, ქართული ტრადიციული სასიმღერო კულტურის შესწავლა-პოპულარიზაცია, როგორც ქართველი ისე საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ მოზარდებში, შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენა და ფართო აუდიტორიის წინაშე წარმოჩენაა.

       ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახაბერ კობერიძე და მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

      22 ივნისს მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში  ჩატარდება ,,სხვა საქართველო სად არის“ ფინალური კონკურსი, გამარჯვებულები კი 29 ივნისს გალა კონცერტში მიიღებენ მონაწილეობას.

ნინო დვალიშვილი, ანსამბლ „ბოლნისის“ ხელმძღვანელი: -ძალიან მნიშვნელოვანია, როცა კომპეტენტური ჟიური გაფასებს, თანაც უმაღლესი ქულებით, გიფასებს შემოქმედებით ღვაწლს, შრომას, გეუბნება მადლობას, როცა შედეგს ხედავ, უკვე კონცერტებზე, ფესტივალებზე, კონკურსებზე გიწევს გული, რათა არ მობეზრდეთ ბავშვებს ოთახში მღერა. მსგავსი კონკურსები და აქტივობები დიდ სტიმულს, გამოცდილებას სძენს მათ, ისმენენ სხვადასხვა გუნდების შესრულებას. მახარებს ჩემი ბავშვების  გახარებული სახეების ყურება. მათ იციან, რომ წარმატება მხოლოდ დიდი შრომით  მიიღება. შედეგიც სახეზეა – მაღალი ქულები.

მსგავსი სტატიები
- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები