აფხაზეთი – ტკივილი ჩვენი

0

2355145ილია ჭავჭავაძე ბრძანებდა: „ერი თავის გმირებში ჰპოულობს თავის სულსა და გულსა, თავის მწვრთნელსა, თავის ღონესა და შემძლებლობას, თავის ხატსა და მაგალითს. ამიტომაც იგი ზოგს იმათგანს წმინდანების გვირგვინითა ჰმოსავს და ჰლოცულობს. ზოგს დიდბუნებოვანების შარავანდედითა და თაყვანსა სცემს სასოებითა და მადლობითა. ამიტომაც საჭიროა იმათი ხსოვნა, იმათი დაუვიწყრობა“.

იდგა 1993 წლის 27 სექტემბერი, კიდევ ერთი ტკივილიანი გარიჟრაჟი ჩვენი ბედკრული სამშობლოსა და ხალხის ისტორიაში. და ეს სექტემბერი იდგა საქართველოში, იდგა სოხუმში, იდგა იქ, სადაც ჩვენი შვილები და მამები იბრძოდნენ. იდგა და ელოდა, ელოდა ნიშანს, ელოდა დახმარებას, ელოდა გამარჯვებას, ელოდა ისტორიის ბედის ბორბლის უკუღმა შემობრუნებას, ელოდა ღალატს (ქართველთა მარად ჩვეულებას), ელოდა კიდევ ერთ სისხლით ნაწერ ფურცელს მეოცე საუკუნეში. და ეს ლოდინი გამართლდა, 1993 წლის 27 სექტემბერს დაეცა სოხუმი, დაეცა სისხლისაგან დაცლილი, როგორც ვაჟას არწივი, დაეცა და ვეღარ წამოაყენეს მისმა გმირებმა, რადგან ისინიც მასთან ერთად დაეცნენ.

გადაიკეტა კოდორის ხიდი, ყოველი მხრიდან უშენდნენ ტყვიას სოხუმს –ზეციდან, ზღვიდან თუ ხმელეთიდან, ხალხი მიხვდა, რომ საშველი აღარ იყო,“გაქცევა“, გაქცევით უნდა ეშველათ თავისთვის, რა საშინელებაა ქართველი კაცისთვის ეს, მირბიხარ საკუთარი მიწიდან, უმისამართოდ, რადგან გაქცევა გადაგარჩენს. გარბოდა ხალხი, უკვე გადარჩენის სურვილი სჭარბობდა სამშობლოს სიყვარულს. გარბოდნენ უმისამართოდ, ზოგი აფხაზეთის – სვანეთისაკენ, ზოგი მდინარეზე ფონით გამოდიოდა. მიდიოდნენ და ტოვებდნენ მშობლიურ ადგილებს, სადაც მძვინვარებდა „უცხო“ სხვა თესლისა და ტომისაგან დანთებული ომის ქარ-ცეცხლი.

ჩემო მკითხველო, ერთი თვალის გადავლებით მოგიყევით ის, რაც თქვენც ძალიან კარგად იცით, ახლა კი მინდა წარმოგიდგინოთ ადამიანები, ვინც უშუალოდ მონაწილეობდნენ ამ ომში, დაგანახოთ მეომრის თვალით დანახული 27 სექტემბერი, გაგახსენოთ 14 ბოლნისელი, ვისაც ყოველდღე ველით.

მაშ ასე, ჩვენი პირველი რესპოდენტი, სოხუმელი ომგამოვლილი ოცმეთაური ოთარ გიორხელიძეა.

– ბატონო ოთარ, როგორ დაიწყო სოხუმის დაცემა?

– ეს ყველაფერი 1993 წლის 16 სექტემბერს დაიწყო, გაძლიერდა სოხუმზე შეტევა ძირითადად გუმისთის მხრიდან, მათი ამოცანა იყო აეღოთ ბაბუშერას აეროპორტი. სოფელი ახალდაბა ალყაში მოაქციეს, 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ინტენსიური დაბომბვა რუსეთის თვითმფრინავებით. სოფელი თავისი შემონახული ტყვია-წამლით იცავდა თავს, დახმარების იმედი გვქონდა, მაგრამ ამაოდ, არავითარი დახმარება არ მიგვიღია. 19 სექტემბერს აიღეს სოფელი ახალდაბა, გადაკეტეს კოდორის ხიდი და ალყაში მოაქციეს სოხუმი, მინდა ხმამაღლა ვთქვა, რომ სოხუმი არ დაეცემოდა, რომ არ ეღალატათ მეომრებისათვის, აგვისტოში ზუსტად არ მახსოვს რიცხვი, მოლაპარაკების შედეგად სოხუმიდან მთლიანად გატანილი იქნა მძიმე ტექნიკა, რომელიც დატვირთეს რუსულ ბორანზე და გადაიტანეს ფოთში. ეს ის დრო იყო, როცა იბომბებოდა სოხუმი და ჩვენ კი ცარიელი ავტომატებით ვებრძოდით ზღვიდან, ციდან და ხმელეთიდან წამოსულ საშინელ ჭურვებს.

ამის შემდეგ, 24 სექტემბერს, როცა უკვე განწირული იყო სოხუმი, დამხმარე ძალა გამოაგზავნეს თბილისიდან თვითმფრინავით, პირადად გახლდით ბაბუშერას აეროპორტში მაშინ, როცა ეს თვითმფრინავი სამხედრო გემიდან გამოსროლილმა ყუმბარამ ააფეთქა. დაიწვა 200 მეომარი, გადარჩა 11. ეს ხალხი გაწირა მთავრობამ, რაღად გვინდოდა დამხმარე ძალა მაშინ, როცა სოხუმი აღებული იყო.

ცოტა უკან დავიხევ და გავიხსენებ 1993 წლის 2 ივნისს, როცა უდიდესი დესანტი გადმოსხა რუსეთმა სოხუმში. გადაკეტეს ოჩამჩირეს გზა და დაიწყო თავდასხმა სოფელზე. ამ დროს ჩვენი ოცეული იდგა „სომხური ათარის“ მისადგომებთან. სოფლის საშველად წამოვედით რამოდენიმე ბიჭი,  სოფელს ვუახლოვდებოდით,  ამ დროს ჩვენს წინ ყუმბარა აფეთქდა, ჩემთან ერთად მყოფი ოთხი ახალგაზრდა დაიღუპა, გადავრჩი მხოლოდ მე, ძლიერი კონტუზიით.

– ბატონო ოთარ, თქვენ ამბობთ, რომ იყო ღალატი, გაიტანეს საბრძოლო ტექნიკა, ეს რომ ასე არ მომხდარიყო, დღეს სოხუმი ჩვენი იქნებოდა?

– ომი შეიძლება ვერ მოგვეგო (მე ვამბობ შეიძლება), მაგრამ სოხუმი არ დაეცემოდა რომ არ ყოფილიყო გათიშულობა, არეულობა მთავრობაში. მთავრობის პარტიულმა დაპირისპირებამ შეიწირა ამდენი ახალგაზრდა და სოხუმიც დავკარგეთ.

– დღეს, თითქმის ყველა პარტია იყენებს ლოზუნგად ქცეულ სიტყვებს, „მალე სოხუმი ჩვენი იქნება“. გჯერათ, რომ ეს მართლა ასე იქნება?

– არა, მე არც ერთი პარტიის არ მჯერა, ამ მთავრობის მაყურებელი, ჯერ დიდხანს მოგვიწევს ლოდინი, რომ სოხუმი ჩვენად დავიგულოთ, ვიცით, რომ თაიგულებით და ყვავილებით არ დაგვიბრუნებენ სოხუმს,  ისევ მზად ვართ ომისათვის, ვიბრძოლებთ  ბოლო წუთამდე, მტერს არ დავუთმობთ ჩვენს მიწა-წყალს.

მინდა შემთხვევით ვისარგებლო და თქვენი გაზეთის საშუალებით მადლობა გადავუხადო ექიმ სოსო ხარატიშვილს, რომელიც იმ საბედისწერო წუთებში გვერდიდან არ მოგვშორებია. ღმერთმა უმრავლოს საქართველოს ასეთი ხალხი.

ასევე, ვისარგებლებ შემთხვევით და შევახსენებ აფხაზეთის მთავრობას, რომ ბოლნისში, ჩვენ ცოცხლები ვართ და ყურადღება გვჭირდება, თუმცა არ გვაკლია გამგებლის, ბატონ ზურაბ ჯაფარიძის ყურადღება, მაგრამ ის ადამიანები, ვისაც აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა ჰქვიათ, ვალდებულნი არიან ჩვენზე იზრუნონ.

ამირან მაისურაძე, აფხაზეთის მეომართა კავშირის ბოლნისის ფილიალის თავმჯდომარე. აფხაზეთის ომის დროს შავნაბადას სპეციალური დანიშნულების ბატალიონის პირველი ასეულის მეთაური, უფროსი ლეიტენანტი.

დავიბადე გუდაურის რაიონის სოფელ ახალსოფელში, სადაც ყველაზე მცირე იყო ქართველთა პროცენტული შემადგენლობა. დაპირისპირება აფხაზებსა და ქართველებს შორის, ჩემი ბავშვობის დროიდან მოდის. ჩვენს სოფელში აფხაზური და ქართული სკოლები ახლოს იყო ტერიტორიულად, ამიტომ სწავლას ჩვენ 9 სთ-ზე ვიწყებდით და ისინი კი 9-ის ნახევარზე, რადგან ერთმანეთს არ შევხვედროდით დასვენებებზე. განსაკუთრებით ძლიერი იყო ქართული სული გუდაუთაში, რადგან ცოტანი ვიყავით ქართველები. როგორც კი დაიწყო ეროვნული მოძრაობა მაშინვე ჩავერთე. პირველი რაზმი გუდაუთაში ჩემი შექმნილი იყო, საკუთარი ფულით ვყიდულობდით იარაღს და ვინახავდით, რადგან უკვე იძაბებოდა სიტუაცია. (ქართული ენის შეცვლა, აფხაზური ენის სახელმწიფო ენად გამოცხადება და ა.შ.)

ომის დროს, ყველაფერს მოწყვეტილი ჩვენი რაზმი იცავდა ქართველ მოსახლეობას, ხოლო, როცა უკვე შეუძლებელი გახდა იქ გაჩერება, ჩამოვედით თბილისში და ჩავირიცხეთ შავნაბადას სპეციალური დანიშნულების ბატალიონის შემადგენლობაში, ეს იყო ძლიერი შენაერთი, რომელმაც ყველა იმ ომში მიიღო მონაწილეობა, რაც მოხდა აფხაზეთში. ასეულში იყო 84 მეომარი, დაიღუპა 36 და 12 მძიმედ დაიჭრა. ყველაზე უფროსი იყო 33 წლის და უმცროსი 19 წლის დათო, რომელიც დაიღუპა.

1993 წლის 16 მარტს, სოხუმზე შეტევის დროს, დავიჭერი მძიმედ და მივიღე კონტუზია.

– ბატონო ამირან, ამბობენ საქართველოს ყველა რაიონთან შედარებით ამ ომში ყველაზე ბევრი მეომარი ჩვენი რაიონიდან იყო, მართალია?

– რა თქმა უნდა, ბოლნისის რაიონს, რაიონებს შორის ყველაზე დიდი ადგილი უჭირავს ომში მონაწილეთა რაოდენობით ერთ სულ მოსახლეზე.

ბოლნისში ცხოვრობს აფხაზეთიდან დევნილი 17 დაღუპული მეომრის ოჯახი, 46 ომის მონაწილე და 14 ინვალიდი (დევნილებიდან). ასევე აღრიცხვაზე გვყავს ადგილობრივი მოსახლეობის 28 ოჯახი. (დაღუპული და  უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახები).

121 მეომარი უკან დაბრუნდა, აქედან 13 ინვალიდია.

– ბატონო ამირან, რაიმე მატერიალურ დახმარებას თუ იღებენ დაზარალებული ოჯახები?

