ოთხშაბათი, დეკემბერი 11, 2024
spot_img

52 წელი პაციენტების სამსახურში

,,მე ამაყი ვარ, რომ ჩემი მოღვაწეობით მცირედი მაინც გავაკეთე და ვალმოხდილი წავალ ამ ქვეყნიდან, თუმცა მეტიც შეიძლებოდა.“  მიუხედავად იმისა, რომ პროფესია თავად არ შეურჩევია, დღეს ის კმაყოფილია იმ საქმიანობით, რითაც დღემდე საზოგადოების სამსახურშია. მადლიერია დედის, ვისი სურვილითაც ამ სფეროში მოხვდა. აუსრულა დედას ოცნება, თეთრი ხალათით ღირსეულად იმსახურა პაციენტებთან, თუმცა  ამაზე თავად არ უოცნებია,  მაგრამ მალევე მიხვდა, რომ ეს არის ის, რისი კეთებაც ყველაზე მეტად მოსწონს.  მისი ცხოვრებისეული და სამსახურეობრივი პრინციპებია, უდიდესი პასუხისმგებლობა და მაქსიმალურობა საქმეში. 18  წლის იყო,  როცა პირველად შედგა ფეხი ლაბორატორიაში და მას მერე,  ამ სფეროში მოღვაწეობს.  52 წელი პაციენტების სამსახურში, ყველა ასაკისა და სქესის წარმომადგენელთან  ურთიერთობა, მისი მოღვაწეობა ბევრ მოგონებას,  ტკბილსაც და მწარესაც ინახავს, როგორც თავად გვიყვება, დაცემული ბევრჯერ წამომდგარა და ცხოვრება გაუგრძელებია, ბედნიერებას ანიჭებს პაციენტებთან ურთიერთობა. 

ჩვენი რესპონდენტი, ამჯერად, სოფელ რატევანის საჯარო სკოლის ექთანია, რომელსაც ბავშვებთან ურთიერთობა და კოლექტივი  ძალიან ახარებს. ბედნიერი სახით გვიყვება მოსწავლეებზე,  რომლებიც ხშირად აკითხავენ მის კაბინეტს სხვადასხვა მიზეზების გამო. ჩვენი გაზეთის გვერდიდან გიამბობთ ფერშალ-ლაბორანტ ქალბატონზე, მზევინარ ბესალაშვილზე, რომელიც ხუთ ათეულ წელზე მეტია ემსახურება ადამიანების ჯანმრთელობას.

-მოგესალმებით, მოგვიყევით თქვენს შესახებ

დავიბადე მრავალშვილიან ოჯახში, ვართ ხუთი დედმამიშვილი, დავამთავრე ბოლნისის 1 საჯარო სკოლა, ამავე წელს ვაბარებდი თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში სამშენებლო ფაკულტეტზე, მაგრამ  არა საკმარისი ქულების გამო, ვერ ჩავირიცხე. მშობლები უკმაყოფილო იყვნენ ჩემი  არჩევანით. დედას ოცნება ჰქონდა,  თეთრი ხალათი მცმოდა და ღირსეულად მემსახურა პაციენტებთან. მისი დაჟინებული თხოვნით,  ჩავაბარე თბილისის  მე-5 საშუალო ტექნიკურ სასწავლებელში.  სწავლება იყო საღამოს საათებში, დღის პირველ ნახევარში პრაქტიკული მეცადინეობა გვქონდა.  პარალელურად მუშაობა დავიწყე 31-ე ქარხნის ტერიტორიაზე არსებულ კლინიკაში უმცროს ლაბორანტად,  სადაც მივიღე  დიდი პრაქტიკული გამოცდილება. დავამთავრე, დავბრუნდი ჩემს მშობლიურ კუთხეში და ბოლნისის ცენტრალური საავადმყოფოს ლაბორატორიაში ლაბორანტად დავიწყე მუშაობა, ხოლო 1977 წელს სანეპიდსადგურში, სანიტარული ექიმის თანაშემწედ, სადაც 19 წელი ვიმუშავე.

 1996 წელს ბავშვთა პოლიკლინიკაში, შემოთავაზებით გადავედი ლაბორანტად, სადაც ბავშვებთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება დამიგროვდა. ვიმუშავე 2022 წლის სექტემბრამდე.   დღესდღეობით კი რატევანის საჯარო სკოლაში ვმუშაობ ექთნის პოზიციაზე.

-ათეული წლები სამედიცინო სფეროში ხართ, მოგვიყევით თქვენს   მოღვაწეობაზე

– მიუხედავად იმისა, რომ თავიდან არ მინდოდა სამედიცინო სფერო, დღეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ძალიან მიყვარს ჩემი საქმიანობა,  როცა ხედავ გაჭირვებულ ადამიანს  და მას შენი  იმედი და რწმენა აქვს,  ეს არის  დიდი ბედნიერება.  მგონი მოვიპოვე ის დიდი პატივისცემა და სიყვარული, რომელიც მაძლიერებდა და მაძლიერებს დღესაც. ქუჩაში შემხვედრი ჩემი ყოფილი პაციენტების  თბილი მოკითხვები, უზომოდ მაბედნიერებს, პატარა, მოკრძალებული კვალი დავტოვე მეც ჩემი მოღვაწეობით.

-დღევანდელი გადასახედიდან, თავიდან რომ შეგეძლოთ პროფესიის არჩევა, კიდევ ამ პროფესიას აირჩევდით?

