როგორ აფასებენ ბოლნისში არჩევნების პროცესს და შედეგებს

0

10461917_680596045323579_637467865_nცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით ბოლნისის სამოცდაორი უბნიდან 56 უბნის მონაცემებით ქართული ოცნების გამგებლობის კანდიდატი გოგი მეშველიანი ლიდერობს. ჯერჯერობით უცნობია მაჟორიტარული ოლქებისა და პროპორციული სიის შედეგები. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ამ დრომდე შემაჯამებელი ოქმები არ გამოუქვეყნებია.
ბოლნისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა ექსცესების გარეშე ჩაიარა.
ნიკოლოზ კაპანაძე, №23 ბოლნისის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე:
– 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა ბოლნისში მშვიდ გარემოში ჩაიარა და განსაკუთრებულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია. ზუსტად 20 საათზე ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებული ყველა უბანი დაიხურა. 22 საათზე დავიწყეთ უბნებიდან შემაჯამებელი ოქმების მიღება, რომელიც დავახარისხეთ და გადავუგზავნეთ ცესკოს. ვინაიდან ჩვენ გასაჩივრების ვადები გვაქვს, რამოდენიმე ოქმი გაგვისაჩივრეს და ჯერ კიდევ ვმუშაობთ ამ კუთხით. განვიხილავთ თითოეულ საკითხს, ვიმსჯელებთ და დავდებთ საბოლოო შედეგებს, რომელიც განსაზღვრულია 26 ივნისამდე. ძირითადად ოქმებში არსებული შეცდომების კუთხით ჩვენთან სულ 7 საჩივარი დაიწერა.
სოფიკო ლარცულიანი „ერთიანი ოპოზიცია –ნინო ბურჯანაძე“ ბოლნისის შტაბის უფროსი:
– ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა პატიოსნად. გულდასაწყვეტია, რომ ხალხის აქტივობა დაბალი იყო, ეს ალბათ ხელისუფლების მიმართ უნდობლობით არის გამოწვეული. ასევე არის იმედგაცრუება მოსახლეობაში. ყველაზე თვალში საცემი იყო რომ არჩევნების მსვლელობის პროცესში აქტიურობდა არა მმართველი გუნდი, არამედ სხვა სამართალდამცავი უწყება, რომელიც კარდაკარ, ოჯახ-ოჯახ დადიოდნენ და არ ვიცი რა მეთოდებით, ხალხის მობილიზებას ახდენდნენ, მოსახლეობა, რომელიც იყო ინდეფერენტული და შეიძლება სულაც არ აპირებდა არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, აიძულებდნენ რომ არჩევანი „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გაეკეთებინათ. დადის ჭორები, რომ ხალხი მოისყიდეს, არ გამოვრიცხავ, ეს მართლაც ასე იყოს, ველოდებით საბოლოო შედეგს. ჩვენ ვიცით ხალხის განწყობა როგორია ხელისუფლების მიმართ, გამორიცხულია მმართველი გუნდის მიერ ხმების იმ პროცენტის აღება, რაც დღეს მიიღეს, ზუსტი მონაცემები არ არის ჯერ, თუმცა ლიდერობს „ქართული ოცნება“, მეორე ადგილზე ჩვენ და „ნაციონალური მოძრაობა“ თითქმის თანაბრად მივდივართ. გვაქვს რამდენიმე საჩივარი: მაგალითად სოფელ ბოლნისის უბანზე მოხდა ასეთი რამ, ჩვენი მაჟორიტარი კანდიდატი, რომლის სრული დამსახურებაა რომ პარტიამ მიიღო ხმების მაღალი მაჩვენებელი და პირველ ადგილზე გავედით აღმოჩნდა, რომ თურმე თავის თავზე ვერ იმუშავა ამ კაცმა და 50 ხმით ნაკლები აიღო, ვიდრე პარტიამ, ანუ რაღაც მაქინაციას აქვს ადგილი, ამიტომ საჩივარს საოლქოში შევიტანთ და ბიულეტენების ხელახალ დათვლას მოვითხოვთ, უნდათ მოგებული არჩევნები დაათმობინონ ადამიანს.
ნუკრი ანდრიაძე, ბოლნისის „ქართული ოცნების“ შტაბის უფროსი:
– არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა, იყო პატარ-პატარა პრობლემები. რომელიც ადგილზე აღმოიფხვრა. კმაყოფილი ვარ შედეგით, ვვარაუდობთ გამგებლობის კანდიდატისა და პარტიის 70-75% აღებას. რაც შეეხება მაჟორიტარს ოთხი უბანი წავაგეთ საინიციატივო ჯგუფებთან, თუმცა საბოლოო შედეგები ჯერ არ გვაქვს და ამჟამად არსებული მონაცემების მიხედვით, მაჟორიტარის მაღალი პროცენტით გამარჯვებაც გამოიკვეთება.
ჭიაბერ თაბაგარი, კოალიცია „ქართული ოცნების“ ზონის უფროსი:
– 18 უბანი მეკუთვნოდა, რამდენიმე უბანზე იყო მცირე ექსცესები, რომელიც მალევე აღმოიფხვრა. თვრამეტივე უბანზე მოიგო „ქართული ოცნების“როგორც გამგებლობის კანდიდატმა, ისე პარტიამ და დეპუტატმა. თითო უბანზე 200 ხმიდან 120-160 ხმა ჩვენი იყო, თამამად შემიძლია მივულოცო პარტიას გამარჯვება.

Share.

Comments are closed.