ბოლნისის, დაბა კაზრეთისა და რამდენიმე სოფლის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის სისტემების მშენებლობა იწყება

0
309

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული სახელმწიფო პროგრამის ,,მშენებლობა განვადებით“ ფარგლებში, ბოლნისის, დაბა კაზრეთისა და რამდენიმე სოფლის (ბალიჭი, ძველი ქვეში, ძეძვნარიანი) წყლის სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცისთვის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, ნინო ნაროზაშვილმა და ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,კომფორტმშენ XXI“-ის დირექტორმა, ლაშა კიტიამ.

პროექტის მიხედვით, დასახლებების 24 საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველსაყოფად, მოეწყობა წყალმომარაგების ახალი ქსელი, მაგისტრალები და სატუმბო სადგურები. ამასთან, რეაბილიტირდება არსებული სატუმბო სადგური, საქლორატორო და რეზერვუარი. კონტრაქტორმა კომპანიამ საპროექტო სამუშაოები 10, ხოლო სამშენებლო სამუშაოები – 24 თვეში უნდა დაასრულოს. პროექტს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 34 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.სამუშაოების დასრულების შემდეგ, ბოლნისის, დაბა კაზრეთისა და სოფლების: ბალიჭის, ძველი ქვეშის, ძეძვნარიანის მოსახლეობა 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

პროგრამა „მშენებლობა განვადებით“ ფარგლებში, წყალმომარაგების კომპანიას გამოცხადებული აქვს ტენდერი ქალაქ წყალტუბოს და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 3 სოფლის (გუმბრა, თერნალისა და გვიშტიბი) წყალმომარაგების პროექტირება-მშენებლობის სამუშაოებზეც. მიმდინარე წლის ბოლომდე, ახალი პროგრამის ფარგლებში, კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყება. ახალი პროგრამით, სახელმწიფო უფრო სწრაფად განავითარებს ქვეყნის ინფრასტრუქტურას. პროგრამაში ჩართული სამშენებლო კომპანიები კი, სწრაფ განვითარებას, გამოცდილების გაზრდას, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება-გაფართოებას და შემდგომში მასშტაბურ სახელმწიფო თუ საერთაშორისო პროექტებსა თუ ტენდერებში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ. წყალმომარაგების კომპანია ქვემო ქართლის რეგიონში ქალაქ ბოლნისში „ყარაბულახის“ სათავე ნაგებობის რეაბილიტაციისა და მიმდებარე სოფლების (ტანძია, იწრია, რატევანი) წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 7 მილიონიან პროექტსაც ახორციელებს. ასევე, გრძელდება მარნეულის წყლისა და წყალარინების, ასევე ბოლნისის წყალარინების სისტემისა და კოლექტორის მშენებლობა.

აღნიშნულ ინფორმაციას ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია” ავრცელებს.