-ალბათ ახლიდან რომ მიწევდეს პროფესიის არჩევა, ისევ ამ გზას გავუყვებოდი. ჩემი ცხოვრებისეული და სამსახურეობრივი პრინციპია, მაქსიმალურობა საქმეში.

-როგორ ფიქრობთ, თქვენი პროფესიის ყველაზე რთული კომპონენტი რა არის?

-იყო  მედმუშაკი, ეს მძიმე შრომაა, გამუდმებით სწავლას მოითხოვს. როდესაც შეგიძლია იგრძნო ადამიანების ტკივილი და იმედგაცრუება, ეს არის ადამიანობის უმაღლესი გამოვლინება. ღიმილის მიღმა დამალო შენი ემოციები, დაფარო სისუსტე, ტკივილი, პიროვნული პრობლემები და იმედიანი სახით  შეეგებო ახალ პაციენტს, რომელსაც შენი დახმარება სჭირდება.  რთულია,  როცა შეუძლებელია მძიმე პაციენტს დაეხმარო, ყველაზე რთულია და საპასუხისმგებლო, იყო პროფესიონალი და დაიმკვიდრო სახელი შენს პროფესიაში,  ამისთვის ბევრი შრომა  და ენერგიაა საჭირო.

-როგორ უთავსებთ ერთმანეთს სკოლას და პროფესიას?

-ოჯახი შევქმენი 23 წლის ასაკში, ვარ ხუთი შვილის დედა, 4 ვაჟის და გოგონასი, დღესდღეობით, სახეზე მყავს სამი შვილი 2 ვაჟი და გოგონა. მყავს 5 შვილიშვილი ჩემი ცხოვრების და სიცოცხლის ნათელი მომავლისკენ ყურების იმედი. გავიარე ბევრი სიძნელეები ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, მაგრამ ფეხზე დგომას მაინც ვცდილობდი. მგონი შევძელი, რადგან ვჭირდებოდი ოჯახს, შვილებს და ჩემს პაციენტებს. სამსახური უმიზეზოდ არ დამიტოვებია არც ერთი დღე, რადგან მის გარეშე არსებობა არ შემეძლო. პასუხისმგებლობის გრძნობა არ დამიკარგავს,  გულგრილად არ მოვკიდებივარ დაკისრებულ მოვალეობა-ვალდებულებებს. შვილები დამოუკიდებლად გავზარდე. ბაგა-ბაღში დამყავდა. სეზონური სამუშაოების დროს ვენახშიც ვმუშაობდი, ოჯახის დიასახლისობასაც პირნათლად ვასრულებდი, სამსახურს ჩემთვის ხელი არ შეუშლია არაფერში. ჩემთვის ძალიან მტკივნეულია უმადურობა, მადლობელი ვარ დედაჩემის, მართლაც სწორი მიმართულება მომცა ცხოვრების დიდ გზაზე, მიუხედავად იმისა, რომ მქონდა ბევრჯერ იმედგაცრუება, დაუფასებლობა,  მტკიცე ნაბიჯებით წინ მივიწევდი, მუშაობის 52 წელმა დიდი პრაქტიკული გამოცდილება დამიგროვა. მე ამაყი ვარ, რომ ჩემი მოღვაწეობით მცირედი მაინც გავაკეთე და ვალმოხდილი წავალ ამ ქვეყნიდან, თუმცა მეტიც შეიძლებოდა.

-თქვენს სფეროში კვლევები ტექნოლოგიურად იცვლება, რას იტყვით, რომელი მეთოდია გამართლებული?

-ძველი მეთოდით, თვალით ხდებოდა დათვლა,  ახლა აპარატი განსაზღვრავს. ყველა ნიუანსს თვალით ვხედავდი და ვიკვლევდი, პროფესორების ნაწილი თვლის, რომ აპარატურის გავლით გაკეთებულ ანალიზებს უფრო ეყრდნობიან, ახლანდელი თანამედროვე მეთოდები უფრო დაიხვეწა და გაიოლდა.

-თქვენი პროფესია რამდენად დაფასებულია საქართველოში, რას იტყოდით, როგორც მედიკი და როგორც მოქალაქე.

-დაუფასებელი პროფესიაა, არა მხოლოდ ახლა. ანაზღაურება მინიმალურია, რომ მუშაობ, ანაზღაურებაც გინდა შესაბამისი, პაციენტის ხელებში შემყურე, არ უნდა იყოს ექიმი. ეს ისეთი რთული პროფესიაა, უნდა დაფასდეს  მედიცინის ყველა მუშაკის შრომა სათანადოდ. იმიტომ, რომ ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე აბარია. საკუთარი ჯანმრთელობის ფასად, სხვის ჯანმრთელობას უვლის.

 -საუბრის დასასრულს, რას ეტყოდით ჩვენს თანამოქალაქეებს?

-მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა, სიკეთე, გამძლეობა, მშვიდობიან ქვეყანაში ეცხოვროთ, დაე ჩვენი თავი ჩვენ გვეკუთვნოდეს.

პ.ს. თეთრ ხალათზე არ უოცნებია, მაგრამ 52 წელია, ღირსეულად ატარებს. უყვარს თავისი პროფესია და პაციენტები,  ჰყავს პატარა მეგობრები, ისინი ხშირად აკითხავენ და ყვავილებს ჩუქნიან. მისი ცხოვრებისეული კრედოა, საქმეში მაქსიმალურად დახარჯვა და  კეთილი კვალის დატოვება.

ნონა ხუზმიაშვილი

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები