საბავშვო თეატრი საიუბილეო თარიღისთვის ემზადება

0

10447320_599366643494912_153980199_n„სპექტაკლით „თავფარავნელის ბალადა“ გამართლება მოვუძებნე საკუთარ თავს, რომ ისევ თეატრში  მემუშავა“

ბოლნისის მუნიციპალიტეტი მდიდარია თეატრალური ტრადიციებით, ამის ნათელი მაგალითია კულტურის სახლში მოქმედი სახალხო, საბავშვო და თოჯინების თეატრები, მათ მიერ დადგმული სპექტაკლები მაყურებლის მქუხარე ოვაციებს და აპლოდისმენტებს  იმსახურებს. Bolnisi.ge ამჯერად გიამბობთ საბავშვო თეატრზე, რომელიც 34 წლისაა.როგორ დაარსდადა რა გზა განვლო დღემდე ახლა უკვე „საზღაპრეთი 2-ის“ სახელით მოქმედმა საბავშვო თეატრმა, სადაც დღემდე წარმატებულად ისმის ძარღვიანი სიტყვა ქართული, სიყვარულითა და სიკეთით რომ აღაფრთოვანებს მშვენიერებისაკენ მიდრეკილ სულს. ზუსტად ოცდათოთხმეტი წლის წინ სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახალხო თეატრთან შეიქმნა საბავშვო თეატრი-სტუდია, რომლის მიზანი იყო მოსწავლეებში ხელოვნების სიყვარულის გაღრმავება, დაფასების და გაფრთხილების გრძნობის ჩანერგვა, რაც განაპირობებდა შემდგომში განათლებული მაყურებლის აღზრდასაც.10405931_599366766828233_586396594_n

სტუდიას სათავეში ჩაუდგა ბოლნისის სარაიონო კულტურის სახლის სამხატვრო ხელმძღვანელი, საკავშირო და რესპუბლიკური ფესტივალების ლაურეატი იზოლდა ნიავაძე. ენერგიულმა ხელოვანმა შემოიკრიბა რაიონის ნიჭიერი ახალგაზრდობა, თუმცა მუშაობის დაწყება არც ისე იოლი აღმოჩნდა. „საბავშვო თეატრის ჩამოყალიბებას თავისებური სიძნელეები ახლდა, გამოვაცხადეთ კონკურსი, სტუდიაში გაერთიანების მსურველი ბევრი იყო, მაგრამ სათანადო ნიჭი და უნარი ცოტას აღმოაჩნდა, შევარჩიეთ საუკეთესონი, მაგრამ შიშველ ენთუზიაზმზე მუშაობის დაწყება გაძნელდა, რომ არა რაიონის კულტურის განყოფილების ხელშეწყობა და მხარში დგომა, ვერ შევძლებდით საქმის დაწყებას. გვერდში მედგნენ კულტურის სამინისტროს შემოქმედებისა და რესპუბლიკური ცენტრის დირექტორი და რეჟისორი, რომლებიც დახმარებას და მზრუნველობას არ გვაკლებდნენ“. –აღნიშნა რეჟისორმა იზოლდა ნიავაძემ.

სტუდია ორწლიანი იყო, პირველ წელს ბავშვები მეტყველებას, მსახიობის ოსტატობას, ვოკალს და რითმიკას სწავლობდნენ. მეორე წელს რთულდებოდა პროგრამა, ემატებოდა ხელოვნების ისტორია, ასრულებდნენ სხვადასხვა სავარჯიშოებს, სტუდიის დამთავრების შემდეგ ბავშვები გადადიოდნენ სახალხო თეატრის დასში.

თეატრალური სტუდიის რეჟისორის იზოლდა ნიავაძის, მხატვარ ივანე ასკურავას, ქორეოგრაფ მერაბ ტოგონიძის გულმოდგინე მუშაობამ და სტუდიელთა მონდომებამ, ნაყოფი გამოიღო და თეატრს თვალსაჩინო წარმატებები მოუტანა.

10453231_599366810161562_1106826511_nდაიდგა პირველი სპექტაკლი  გ. თელიას ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია „დიდება სამშობლოს“, ამას მოჰყვა ს. ჭეიშვილის „დაიყივლე მამალო“ და ორმოქმედებიანი პიესა-ზღაპარი „ჩიპოლინოს თავგადასავალი“. წარმოდგენაში ერთმანეთს ებრძვის კეთილი და ბოროტი ძალა, სადაც სიკეთე იმარჯვებს. „პატარა მსახიობები ყველაფერ ამას მოგვითხრობდნენ ძალდაუტანებლად და უშუალობით, რამაც განაპირობა კიდეც სპექტაკლის გამარჯვება. 1985 წელს ჟიურიმ საკავშირო ფესტივალის პირველი ხარისხის დიპლომით შეაფასა ახალგაზრდა კოლექტივის შემოქმედება. ბავშვთა სპექტაკლი იმართებოდა არა მარტო ბოლნისში, არამედ ახლომახლო სოფლებშიც. თეატრის ცხოვრებაში დაუვიწყარია 1988 წელი, როცა ბოლნისელები მიიწვიეს ლატვიის დედაქალაქ რიგაში ბალტიისპირეთის რესპუბლიკების საბავშვო მოყვარულთა თეატრების ფესტივალზე, სადაც წარმოადგინეს მწერალ არჩილ სულაკაურის „სალამურას თავგადასავალი“, როგორც რეჟისორი გვიამბობს, შთაბეჭდილებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, სცენა ყვავილებით აივსო, არ წყდებოდა მქუხარე ოვაციები, ამ საინტერესო საგასტროლო მოგზაურობის შემდეგ სტუდიელებმა განახორციელეს ახალი სპექტაკლები გურგენიძის „ალესკუპა“ და მარშაკის მუსიკალური სპექტაკლი „ფისოს სახლი“. დაიდგა ასევე ორი მუსიკალური წარმოდგენა ლებანიძის „ნახევარქათამა“ და „საქართველოვ სიყვარულო და ტკივილო ჩემო“.

