მალე ბოლნისში „ზრდასრულთა განათლების ცენტრი“ გაიხსნება

0

სწავლა მთელი სიცოცხლის მანძილზე – ამ კონცეფციაზე დაყრდნობით ბოლნისში მალე  „ზრდასრულთა განათლების ცენტრი“ გაიხსნება. ყოფილი არქივის შენობა ახალ სიცოცხლეს შეიძენს, სადაც ყველა ასაკის ადამიანს საშუალება ექნება პიროვნული განვითარებისა და პროფესიული განათლების კურსები გაიაროს, მიიღოს არაფორმალური განათლება და ჩაერთოს სხვადასხვა სოციალურ, კულტურულ და სამოქალაქო აქტივობებში. „ზრდასრულთა განათლების  ცენტრი“ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად რემონტდება. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე. საგანმანათლებლო სივრცეში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა პირველ მოადგილესთან ერთად დაათვალიერა.

ზრდასრულთა განათლების ცენტრის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის დაახლოება და ეკონომიკური გაძლიერება, ცენტრი მსურველებს შესაძლებლობას მისცემს  დაეუფლონ სხვადასხვა მიმართულებებს, გამოცხადებულია ვაკანსიები როგორც მასწავლებლის, ისე მსმენელის პოზიციებზე. სწავლება გერმანულ მოდელს ეყრდნობა. „ზრდასრულთა განათლების ცენტრი“  ბოლნისში, სახალხო უნივერსიტეტის გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის (DVV International) საქართველოს ორგანიზებითა და დაფინანსებით შეიქმნა.

ცენტრში განთავსდება სხვადასხვა საგანმანათლებლო, შემეცნებითი და  საკონფერენციო სივრცეები, რომელიც  დაინტერესებული ადამიანებისთვის შეკრების ადგილი გახდება.  ადმინისტრაციას სამომავლოდ დიდი გეგმები აქვს, აქვე გაიხსნება სოციალური საწარმო და განხორციელდება მოსახლეობაზე ორიენტირებული პროგრამები.

Share.

Leave A Reply