– მინდა აღვნიშნო, რომ უსახსრობის გამო, საქართველოს მეომართა კავშირის და აფხაზეთის ლეგიტიმურ ხელისუფლებას ეკონომიკური დახმარება არ აღმოუჩენიათ. ჩემი დანიშვნა აფხაზეთის მეომართა კავშირის ბოლნისის ფილიალის თავმჯდომარედ დაემთხვა ბატონი ზურაბ ჯაფარიძის ბოლნისის რაიონის გამგებლად დანიშვნას, რომელმაც გულთან ახლოს მიიტანა როგორც დევნილი, ასევე ადგილობრივ მეომართა ოჯახების გაჭირვება და ხუთჯერ გაზარდა ჩვენი ბიუჯეტი. დახმარებები მიმდინარებს ოპერატიულად, ვეხმარებით: სინათლის, ტელეფონის, ბუნებრივი აირის, შეშის, მკურნალობის ხარჯების დაფარვაში.

მიუხედავად ამხელა თანადგომისა და დახმარებისა, რასაც ვიღებთ ჩვენი რაიონის ხელმძღვანელობისა და მოსახლეობისაგან, მაინც ძალიან უჭირთ მეომრებს, მაგრამ ჩვენ არ გვჩვევია წუწუნი და გვინდა გვერდში დავუდგეთ ქართველ ხალხს, დრო მიდის, ჩვენი მოთმინების ფიალა კი ივსება, ათი წელი გავიდა სოხუმის დაცემიდან, თუ ჩვენ, ვინც ვიომეთ, ვერ დავიბრუნებთ აფხაზეთს, ჩვენი შვილები ამას ვერ შეძლებენ. მე არ ვამბობ, რომ ჩვენ უფრო მაგრები ვართ და ამიტომ არა, ადამიანის ბუნება ასეთია, სადაც უფრო მეტ ხანს იცხოვრებ, იქაურობას ეჩვევი, ჩვენი შვილები აქ გაიზარდნენ და ბუნდოვნად ახსოვთ აფხაზეთი. ამიტომ აფხაზეთის დაბრუნება ჩვენი საქმეა და ვითხოვთ რომ მოგვცენ ამის საშუალება. აფხაზეთის მეომართა კავშირში 7000 კაცია, ჩვენი გაწვრთნილი ჯარის გარდა. მხოლოდ ერთი ჭკვიანი მეთაური გვინდა, ვინც წინ გაგვიძღვება და აფხაზეთი ჩვენი იქნება. საქართველო ახლა ხეიბარია, როცა აფხაზეთი დაბრუნდება, მაშინ გაუმრთელდება იარები.

ბიჭებო, ბოლნისი კვლავ თქვენს მოლოდინშია

ათი წელი გავიდა იმ საბედისწერო დღიდან, როცა უკანასკნელად გაგაცილეს ბოლნისიდან. სიხარულით მიდიოდით ომში სოხუმის გადასარჩენად, ღიმილის ბიჭები, მიდიოდით და უკან მოგვყვებოდათ ათასი ცრემლიანი თვალი, დამწუხრებული გული და ამაყი სული მათი, ვინც დღემდე ამაყობს თქვენი ვაჟკაცობით,  თოთხმეტო ლომგულა ვაჟკაცო, ბოლნისი თქვენს მოლოდინშია, თქვენი სახელები ბავშვებმაც კი ზეპირად იციან,  ჩვენო საამაყო ქართველებო, ბოლნისში არ არსებობს ოჯახი, სადაც გაიშლება სუფრა და თქვენს სადღეგრძელოს არ წარმოთქვამენ, ნატრობენ იმ დღეს, როცა  დაბრუნდებით. მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო თქვენი თავი ჩვენს თანამემამულეებს:

  1. იოსებ ნუგზარის ძე გოგრიჭიანი
  2. ამირან გრიგორის ძე ჩუმაშვილი
  3. ვალიკო გელას ძე მამარდაშვილი
  4. გარსევან სარქისიანი
  5. მერაბ შალვას ძე ფოლადიშვილი
  6. რეზო ვარლამის ძე ჭითანავა
  7. გია მუშურის ძე ჭითანავა
  8. კობა გურამის ძე თაყნიაშვილი
  9. მერაბ ალექსანდრეს ძე ლომთაძე
  10. ტრისტან შოთას ძე მოდებაძე
  11. არჩილ ბორისის ძე რეხვიაშვილი
  12. ფირუზ ბორისის ძე რეხვიაშვილი
  13. ლევან პავლეს ძე მემანიშვილი
  14. დავით შოთას ძე კობერიძე.