თხუთმეტი წლის იუბილეზე თეატრი დაჯილდოვდა საპატიო სიგელით, რომელიც საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარემ გადასცა.

1997 წლიდან რეჟისორი იზოლდა ნიავაძე საცხოვრებლად ქალაქ თბილისში გადავიდა, სადაც ჩამოაყალიბა  ბავშვთა თეატრი „საზღაპრეთი“, 2003 წელს კი ბოლნისის კულტურის სამსახურის ინიციატივით კვლავ ჩაუდგა სათავეში ბავშვთა თეატრის დასს. 2006 წელს ბოლნისის ბავშვთა თეატრი აქტიურად ჩაერთო რაიონულ, რესპუბლიკურ თუ საერთაშორისო ფესტივალებზე.  ამავე წლიდან დაიწყო თბილისის ბავშვთა თეატრ „საზღაპრეთისა“ და ბოლნისის ბავშვთა თეატრის დამეგობრება. ბათუმში გამართულ ხალხური შემოქმედების საერთაშორისო ფესტივალზე ორივე დასს მოუწია მონაწილეობის მიღება, რადგან ორივე თეატრის რეჟისორი იზოლდა ნიავაძე იყო ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის შეთავაზებითა და ბოლნისელი პატარა მსახიობების დასტურით, ბოლნისის ბავშვთა თეატრს „საზღაპრეთი-2“ ეწოდა. ეს ორი თეატრი ხშირად სტუმრობს ერთმანეთს და ერთობლივ ღონისძიებებში იღებენ მონაწილეობას, თეატრი დაჯილდოებულია რესპუბლიკური და საერთაშორისო ფესტივალების ლაურეატების წოდებითა და ფასიანი პრიზებით. „ბევრი სპექტაკლით დაამახსოვრა თეატრმა თავი მაყურებელს: „ძალა ერთობაშია“, „ალესკუპა“, „თავფარავნელის ბალადა“, „სალამურა“(რომელიც 20 წლის შემდეგ კიდევ ერთხელ დაიდგა), 10335872_599366740161569_1574422739_nთეატრალიზებული წარმოდგენა „ღმერთო, რამხელა სიტყვა გითქვამს – საქართველო“, ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია: „სამშობლო, განა მარტო ლამაზი მთებია“? არ შეიძლება არ გამოვყოთ სპექტაკლი თ.ჭილაძის „თავფარავნელის ბალადა“, რომელიც ამავე თეატრში გაზრდილ,  პროფესიით რეჟისორ მამუკა მერკვილაძის ხსოვნას მიეძღვნა. არაჩვეულებრივი შემოქმედებითი ჯგუფი მუშაობდა ამ სპექტაკლზე: კომპოზიტორი ოთარ ტატიშვილი, დამდგმელი ქორეოგრაფი კობა ჟღენტი, მხატვარი ნუგზარ გიორგაძე. მადლობელი ვარ ამ ადამიანების, თუ არა ისინი სათქმელი სათქმელად დამრჩებოდა. ამ სპექტაკლით გამართლება მოვუძებნე საკუთარ თავს, რათა ისევ ბავშვებთან და თეატრში მემუშავა. „თავფარავნელი“ ხუთმა შემადგენლობამ ითამაშა ბოლნისისა და თბილისის ჯგუფებში. 55-მა ახალგაზრდამ ისიამოვნა ამ არაჩვეულებრივი დრამატურგიით და უამრავ მაყურებელს მიანიჭა სიამოვნება“. –აღნიშნა თეატრის რეჟისორმა.

ბოლნისის ბავშვთა თეატრში აღზრდილმა რამდენიმე ახალგაზრდამ პროფესიად ხელოვნების დარგი აირჩია. „საზღაპრეთი-2-თან“ ჩამოყალიბდა თეატრ-სტუდია, სადაც პატარები მეტყველებასა და სამსახიობო ოსტატობასთან ერთად ცეკვის ხელოვნებას ეუფლებიან. გოგონათა დასი თეატრალიზებული „ნელი ვალსით“ წარსდგა ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომელიც მუშტაეთის ბაღში გაიმართა.

„საზღაპრეთი-2“ პრემიერისთვის ემზადება, მაყურებელი ამ თვეში იხილავს ს. ჭეიშვილის „ძალა ერთობაშია“.

მომავალი სეზონი კი ბავშვთა თეატრისთვის საიუბილეოა,  საბავშვო თეატრს დაარსებიდან 35 წელი შეუსრულდება.

Bolnisi.ge საბავშვო თეატრს  წარმატებებს უსურვებს.

მაგდა დევნოზაშვილი

Share.

Comments are closed.