1958 წლის 21 ოქტომბერს, ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ორსართულიან პატარა სახლში დაიბადა მერაბ შალვას ძე ფოლადიშვილი. იგი იმავე სახლიდან 1993 წლის 20 სექტემბერს გავიდა და უკვე 10 წელია მას შემდეგ, რაც არ დაბრუნებულა, მას დღემდე ელიან იმავე სახლში, მეუღლე პალინა ფოლადიშვილი, ერთადერთი ქალიშვილი თამარი,  რომელიც მაშინ შვიდი წლის იყო, მამა და შვილის დარდს გადაყოლილი კედელზე დაკიდებული დედის სურათი.

ასე იხსენებს მას მეუღლე, პალინა ფოლადიშვილი: –მერაბი არაჩვეულებრივი ადამიანი, მშრომელი, პატიოსანი და ერთგული მეუღლე. ომში წასვლის წინ მითხრა „პალინა, უნდა წავიდე, ბიჭებს ვერ ვუღალატებო!“ მე ვთხოვე, ნუ წახვალ, ნუ დაგვტოვებ მეთქი – მაგრამ ამაოდ, ჩემი თხოვნა თხოვნად დარჩა. იმ საღამოს, მთელი ღამე ეფერა ბავშვს, დილით მაგიდაზე დამიდო მანქანის გასაღები და მითხრა: „მე მივდივარ, თუ არ დავბრუნდე ნუ შეშინდები, ვინიცობაა გაგიჭირდეს, მანქანა გაყიდეო“. წავიდა და 10 წელია აღარ მინახავს, ჩემი გოგონა უკვე 17 წლისაა, გათხოვდა, შვილიც ჰყავს, მერაბი კი არსად ჩანს.

ჩემი ყოველი დილა მისი გახსენებით იწყება, ვიხსენებ და ვნატრობ, ნეტა, დადგება ის დღე, რომ ისევ შემოაბიჯოს ამ ეზოში, ჩაიკრას გულში თავისი შვილი, უცნობი შვილიშვილი, სიძე, ღმერთს მხოლოდ ამას ვთხოვ, იმის მიუხედავად, რომ ცუდად ვარ და ძალიან მიჭირს ეკონომიურად, დამიბრუნოს ჩემი მერაბი და მერე რაც მოხდება აღარ დავეძებ.

ჩემო მკითხველო, არ შეიძლება ამ წერილის წაკითხვისას ცრემლი დამალო და დამწუხრებულს არ წამოგცდეს „ეჰ, კიდევ ერთი, ცრემლნარევი და ტკივილიანი ფურცელი გადაიშალა ჩვენს ცხოვრებაში“. მაგრამ ღმერთმა არ ქნას, დავითის დროინდელი ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გაერთიანებული საქართველო, ასე დახლეჩილი დარჩეს. ქართული სულის შეძახილი, ჩვენი პირტიტველა ბიჭების სისხლის ყივილი არ მოასვენებს მტარვალს და იძულებული გახდება, რაც თავისი საკუთრება არ არის, დათმოს. მე ამის იმედი მაქვს და ყოველთვის ვილოცებ ამისთვის. ვილოცებ იმისთვისაც, რომ დაგვიბრუნდნენ  ბოლნისელი ბიჭები, ვილოცებ იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოვეგოთ გონს, გავერთიანდეთ და ვერავინ შეძლებს მაშინ ჩვენს დამარცხებას.

დარეჯან ოქრუაშვილი

2003 წლის

Share.

Comments are closed.